წიკლაურს ბაქრაძისთვის მხოლოდ პირველი ადგილი ემეტება

წიკლაურს ბაქრაძისთვის მხოლოდ პირველი ადგილი ემეტება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის ჩართულობას აანონსებს და საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებულია. დეპუტატი „ქართული ოცნების“ ერთწლიანი მმართველობის შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა  უკან-უკან მიდის, ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს და პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნუგზარ წიკლაური აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „რუსული პროექტი“ იყო, ამჟამად,  შეიცვალა თუ არა კანონმდებელმა მოსაზრება? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ნაციონალ დეპუტატთან ჩავწერეთ:

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დავით ბაქრაძე აქცენტს „შეცდომების გამოსწორებაზე“  აკეთებს და საარჩევნო პროგრამაზე ნაკლებს საუბრობს. თქვენი კამპანია „ბოდიშების“ მოხდაზეა დაფუძნებული თუ, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი გაქვთ?

- ამომრჩეველი პოლიტიკოსს წარსული საქმიანობით აფასებს და დავით ბაქრაძე  კონკრეტულ აქცენტებს იმაზე აკეთებს, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში და რა წინსვლა ჰქონდა სახელმწიფოს. ამას გარდა, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ყურადღებას მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი მთავრობის ეფექტურ კონტროლს უნდა უზრუნველყოფდეს და პოლიტიკურ ძალებს შორის ეროვნული თანხმობის მიღწევას ხელს უნდა უწყობდეს. ამ ხედვით კი, ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილისგან მკვეთრად გამოირჩევა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალებს შორის თანაარსებობა დასრულდება, რაც ძალიან საშიში გზავნილია, რადგან ეს მესიჯი, ეროვნული ერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.

იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების ნაწილი თქვენდამი აგრესიას გამოხატავს და ცხრა წლიანი მმართველობის გამო გაღიზიანებას არ მალავს, როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რა სარგებელის მომტანი იქნება ბეგ-რაუნდზე აპელირება?

- საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ცხრა წლიანი მმართველობა ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი იყო, ის თავის არჩევანს გააკეთებს, მაგრამ ქვეყნის განვითარების მონაცემები არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ 2003 წლის შემდეგ,  საქართველომ  პროგრესი განიცადა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთის მხრივ, წარმატებული მმართველობა ჰქონდა და მეორეს მხრივ, პრობლემები, რომელსაც ვაანალიზებთ. ბაქრაძისთვის ამ ორი პოზიციის შეერთება ძალიან კარგი საფუძველი იქნება, რომ  გამარჯვება მოიპოვოს.

მოლოდინი გაქვთ, რომ დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს და ხალხის ნდობას უახლოეს მომავალში დაიბრუნებთ?

- „ნაციონალური მოძრაობა“ და დავით ბაქრაძე განწყობილნი ვართ იმისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვება მოვიპოვოთ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილს დავიკავებს. შანსები განსაკუთრებით იმ ფონზე იზრდება, როდესაც,  ყველა ხედავს, რომ ერთწლიანი მმართველობის პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“  არცერთი დაპირება არ შეასრულა.  მათ მიერ გაცემული დაპირებები შეუსრულებელი რჩება და   ზოგ შემთხვევაში, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციის პროცესშია და უკან-უკან მივდივართ, ასევე კრიმინალის დონე მაღალია და დაუსჯელობის სინდრომი ბატონდება. ამასთან, არცერთი მიმართულებით არაფერი კეთდება, არც სოციალური კუთხით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. 

შექმნილ ვითარებაში, ჩვენი ოპონენტი ძალა, ჩვენს დამარცხებას ხელების ამოგრეხვით ცდილობს. ხალხი დაინახავს, რომ ერთ მხარეს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც წარმატების პარალელურად, პრობლემები ჰქონდა, ხოლო მეორე მხარეს, არის „ქართული ოცნება“, რომელიც დაპირებებს არ ასრულებს. ფაქტია, რომ კოალიციის მიერ დაპირებები გაიცა არჩევნების მოგებისთვის და არა მისი შესრულებისთვის.

დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ ღებულობს პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში, საარჩევნო პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და რიგ შემთხვევებში, აგიტაციასაც კი ეწეოდა. რატომ გადაინაცვლა სააკაშვილმა კულისებში?

- არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისგან დისტანცირებულია. საარჩევნო პროცესები აქტიურ ფაზაში ჯერჯერობით არ შესულა და გარწმუნებთ, რომ კამპანიაში პრეზიდენტის ჩართულობა მაღალი იქნება.  დავით ბაქრაძის კამპანიაში ლიდერები იმ დოზით ვართ ჩართულნი, რა დოზითაც ეს მას წარმატებას მოუტანს.

