ზურაბ ხარატიშვილი ამომრჩევლისგან დიდ სიურპრიზს მოელის

ზურაბ ხარატიშვილი ამომრჩევლისგან დიდ სიურპრიზს მოელის

პრეზიდენტობის კანდიდატი, ცენტრალური საარჩევნი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი 27 ოქტომბრის არჩევნებზე საზოგადოებისგან დიდ სიურპრიზს ელოდება. მისი ვარაუდით, ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებობს შეთქმულების თეორია, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის აუცილებლობისკენ მივყევართ. ზურაბ ხარატიშვილმა ფორ.გე–სთან საუბრისას განაცხადა, რომ საბოლოო შედეგების ბედს ამომრჩეველთა სწორედ ის კატეგორია გადაწყვეტს, რომელსაც ჯერ კიდევ არა აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა.

როგორ აფასებთ თქვენს საპრეზიდენტო შანსებსეროვნულ-დემოკრატიული პარტიისადაევროპელი დემოკრატებისრეიტინგებს გავითვალისწინებთ?

- აქ პირველ რიგში პრეზიდენტობის კანდიდატების პიროვნული რეიტინგია და არა პოლიტიკური პარტიების. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ აკეთებს ნომინაციას. რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა რეიტინგი გვიჩვენებს, რომ საკმაოდ დიდია ისეთი ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებსაც არა აქვთ გადაწყვეტილი ან არ აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. არაფერს ვამბობ იმ ტენდენციაზე, რომ რეიტინგებში ხდება ხშირად არასწორი ინფორმაციების გაცემა.

მაგალითისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების რეიტინგებს გავიხსენებ, როცა “ნაცმოძრაობას” ჰქონდა 35%-იანი რეიტინგი, “ოცნებას” 10%-იან-ი, დანარჩენებს სადღაც 4-5%-იანი. 50% იყო, რომელიც ან არ ამბობდა, ან არ იცოდა. შედეგად ის ვიზუალი, რომ ვთქვათ, “ნაცმოძრაობას” 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რეალობაში გადაიქცა იმად, რომ მათ, იმ 50-დან დაემატათ 5, დანარჩენი 45 კი - “ოცნებას”. ახლა დაახლოებით ამომრჩევლის 30% ისევ გაურკვეველ მდგომარეობაშია და ვფიქრობ მათი რაოდენობა კიდევ იზრდება. მათი უმეტესობა ბოლოს წავა ერთი კანდიდატის მიმართულებით და თუ ვინ იქნება იგი – ეს არის ქართველი საზოგადოების დიდი სიურპრიზი ამ არჩევნებზე.

წინასაარჩევნო პერიოდში იკვეთება, რომ მთავარი პოლიტიკური ძალები ამომრჩევლისთვის მიცემულ მნიშვნელოვან დაპირებებად სამართლიანობის აღდგენას, კოაბიტაციის დასრულებას და სოციალურ საკითხებს მიიჩნევენ. თქვენთვის რომელი საკითხია უფრო მნიშვნელოვანი?

- პირველ რიგში მე, როგორც ამომრჩეველი ვიტყოდი, რომ ამომივიდა ყელში მთელი ის დაპირისპირება, ზიზიღი, სიძულვილი, რომელსაც პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ამჟღავნებენ. ასეთ გარემოში ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს რა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ეს არის სწორედ კრიზისი და არა სტაგნაცია, ან შენელება. ამას შეიძლება მოჰყვეს მძიმე პოლიტიკური კატაკლიზმები. პრაქტიკულად, ხელისუფლება ამჟღავნებს სრულ უუნარობას მართვაში და განსაკუთრებით - ეკონომიკაში. საგარეო პოლიტიკაში ჯერჯერობით გადასულია რეაგირების რეჟიმნზე, იმასაც საკმაოდ უნიათოდ აკეთებს. თუ არ მივაღწევთ კონსოლიდაციას საერთო ღირებულებეის გარშემო, ნელ-ნელა ქაოსისკენ წავალთ. მიმაჩნია, რომ ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს ერის და პოლიტიკური ძალის მაკონსოლიდირებელი.

