თვალთვალი და სახელმწიფო

თვალთვალი და სახელმწიფო

ედუარდ სნოუდენის წყალობით, დღეს მთელი მსოფლიო იმ დრამატულ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს შორის შეთანხმებაში ხდება.

„ჯაშუშები ჯაშუშობენ? ვინ იფიქრებდა!“ ეს არის ერთადერთი რეაქცია იმ უამრავი ადამიანის მხრიდან, რომელსაც წესით არ უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ მაინც გაოცებულია ედუარდ სნოუდენის აღსარებით იმის თაობაზე, რაც დასავლეთის უმსხვილეს სპეცსამსახურებში ხდება. ყველას წაგვიკითხავს ლე კარე, ამბობენ ისინი აღშფოთებულები. ყველა ყველას უთვალთვალებს. მაგრამ თუკი საქმე ბელეტრისტიკას არ ეხება, ეს ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა იყოს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოება. სახელმწიფოსთვის კი საიდუმლოს შენახვის საუკეთესო გზა – მთელი რიგი სისხლის და სამოქალაქო სამართლის კანონებით შეიარაღება და მისი სადამსჯელო ზომებით გამყარებაა, რათა ნებისმიერი გაჟონვა საფუძველშივე აღიკვეთოს.

ადრე ეს მუშაობდა. თუმცა ჯაშუშური საქმიანობის ბუნება შეიცვალა – ამის შესახებ გვაუწყა სნოუდენმა. ის, რაც ადრე გამონაკლისი იყო, დღეს პრაქტიკულად უნივერსალურია. აშკარაა, რომ თვალთვალის ობიექტებად მთელი ერები იქცნენ. დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა შეიძლება ამტკიცონ, რომ ისინი მხოლოდ ქინძისთავს ეძებენ თივის ზვინში, მაგრამ ჯერ მთლიანი თივის ზვინი უნდა ჩაიგდონ ხელში. ამიტომ უთვალთვალებენ მილიონობით (ყველა თვალსაზრისით) უდანაშაულო მოქალაქეს. ხელთ იგდებენ მათ სატელეფონო საუბრებს, საძიებო გვერდებს, გზავნილებს და ელექტრონულ წერილებს, აგროვებენ, ინახავენ და აანალიზებენ.

უფიქრიათ კი მთავრობებს ოდესმე ისეთ ცნებაზე, როგორიცაა თანხმობა? ნუთუ ინჟინრებს, დაზვერვის სამსახურის შეფებს, მინისტრებს, კონგრესმენებს და პრეზიდენტებს თავში არ მოსვლიათ აზრად, რომ ამ ტიპის სერიოზულ ძვრებს სახელმწიფოს და მოქალაქეებს შორის შეთანხმებაში, განხილვა სჭირდება?

საიდუმლოება და ღიაობა

სნოუდენის წყალობით ამ საკითხების განხილვა დაიწყო, და მთელი მსოფლიო მოიცვა. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის მიესალმება მსგავსი ტიპის დისკუსიებს. იმედისმომცემი განცხადებაა, იმის მიუხედავადაც კი, თუკი დიდი ალბათობით ეს ტყუილია, რადგან ასეთი დისკუსიები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ მთავრობას – ასევე დაზვერვის თანამშრომლებს და მსხვილი ტელესაკომუნიკაციო კომპანიების ხელმძღვანელებს. ყველაფერი გაცილებით იოლი იყო, როდესაც მსგავსი საკითხების ირგვლივ ნებისმიერ დისკუსიას კანონი აღკვეთდა. პირველ მსოფლიო ომამდე და მას შემდეგ მიღებული კანონები (კანონი ჯაშუშური საქმიანობის წინააღმდეგ აშშ-ში, კანონი სახელმწიფო საიდუმლოების არგათქმის შესახებ დიდ ბრიტანეთში) სწორედ აქეთკენ იყო მიმართული.

საიდუმლოება და ღიაობა რაღაც მომენტში ერთმანეთს დაეჯახება. მთავრობები და ჯაშუშები მუდმივად ილაპარაკებენ უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე – ეს გარდაუვალია. ადამიანებს, რომლებისთვისაც ფასეულია სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, პროტესტის გამოხატვის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე სახელმწიფოსგან დაცვის უფლება, ყოველთვის ექნებათ საფრთხის განცდა.

