საქართველოში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა პირველივე შეხვედრაში ხმაურიანი სენსაცია გამოაცხო - წინა ტურნირის ფინალისტი და ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია 2:0 დაამარცხა!
შეხვედრა პორტუგალიელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, მაგრამ სტუმრები სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ, რადგან საქართველო თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე გადასვლასაც ცდილობდა.
თითქმის მთელმა პირველმა ტაიმმა ისე ჩაიარა, რომ რეალური საგოლე მომენტი არცერთ გუნდს არ ჰქონია, მაგრამ დასკვნით ნაწილში რამაზ სვანაძის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა!
37-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილის პასის შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი გაგუამ, რომელმაც მცველს მხარი უბიძგა, ოღონდ ისე, რომ თამაშის წესი არ დაურღვევია, შედეგად, პოზიცია და ბურთისთვის ბრძოლა ერთდროულად მოიგო, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა! ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო 21-წლამდელთა ნაკრებში.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთზე წიტაიშვილმა მეორე საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად მან კუთხური ჩააწოდა და საბა საზონოვმა თავური დარტყმით ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირა. საბას საჯარიმოში არავინ მეურვეობდა, რითაც ისარგებლა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა შეინარჩუნა, პორტუგალია უფრო გააქტიურდა, მაგრამ განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ქმნიდა, საქართველოს ნაკრებს კი კონტრშეტევის შანსი რამდენჯერმე მიეცა. 77-ე წუთზე სწორედ ასეთი კონტრიერიშის მერე გიორგი გოჩოლეიშვილი საჯარიმოს ხაზთან ტომას არაუჟომ წააქცია და უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. სხვათა შორის, ის „ჟილ ვისენტეში“ გიორგი აბურჯანიას თანაგუნდელია.
აღსანიშნავია, რომ დღეს მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშეს ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომლებიც შოტლანდიიდან დღის დილით დაბრუნდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და 3 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 24 ივნისს, 20:00 საათზე ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელმაც დღეს ნიდერლანდების ნაკრებთან „მიხეილ მესხზე“ ნულოვანი ფრე ითამაშა. შესაბამისად, პირველი ტურის მერე საქართველო ჯგუფში 3 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.