ცალსახად ვაცხადებ, რომ თუ მე გავხდი პრეზიდენტი, არ ვიქნები არცერთი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნომინაცია პოლიტიკური პარტიებიდან მოხდა, არც ერთი პარტიის წევრი დღემდე არ ვარ. ვიქნები ყველა პოლიტიკური ძალის გამაერთიანებელი და ვფიქრობ რომ ამ ფუნქციის შესრულებას შევძლებ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება სოციალურ და იურიდ მოლოდინებს, ზოგადად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა ეს კი შეუძლებელია, თუ იქნება შუღლი და გათიშულობა. ვერცერთი ოჯახი, ვერცერთი საზოგადოება ვერ წავა წინ შიდა დაძაბულობის ფონზე. ამიტომ, დიდი არჩევანი არა გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებეის საფუძველზე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს იქნება ტრადიციულ-ეროვნული ღირებულებები, რომლებიც უნდა შევუხამოთ თანამედროვე ფასეულობებს. არც ჩვენ ვართ დასავლური ღირებულებებისგან შორს და არც დასავლური ღირებლებებია ჩვენი ტრადიციებისგან შორს.

თითქმის ყველა აღიარებსნაციონალური მოძრაობისშეცდომებს, ყველას ახსოვს თუნდაც ციხის კადრები. რას ფიქრობთ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორ უნდა გასამართლდნენ დამნაშავე პირები ისე, რომ ამ საკითხს პოლიტიკური დევნის შეფასება არ მიეცეს?

- პრეზიდენტის ახალი ფუნქციები ამას არ გულისხმობს. თუ კონკრეტული დანაშაული არსებობს, ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, აუცილებლად გამოსაძიებელი და დასაჯელია, მაგრამ დაუშვებელია, რომ საქმეები იკერებოდეს პოლიტიკური მოტივით, ანუ დაკავება ხდებოდეს და მერე იკერებოდეს საქმე. ახალაიას საქმე ამის ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამ ადამიანის დემონიზაცია მოხდა, ის აღმოჩნდა ყველაზე დიდი მონსტრი, მაგრამ მისმა მოულოდნელმა სვლამ - საქართველოში ჩამოსვლამ აიძულა ხელისუფლება, დაეკავებინა. ეს იყო აშკარად პოლიტიკური მოტივები - ვერ დაუშვებდნენ მის თავისუფლად სიარულს და ამის მედიაში გაშუქებას.

იგივეა ივანე მერებიშვილის დაკავების საკითხიც. ესეც აშკარად პოლიტიკური კონტექსტია. ასე რომ, ეს პროცესები არა მგონია რამენაირად ხელს უწყობდეს სამართლიანობის აღდგენის ყბადაღებულ დაპირებას, რადგან არაერთხელ მითქვამს და ვამბობ, რომ ასე დავსვათ საკითხი: როდის იყოს სამართლიანობა, საერთოდ? თუ საერთოდ თავიდან გვინდა სამართლიანობის აღდგენა, მოვყვეთ მაშინ დამოუკიდებლობის დღიდან. პირველი ძალიან დიდი სამართლებლივი დარღვევა იყო 1991 წლის იანვრის მოვლენები, რომლის სამართლებლივი შეფასებები დღემდე არ არის. იგივე, 2003 წელს ხელისუფლების გადაცემა ძალადობრივი გზით მოხდა და მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერში იყო ლეგიტიმურად ხელისუფლების გადაცემა. ასე რომ, თუ სამართლიანობის აღდგენას ვიწყებთ, დავიწყოთ სულ თავიდან. შუიდან სამართლიანობის აღდგენა როგორ წარმოგიდგენიათ?

რაც შეხება ციხის კადრებს, ვიცი, რომ არიან დაკავებული მთელი რიგი პიროვნებები, მაგრამ აქ არ არის საჭირო აჩქარება, როცა ფაქტები მოიძიება და დაიდება იმის მიხედვით უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და არა პირიქით.

ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებსაც შეცდომად მიიჩნევთ?

- მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ როცა დღევანდელი ხელისუფლება იყო ოპოზიციაში, არ ჰქონდა გათვლა, რომ მართლა შეიძლებოდა მოსულიყო ხელისუფლებაში და ამიტომ ძალიან ბევრი პოპულისტური, არარეალური, შეუსრულებელი დაპირებები გასცა და შემდეგ აღმოჩნდა მის ტყვეობაში. ჩვენი პოლიტიკური ცენტრისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ გავცეთ შეუსრულებადი დაპირებები და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებიც ძირითადად აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ არსებული ხელისუფლება არასაკმარისად სჯის და მე რომ მოვალ კიდევ უფრო დავსჯი, ვერაფერსაც ვერ დასჯის, იმიტომ რომ დასჯის ენთუზიაზმი ამ ხელისუფლებას ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰქონდა იმაზე მეტი ვიდრე ახლა სხვა ვინმეს შეიძლება ჰქონდეს. პრაქტიკული ცხოვრება და ხელისუფლებაში ყოფნისას პასუხისმგებლობა ცოტა სხვა რამეა ვიდრე ოპოზიციაში ყოფნისას მიცემული დაპირებები.

