ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი თანდათან ნელდება. შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა. დიდი დაძაბულობა არც საბანკო სექტორში შეიმჩნევა და, როგორც ჩანს, მალე პროცესები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში შეიქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
„ხელი მოვაწერე ორგანულ კანონს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა, ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გამოიყენა ვეტო. კანონთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი.
ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა 3 ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა რაიმე წესს, მათგან რომელი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ან რა პროცედურით უნდა მომხდარიყო რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.
ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება.
ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით.
შესაბამისად, პარლამენტი, როგორც ხალხის წინაშე სახელმწიფო ორგანოების სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“, - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სებ-ში ხარვეზი, ასე თუ ისე, აღმოფხვრილია. „ქართული ოცნების“ ლიდერი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ერთადერთი მიზანი იყო, სებ-ში არ შექმნილიყო ინსტიტუციური კრიზისი.
„უნდა ითქვას, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე. ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენ მიერ მიღებულ კანონს შორის იყო ის, რომ ვეტო ითვალისწინებდა სამი ვიცე-პრეზიდენტის არსებობას ეროვნულ ბანკში და ჩვენი კანონი ითვალისწინებდა პირველ ვიცე-პრეზიდენტს პლუს ორ ვიცე-პრეზიდენტს. მეტი განსხვავება ამ ორ კანონს შორის არ ყოფილა.
ამის გარშემო ამხელა აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ხელოვნურად გააღრმავოს ინსტიტუციური კრიზისი, შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, ხელი შეგვეშალა ამ მიზნის რეალიზებისთვის, არ შექმნილიყო ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში და სწორედ ამის გამო დავძლიეთ ვეტო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის ნაუცბათევად წარმოდგენილ სებ-ის საბჭოს კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. ეს რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემაც დაუფარავად თქვა და ახლა იგივე გაიმეორა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ. უმრავლესობა მოუწოდებს პრეზიდენტს კანდიდატების წარდგენამდე გამართოს კონსულტაციები. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე არიან წარდგენილნი.
„პრეზიდენტმა ძალიან ცუდი რამ გააკეთა. მე მივმართე მას კომიტეტიდან და სასესიო სხდომიდან და ვთხოვე, რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. მას აქვს კანდიდატის წარმოდგენის უფლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს დამტკიცების უფლება, ამიტომ ეს კონსულტაციის სახით უნდა წარიმართოს. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა და კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა და კონფრონტაცია საერთოდაც და კონკრეტულად ამ საკითხზე.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი თუ დაასახელა კანდიდატად, მას ბუნებრივია ჩვენ არ ავირჩევთ. ჩვენ გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ, რომ ასეთი რამე არ გაეკეთებინა“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი არ მოსწონთ საბანკო სექტორში, თუმცა განსაკუთრებით საგანგაშო პროცესებს ვერ ხედავენ. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ახლა ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ახალი პრეზიდენტის არჩევა და მისი ხედვა საფინანსო სექტორზე გავლენას იქონიებს.
„კანონში შესულ ცვლილებებზე მეტად, საფინანსო სექტორს ზიანი შეიძლება იმ აჟიოტაჟისგან უფრო მიადგეს, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა. კარგი იქნება თუ ახალი პრეზიდენტი მალე იქნება არჩეული. მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის და ზოგადად საფინანსო სექტორისთვის. საჭიროა გაგრძელდეს ის ციფრული განვითარება, რაზედაც ორიენტირი აქვს ეროვნული ბანკს. ამ ყველაფერს კი მშვიდი გაგრძელება და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც მიმდინარე საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს, როგორც ეს მარტიდან შეუფერხებლად გრძელდება.
ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა. მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ახალი პრეზიდენტის ხედვა, სტრატეგია და გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლოა უფრო სასიკეთო ან ნაკლებად სასიამოვნო იყოს საფინანსო სექტორისთვის“, - თქვა ძნელაძემ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა სავალუტო ფონდის შენიშვნებზეც ისაუბრა, რომელიც ფონდმა სებ-ის საკანონმდებლო ცვლილების მიმართ გააკეთა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეფერხების რისკი მცირედი, მაგრამ არსებობს და ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საინვესტიციო რეიტინგის მიღება, რაც ნიშნავს საქართველოში მეტი იაფი რესურსის შემოსვლას.