„ამას ვუყურებ როგორც სამსახურს და არა როგორც პრივილეგიას“

„ამას ვუყურებ როგორც სამსახურს და არა როგორც პრივილეგიას“

პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ წიწუაშვილი ცესკომ შესაძლოა რეგისტრაციიდან მოხსნას. ამის მიზეზი ორმაგი მოქალაქეობაა. წიწუაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკომფერენციაზე იმ პრობლემეზე ისაუბრა, რომელიც მას ორმაგი მოქალაქეობის გამო შეექმნა.

წიწუაშვილი აშშ-ში 20 წელი ცხოვრობდა და საქართველოსთან ერთად მას ამერიკის მოქალაქეობაც აქვს. ეს ფაქტი კი ცესკოსთვის ცნობილი გუშინ, აშშ-ის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე გახდა. ზურაბ წუწუაშვილის საინიციატივი ჯგუფმა ცესკოში რეგისტრაცია 1 სექტემბერს გაირა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ის პრეზიდენტობის კანდიდატი.

ზურაბ წიწუაშვილი 1991 წელს გაემგზავრა აშშ-ში, 1993 წელს გახდა საინვესტიციო ჯგუფის პარტნიორი,  2006 წელს გახდა მეწარმე და აშშ-ში ჩამოაყალიბა 11 კომპანია. იგი საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა.

For.ge-ს პრეს-კლუბში ზურაბ წიწუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

2010 წელს დაბრუნდით საქართველოში, ამ წლების განმავლობაში რითი იყავით დაკავებული?

- საქართველოში არაფრით არ ვარ დაკავებული. ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით აქ საინვესტიციო კლიმატი არა არის შექმნილი.  ეკონომიკური კეთილდღეობის პროცესი დაწყებულია, მაგრამ იქამდე არაა მისული, რომ ისეთი ინვესტორმა, როგორიც მე ვარ, რაღაცა პატარა კაპიტალი მაინც დააბანდოს. იმიტომ მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან მე ვიცი, რა წვლილს შევიტან საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებაში და საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაში.

როგორია თქვენი საპრეზიდენტო პროგრამა?

- ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს,  შეხედულებებს, რომელიც მე შემომაქვს, გამოვაქვეყნებ 17 სექტემბერს.  ჯერ-ჯერობით პროგრამა მუშავდება, ეს არაა ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა, ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის პროგრამა. პრეზიდენტს ირჩევს ხალხი და არა რაღაცა სტრუქტურები. პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის პრეზიდენტი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ობამა გახდა ხალხის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ შემოსულია ინვესტიცები, მაგრამ მე, როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ 1% ინვესტიციაც არაა შემოსული.

ეს არის ყიდვა-გაყიდვის მომენტები, როდესაც იყიდება რაღაცა და ვიღაცა ყიდულობს. ინვესტიცია არის სულ სხვა, ინვესტიციას სულ სხვა დანიშნულება აქვს,  ინვესტიცია არის როდესაც ინვესტორი შემოდის, რაღაცა კაპიტალს აბანდებს. თვითონ ქართველების მართვაში არის ეს ობიექტები, ხოლო სახსრები, რომელიც ამ ბიზნესის მართვისას დროს გამოიყოფა, დარჩება საქართველოში და მოხმარდება საქართველოს.

ცესკოში შეიტანეთ განაცხადი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა?

- 1 სექტემბერს შევიტანეთ ცესკოში განაცხადი და 3 სექტემბერს მივიღეთ განკარგულება, რომლის მიხედვით რეგისტრაციაში გატარებული ვართ როგორც საინიციატივო ჯგუფი და  ვართ დარეგისტრირებული. მაგრამ მოხდა ასეთ რამ - მიწვეული ვიყავი ამერიკის საელჩოში, როგორც ამერიკის მოქალაქე,  ელჩმა უთხრა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ აგერ არის წარმომადგენელი რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ანუ არის ამერიკის მოქალაქე და გაატარეს რეგისტრაციაშიო. მოვიდა ქალბატონი სალომე შემეკითხა დეტალები, რაზეც გავეცი პასუხი. ამ შეხვედრას ესწრებოდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კირთაძე და გაიგო ეს ამბავი და დღეს ცესკოში ჩვენს საინიციატივი ჯგუფის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ თუ დამტკიცდება, რომ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, შეიძლება გადაწყვეტილებაზე გითხრათ უარიო. ეს არის აბსურდი!