საპრეზიდენტო კანდიდატები დაპირებების მიცემისას ამომრჩეველს მოთხოვნილებებს ითვალისწინებენ..

- გასაგებია ამომრჩევლის მოთხოვნა, მაგრამ სამართალი ბევრად მეტია ვიდრე ლინჩის წესი. სასწრაფოდ დასჯა ხდება მხოლოდ ტოტალიტარული ქვეყნის პირობებში. თუ დავამყარებთ ტოტალიტარულ რეჟიმს, დამერწმუნეთ, ყველას უსწრაფესად დავსჯით - დასასჯელსაც, და მასაც, ვინც დასასჯელი არ არის. თუ სამართლებლივ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, მაშინ ყველაფრს სერიოზული დასაბუთება სჭირდება. რიგით ამომრჩეველს ძალიან ადვილად წარმოუდგენია, რომ საზიზღარი ადამიანი და უნდა დაისაჯოს, მაგრამ იმ საზიზღარ ადამიანს უნდა დაუმტკიცონ, რომ დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, თუ წლების წინ არის ჩადენილი დანაშაული, მისი მტკიცებულებების მოპოვება ძალიან ძნელია, თუ მთლად შეუძლებელი არა. ხოლო თუ მტკიცებულება არ არსებობს, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და იგი დაცული უნდა იყოს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

თქვენი შეფასებით გველოდება თუ არა არჩევნების მეორე ტური?

- ჩემი გადასახედიდან დღეს დიდია ალბათობა, რომ მეორე ტური ჩატარდეს. მე მეჩვენება, რომ “ქართული ოცნების” ლიდერშიფი მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ მუშაობს თავის საარჩევნო კანდიდატზე და ასეთ შემთხვევაში, თუ ეს ეჭვი პრაქტიკულად დადასტურდა, რისკენაც მიდის საქმე, იქნება მეორე ტურის აუცილებლობა. არსებობს შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, ეს სცენარი ასეც უნდა განვითარდეს. მეორე ტურში კი მმართველი გუნდის კანდიდატს ექნება ყველაზე დიდი შანსი, რადგან ჩემი შეფასებით, საქართველოში ამომრჩევლის 25% ინერციით აძლევს ხმას მმართველი გუნდის კანდიდატს და ეს ყოველთვის საკმაოდ დიდ ფორაა – საპრეზიდენტო იქნება თუ, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასე რომ, ჩემი თვალსაზრისით, სამთავრობო კანდიდატი ერთმნიშვნელოვნად იქნება ფავორიტი. თუმცა, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რას იზამს ის 30%. დარწმუნებული ვარ, აქედან 90% წავა ერთი მიმართულებით, ხოლო ვინ იქნება ის - ესაა ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა.

დადგება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

- ამ არჩევნების შემდეგ, შეიქმნება ძალიან საინტერესო პოლიტიკური სიტუაცია, ანუ პრემიერი ივანიშვილი მიდის, ასევე მიდის პრეზიდენტი სააკაშვილი. შესაბამისად, ძალიან საინტერესოდ დგება საკითხი - თუ რა პოლიტიკური რეიტინგი ექნება “ქართულ ოცნებას” პრემიერ ივანიშვილის გარეშე და “ნაციონალურ მოძრაობას” პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე. აშკარად, ის თანაფარდობა, რაც არის დღეს პარლამენტში, არ იქნება იმ სიტუაციის ამსახველი, რაც იქნება პოლიტიკურ სპექტრში. არ არის გარკვეულ საფუძველს მოკლებული აზზრი, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს. თუმცა, აქაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. პოლიტიკურმა სპექტრმა შეიძლება ჩათვალოს ხელახალი გადატვირთვის აუცილებლობა, მაგრამ ვფიქრობ პარლამენტში მოქმედი ძალები ამის წინააღმდეგი იქნებიან, მათ შორის - მაჟორიტარებიც.

მეორეს მხრივ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ამას მაქსიმალური და დაჟინებით მოითხოვს. ასე რომ, ვის რა ძალა ექნება ამ არჩევნების შემდეგ და ვის რა პოზიცია ექნება, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. არის იურიდიული მომენტიც, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუ ორივე საპარლამენტო ძალა შეთანხმდება, მაშინ შეიძლება მოხდეს რაიმე მექანიზმის ჩართვა, თუ არა და, პროტესტის და მოთხოვნის მიუხედვად, მოგვიწევს კიდევ 3 წლით დაცდა.