ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე ორ კვირაზე მეტია, გრძელდება. ისინი ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
პრობლემის სათავე ისაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნა მცირდება, ეცემა ფასიც, შესაბამისად, ქართული ფეროს ექსპორტიც იკლებს. მხოლოდ ბოლო 5 თვის განმავლობაში ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის 70%-ით შემცირდა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის გამო „ჯორჯიან მანგანუმი“ წლიურად 12 მლნ ლარს ზარალობს.
საქმე ისაა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 2023 წლის პირველი თებერვლიდან „დროებით სამუშაო რეჟიმზეა“ გადასული. რეჟიმი, წესით, მაისში უნდა დასრულებულიყო და გულისხმობდა მაღაროების, ვახტების მუშაობის შეჩერებას და იქ მომუშავეებისთვის ხელფასის მხოლოდ 60%-ის შენარჩუნებას.
გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც კომპანიაში ამბობენ, ფეროშენადნობთა ბაზარზე არსებული კრიზისი და პროდუქციაზე ფასის ვარდნაა. იმის გამო, რომ 1-ლი თებერვლიდან კომპანია დასაქმებულებს ხელფასის მხოლოდ 60%-ს უხდიდა, მაღაროელებს შეექმნათ საბანკო ვალდებულებების დაფარვის პრობლემა. ამან, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, პროტესტის ტალღა წარმოშვა.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამჟამად, ფეროშენადნობთა ბაზარზე მართლაცაა გლობალური კრიზისი, რაც „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობაზეც აისახება. როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა და გავლენა ამ კონკრეტულ დარგზეც იქონია.
„სფეროში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მოთხოვნისა და ფასების კლება. პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი, დეკემბერში ამერიკის ბაზარზე ფეროსილიკომანგანუმის ფასი დაეცა 42%-ით. წინა წლის გაზაფხულთან, მარტთან შედარებით თუ 2 400 დოლარი ღირდა ფეროსილიკომანგანუმი, ახლა, ალბათ, მაქსიმუმ, 1 100 დოლარს შეადგენს ფასი. ევროპაშიც, მთელი ზამთრის პერიოდში, ენერგომატარებლებზე ფასები მაღალი იყო და ბევრ მეტალურგიულ ქარხანას შეჩერებული ჰქონდა მუშაობა ან გამოშვება მინიმუმამდე ჰქონდა დაყვანილი.
იგივე სიტუაციაა თურქეთშიც, ამას დაემატა მიწისძვრა და მეტალურგიული ქარხნები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებიც, რამდენიმე თვით გაჩერდნენ. ფაქტობრივად, პროდუქციაზე მოთხოვნა არ არსებობს, არანაირი დიდი პროექტი არ კეთდება და ამან გამოიწვია ის, რომ მეტალზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში შემცირდა. მეტალის წარმოება როცა შემცირდა, მას ჯაჭვური რეაქციით ფეროსილიკომანგანუმიც მიჰყვა“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კევლიშვილმა.
საქმეში ჩარევა უკვე უწევთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, არის საბაზისო საკითხები, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება და ამ მხრივ კომპანიამ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
„მნიშვნელოვანია კომპანიამ და თანამშრომლებმა ერთმანეთთან სერიოზულად ისაუბრონ, მათ შორის, განწყობილნი იყვნენ შეთანხმებისთვის. ჩვენ ვნახეთ შეთავაზება კომპანიის მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც კომპანიას აქვს, მოხდეს შეთანხმება. აქ ორი მნიშვნელოვანი მხარეა, ერთი არის დამსაქმებლები, მაგრამ ასევე არის თავად კომპანია, ვინაიდან, თუ კომპანიას არ შეუძლია აწიოს, გაუმკლავდეს ვალდებულებებს, საბოლოო ჯამში ზარალდება ისევ დასაქმებული. ამიტომ უნდა მოძებნონ საერთო გადაწყვეტილება, რომელიც როგორც დასაქმებულებისთვის იქნება სასარგებლო, ასევე კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში იქნება. არის ბევრი დეტალი, რასაც უნდა განხილვა და მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელი დიალოგი ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაც საბაზისოა და აქ რთულია საუბარი კომპრომისებზე, როცა, მაგალითად, საუბარია შრომის უსაფრთხოებაზე. ეს არის პასუხისმგებლობის და ვალდებულების საკითხი და კომპანიამ უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი და მედიატორი, რომელთაც 19 ივნისის შეხვედრის შემდეგ გაფიცულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება, პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იანი ზრდა და კომპანიაში აუდიტის ჩატარება შესთავაზეს, მაგრამ მაღაროელები ამ პირობებს არ თანხმდებიან.