თუ დაგვარეგისტრირეს, ახლა როგორ გაგვიუქმებენ რეგისტრაციას? ცესკომ ან თავისი საქმე ვერ გააკეთა სწორად და შეცდომით მოგვცეს ეს განაცხადი ან ამიხსენით, რას ნიშნავს მათი განცხადება! ე.ი. არ არიან პროფესიონალები. ამ ლოგიკით შეიძლება ხმებიც ვერ დათვალონ. ცეესკოს არც ერთი პუნქტი არ ითხოვს იმის დადასტურებას, გაქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობა. მე ვხვდები ამომრჩეველს, ხალხი მომყვება და ამ დროს მეუბნებიან, რომ შესაძლოა უარი მითხრან რეგისტრაციაზე იმიტომ, რომ სადღაც რომელიღაც სტრუქტურაში მუშაობს ხალხი, რომლებმაც არ იციან რას აკეთებენ.

ოფიციალური პასუხი მიიღეთ უკვე?

- ოფიციალური პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია. პრეზიდენტის არჩევნებს უყურებს მთელი მსოფლიო და ამგვარ არაპროფესიონალიზმს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული სკანდალი. გუშინ შევხვდი ამერიკის ელჩს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს, ყველას უკვირს, რატომ არის ასეთი აბსურდული ქვეყანა საქართველო. არადა, ვეუბნებით უცხოელებს, რომ მოდით  ფული ჩააბანდეთ აქ, სადაც სახელმწიფო ასეთ დანაშულს სჩადის, როდესაც ცესკო გასცემს დოკუმენტს და მერე ამბობს, რომ შეიძლება გავაუქმოთო. რა ინფორმაციაც მოითხოვა ცესკომ ის ინფორმაცია მივეცით.  ჩვენს წარმომადგენელს ცესკოში უთხრეს, რომ თქვენ დაგვიმალეთ, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდაო, ეს არის ცილისწამება.

50-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი, თქვენ რა უპირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებისგან შედარებით?

- ყველაფერი შედარებითია. ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ჯერ-ჯერობით ვისაც ვუსმინე, არც ერთი კანდიდატი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ამომრჩეველს გააგებინოს კონსტიტუციურად რა არის პრეზიდენტის უფლება მოსილებები. ვიღაცა გეტყვის, რომ მე მოვალ პრეზიდენტად და ხელფასი მოგემატება, ეს არის ცრუ დაპირება და ცრუ ოცნება. ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ რა გააფუჭა. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და მაქვს საშუალება, რომ მივიღო ობიექტური გადაწყვერტილებები. მე მაინტერესებს ქართველობა და საქართველო.

რატომ გადაწყვიტეთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

- ამერიკაში მყავს 3 შვილი, 1 შვილი მყავს თბილისში და ახლა მეორეს ველოდები. არ მინდა ჩემს შვილებს, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაში და შვილებმა, რომლებმაც უნდა იცხოვრონ საქართველოში, ჰქონდეთ განსხვავებული ცხოვრების დონე. მითხარით, რა გავაკეთო და, გავაკეთებ. არ მაინტერესებს, ვისი გაფუჭებულია საქმე. ისტორიკოსებმა გადაწყვიტონ, ვისი რა ბრალია. ვინ რა დააშავა ეს გაარკვიოს პროკურატურამ, არც პრეზიდენტისა და არც მთავრობის გადასაწყვეტი არაა ბიზნესის საქმეები. სახელმწიფო და ბიზნესი უნდა გამოეყოს ერთმანეთს.

იმ შემთხვევაში თუ უარი გითხრათ ცესკომ, რას აპირებთ ასეთ შემთხვევაში?

- მე ვარ საქართველოში დაბადებული, ორმაგი მოქალაქეობა არის ტექნიკური მხარე, რომელიც მივიღე, როდესაც დავქორწინდი. რეალისტი ვარ და, შესაბამისად, როდესაც მოვა ეს დოკუმენტი, ამის შემდეგ ვიფიქრებ, რა გავაკეთოთ.

ვინ აფინანსებს თქვენს საარჩევნო კამპანიას?

- ქართველები. მე რომ ჩემი ჯიბიდან დავაფინანსო ეს არჩევნები, მაშინ ვიქნები ჩემი ოჯახის პრეზიდენტი, თუ დავაფინანსებ რომელიმე ორგანიზაციის თანხებით, გამოდის, რომ მათი პრეზიდენტი ვიქნები. ამიტომ მინდა, რომ დავფინანსდე ყველა თქვენთაგანისგან, ყველასგან მინდა 10 თეთრი, თქვენ უნდა დააფინასოთ ეს არჩევნები, მე უნდა ვიყო თქვენი პრეზიდენტი და არა რომელიღაცა ორგანიზაციის პრეზიდენტი.  მე უნდა ვიყო თქვენს სამსახურში. ამას ვუყურებ როგორც სამსახურს და არა როგორც პრივილეგიას.