ცხადია, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ციფრულ ცხოვრებას ეწევა (Google-ის, Verizon-ის, BT-ის, Facebook-ის ან Skype-ის ნებისმიერ მომხმარებელს) უფლება აქვს იცოდეს, თუ რამდენად ხელშეუხებელია მისი პირადი ცხოვრება. სწორედ ეს იქცა დღევანდელი დისკუსიის თემად.

ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ დისკუსიაში და როგორ შეიძლება მათი არგუმენტები დასაბუთებული გახდეს? ამ მომენტისთვის, ამ საკითხებზე დავა აქტიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოებში და აშშ-ის და ევროპის პრესაში. მაგრამ, გაერთიანებულ სამეფოში იმ პარლამენტართა და ლორდთა რიცხვი, რომლებიც დისკუსიაში ჩაერთვნენ, ძალიან უმნიშვნელოა. სპეცსამსახურების საქმიანობის კონტროლი ფაქტობრივად მხოლოდ სასამართლოების დახურულ კარს მიღმა წარმოებს. გამჭვირვალეს ვერ დაარქმევ ვერც საპარლამენტო კონტროლს. გაერთიანებულ სამეფოში, სერ მალკოლმ რიფკინდის გამონათქვამები, რომელიც საიდუმლო სამსახურებს უნდა აკონტროლებდეს, ხშირად გულშემატკივართა კაპიტნის გამოსვლებს ჰგავს. იმავეს თქმა შეიძლება აშშ-ში სენატორ დაიან ფეინშტეინზე, რომელიც სენატში დაზვერვის სამსახურების საქმიანობის საკითხებს ხელმძღვანელობს.

კეთილსინდისიერი ინფორმირება

რა როლს თამაშობს ამ დისკუსიებში პრესა? მაისის ბოლოს, სნოუდენმა Guardian-ს დოკუმენტების შეკვრა გადასცა. ეს დოკუმენტები მან მაშინ შეაგროვა, როდესაც სპეცსამსახურებში მუშაობდა და ამ უწყების 850 ათასი თანამშრომლიდან ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო მონაცემებზე. თავისუფალი სამყაროს პირობებში, არცერთი საღადმოაზროვნე რედაქტორი არ გაანადგურებდა ამ მასალებს წაკითხვამდე და არ დაუბრუნებდა მას საიდუმლო სამსახურებს ან მთავრობას, ვიდრე არ გააანალიზებდა. Guardian-მა გააკეთა ის, რასაც, ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი საინფორმაციო ორგანიზაცია გააკეთებდა: მან მშვიდად გააანალიზა და კეთილსინდისიერად აცნობა საზოგადოებას მის ხელთ არსებული ზოგიერთი მონაცემის შესახებ, რათა საჯარო დისკუსიები გამოეწვია.

მასალების გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხანში ჩვენ კაბინეტის მდივანი დაგვიკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პრემიერმინისტრის დავალებით მოქმედებდა. მან აღიარა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით მოვიქეცით, გამოთქვა ეჭვი ჩვენ ხელთ არსებული მასალების დაცულობასთან დაკავშირებით და მოგვთხოვა ამ მასალების დაბრუნება ან განადგურება. ჩვენ ავუხსენით მას, რომ თუკი მის თხოვნას შევასრულებდით, საზოგადოების ინფორმირებას ვეღარ შევძლებდით. იმ ეტაპზე კანონის მხრიდან არაფერი გვემუქრებოდა, თუმცა მაინც მივიღეთ უსაფრთხოების გარკვეული ზომები და ზოგიერთი მასალა გადავეცით ჩვენს კოლეგებს საინფორმაციო სააგენტოებიდან ამერიკაში, სადაც სერიოზული ჟურნალისტიკის დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმები არსებობს.