კომპანიაში ამბობენ, რომ საწარმომისედაც ზარალზეა, ხელფასების ზრდა მათ ფინანსურ შესაძლებლობას აღემატება. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის ინფორმაციით, მათ მოიწვიეს სპეციალისტები, რომელთაც დადეს დასკვნები, რაშიც გამოიკვეთა ხარვეზები, მათ შორის მართვის დონეზეც, შრომის პროცესის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირი იყო მოცდენები და ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ შრომის ორგანიზება შესაცვლელი იყო.
„აღმოჩნდა, რომ 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი შეცვლილიყო და 8-საათიანზე დაგვეყვანა. დასაქმებულებთან ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაა, რომ 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი 8-საათიანით შევცვალოთ, რათა მათი შრომა უფრო ნაყოფიერი იყოს და კომპანიისათვის უფრო ოპტიმალური შედეგი იყოს მიღწეული.
ძალიან არასწორად გავრცელდა დასაქმებულთა ერთი ნაწილისგან ინფორმაცია, რომ თითქოს 400-500-ლარიან ხელფასის ოდენობაზეა საუბარი და მისი 20%, რომელიც 100 ლარია, რა გაუჭირდა კომპანიას რომ ხელფასების ვერ გაზარდოსო. დასახელებულ ციფრს 6-7-ჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელი, რაც ჩვენს დასაქმებულებს ჭიათურაში გააჩნიათ. შესაძლებელია ეს ხალხი ნამდვილად მეტს იმსახურებდეს, რასაც მიწის ქვეშ მუშაობა ჰქვია, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც საწარმო, მინუს 12-მილიონიან ზარალზეა, 20%-იანი მატება ნიშნავს 10 მილიონი დოლარით წლიური ზარალის ზრდას. ეს კი შეუძლებელია“, - აღნიშნა ლაშა თუთბერიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი 69%-ით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს თუ ექსპორტი 285.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, წელს 86.5 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ცხადია, შემცირებულია საექსპორტო მოცულობაც და წლევანდელ იანვარ-მაისში 70,737 ტონას შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 132,232 ტონას შეადგენდა. გამოდის, რომ წინა წლის 5 თვეში 1 ტონა ფეროშენადნობების საშუალო ფასი 2,163 აშშ დოლარი იყო, წელს კი 1,223 აშშ დოლარია. ეს 43.5%-იანი კლებაა.
სფეროში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 2023 წლის მარტში, როდესაც ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო, სადაც ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ამით კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებდნენ. ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით დადგინდა და საბაჟო ღირებულების 21.4-24.2 პროცენტით განისაზღვრა.
რუსეთს ეგონა ომს სამ დღეში დაამთავრებდა, ამერიკას კი გონია, ერთი შეტევაც და რუსები გაიქცევიან. ამათ ძიძგილაობაში ხალხი იმშევა.
ნათქვამია, სპილოების ჩხუბში გამარჯვებული ბალახს არ აინტერესებს, ის ყოველთვის ისრისებაო. ასეა ეს სამწუხაროდ.
ევროპაში მიმავალ ლიბერალებს პიდარასტების აღლუმების გარდა, რატომ არ აინტერესებს ევროპული შრომის კანონი, მინიმალური ხელფასები, ჯანდაცვა?
ფარსია მაგათი შიგ ევროპელობა! ქვეყნის განადგურებაა მათი მიზანი და მიტომ.