რამდენიმე კვირაში, ამ და სხვა მსგავსი საუბრების ტონი შეიცვალა. ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ არაორაზროვნად დაგვემუქრნენ, რომ მთავრობა შეეცდება Guardian-ის საქმიანობის შეჩერებას და მასალების გამოქვეყნების აღკვეთას ყველა კანონიერი გზით. თუკი ჩვენ წინააღმდეგობას გადავწყვეტდით, დოკუმენტებზე კონტროლი სასამართლოსთვის უნდა გადაგვეცა, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავდა იმას, რომ მასალებს ვეღარ გამოვაქვეყნებდით. ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება პრესის ისეთ დაცვას უზრუნველყოფს, რომელზეც ბრიტანელ რედაქტორებს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ. 40 წლის განმავლობაში (ეგრეთ წოდებული პენტაგონის დოკუმენტების გამოქვეყნების მომენტიდან 1971 წელს) მიჩნეული იყო, რომ სახელმწიფოს ვერცერთი მცდელობა, რომელიც პრესის შეზღუდვისკენ იქნებოდა მიმართული, წარმატებით ვერ დასრულდებოდა. ამიტომ, ჩვენ ამ ისტორიის მოყოლას თქვენთვის უკვე ნიუ-ორკიდან განვაგრძობთ. მასალების ნაწილი New York Times-ს გადავეცით, რომელთანაც შემდგომში თანამშრომლობას ვგეგმავთ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკის მთავრობა შეეცდება, ხოლო ამერიკის სასამართლო გასცემს აკრძალვას სნოუდენის მასალების გამოქვეყნებაზე New York Times-ში. ახლახან, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას პირობა მისაცა, რომ არ დააყენებს ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხს იმისთვის, რომ „ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ“. ამიტომ დისკუსიები ისეთი თემების ირგვლივ, როგორიცაა მოსახლეობაზე მონაცემების მასობრივი შეგროვება, კავშირი მთავრობას, საიდუმლო სამსახურებსა და მსხვილ კორპორაციებს შორის, ასევე თვალთვალის ზღვარი, გაგრძელდება.

ამავდროულად, პოლიციამ გაერთიანებულ სამეფოში (როგორც ჩანს, მთავრობის ბრძანებით) გამოიყენა ტერორიზმთან ბრძოლის კანონი Guardian-ის გუნდის თანამშრომლის დაკავებისათვის 9 საათით და მისი მასალების კონფისკაციისათვის. ყოფილმა ლორდ-კანცლერმა, ლორდ ფალკონერმა დაადასტურა, რომ 2000 წლის ტერორიზმთან ბრძოლის კანონი არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, როგორიცაა დევიდ მირანდა, Guardian-ის რეპორტიორის გლენ გრინვალდის მეუღლე. „სახელმწიფოს შეიძლება უნდოდეს, რომ ჟურნალისტები არ აქვეყნებდნენ საიდუმლო მასალებს“, წერდა გასულ კვირაში საკუთარ სვეტში ჩარლზ ფალკონერი, მაგრამ ის, თუ სად უნდა გაივლოს ზღვარი, ჟურნალისტების გადასაწყვეტია და არა მთავრობის“.

სამოქალაქო თავისუფლებები და უსაფრთხოება

ეს საყურადღებო სიტყვებია ბრიტანეთის მთავრობის იმ ჩინოვნიკისათვის, რომელმაც გვითხრა, რომ გაზეთმა Guardian-მა უკვე ყველაფერი განიხილა და რომ ამ საკითხზე წერას აზრი აღარ აქვს. თუმცა, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები არ უნდა განსაზღვრავდნენ საზოგადოებრივი დისკუსიების საზღვრებს. ისინი არ უნდა ზღუდავდნენ ასევე დისკუსიას კანონის მოშველიებით, ანუ არ უნდა ცდილობდნენ თავად ჟურნალისტიკის აქტის კრიმინალიზებას, ჟურნალისტიკის, რომლის გარეშეც ვერცერთი დისკუსია ვერ დაიწყება.

თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ დაიცვან საკუთარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სახელმწიფოსაგან. სახელმწიფომ კი არა მხოლოდ უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, არამედ დაიცვას სიტყვის თავისუფლება. ჟურნალისტების საქმე საზოგადოების ინფორმირება, დისკუსიების ინიცირება და იმ თანხმობის მუდმივი მონიტორინგის ხელშეწყობაა, რომელიც სამოქალაქო თავისუფლებებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს შორის ნებისმიერ კომპრომისთან დაკავშირებით არსებობს. დემოკრატიული მთავრობა, თავის მხრივ, უნდა ცდილობდეს ამ დისკუსიების არა აკრძალვას, არამედ დაცვას და მხარდაჭერას.

foreignpress.ge