რაც შეეხება თქვენი კონკურენის, გიორგი მარგველაშვილის შანსებს, პრემიერი არჩევნებში მის დამარცხებას კატეგორიულად გამორიცხავს. თქვენ, რა მოლოდინი გაქვთ?

- ცოტა  ხნის წინ, მარგველაშვილი ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრი იყო და რუსულ ინტერესებს აქტიურად ლობირებდა. ის არის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს მხარს იმის გამო უჭერდა, რომ ის იქნებოდა რუსეთთან კონტაქტების აღდგენის კარგი საშუალება. მან პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, 27 ოქტომბრის შემდეგ, თანაარსებობა დასრულდება. მსოფლიოში ყველა პრეზიდენტის სურვილია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ეროვნულ თანხვედრას ხელი შეუწყოს, მარგველაშილი კი „გათიშულობაზე“ საუბრობს, რაც პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამაზიანებელია. განათლების სფეროში, მისი საქმიანობა ვნახეთ და ყველას კარგად ახსოვს მისი მცდელობა, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურულიყო. თუ მან გამარჯვება მოიპოვა, პრეზიდენტის რანგში, მისი მოქმედებები ისეთივე არაკვალიფიციური იქნება, როგორც ეს მინისტრის პოსტზე იყო.

თქვენ პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის „რუსულ პროექტზე“ ისევ აპელირებთ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გიგა ბოკერიამ შემომითვალა, რომ თურმე ჩემთან რუსეთის თემაზე პრეტენზიები აღარ აქვს. თურმე, რუსეთის აგენტობის ბრალდება  მომეხსნა“.  ამ საკითხზე, გუნდში აზრთა სხვადსხვაობა გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სომხეთის გზა მისაღებია. ამის შემდეგ, მან განმარტებები გააკეთა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, სომხეთის უშიშრების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ რკინიგზის გახსნის მიზნით, საქართველო-სომხეთ-აფხაზეთს შორის საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამას გარდა, პრემიერმა ევრაზიული კავშირის პერსპექტივებზეც ისაუბრა და ამ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება არ გამორიცხა. მისი ეს განაცხადი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის გზასა და ბევრ ვალდებულებას ხაზს უსვამს, რომელიც ევროკავშირთან გვაკავშირებს.

მსოფლიო პრესაში ივანიშვილის განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია და ითქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტირი გადაწყვეტილი არ აქვს, რაც ქვეყნის წინსვლისთვის დამაზიანებელია, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის წინ, სადაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს.  თუ ხელისუფლებამ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა გააგრძელა, ეს ძალიან საზიანო იქნება.

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თაობაზე განმარტება პრემიერმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო აღებულ საგარეო კურსს არ გადაუხვევს. ამასთან, უმრავლესობა უმცირესობას ურჩევს ჭიქაში ქარიშხალს ნუ მოაწყობთ, რადგან საქართველო ნატოსა და ევროკავშირის ერთგული რჩება. ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, მმართველი ძალა 19 პუნქტიან დოკუმენტსაც იშველიებს და  გაცხადებულ პრიორიტეტებზე აპელირებს. . .

- ეს მათი განცხადებებია. ჩვენ არ გვითქვამს, რომ იმ გაერთიანებაში შევალთ, რომელსაც პოლიტიკური ჰეგემონიის დამყარებისთვის პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ქმნის.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს. შესაბამისად, მის განცხადებაზე, ასე ძალიან რატომ ღელავთ?

- ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს კვლავ ინარჩუნებს, განცხადებებს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით აკეთებს და მან მინიმუმ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ უნდა გააჟღეროს, რადგან მის ყოველ სიტყვას ის ადამიანებიც უსმენენ, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერენ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს დეზორიენტირებული პოლიტიკაა, ცუდ შემთხვევაში კი, ეს არის წინასწარ გადაწყვეტილი საკითხი, რომ ევროპული გზის ტორპედირება მოხდეს და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე აღმოჩნდეს.

ბოლო პერიოდში საუბარია, მეორე ტურზე, რომლის ერთ-ერთ მონაწილედაც ნინო ბურჯანაძეს განიხილავენ. პარლამენტის ექს სპიკერი საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის“ სათანადოდ დასჯას ჰპირდება. ბურჯანაძეს, არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვს?

- ქვეყანაში რადიკალურად განწყობილი იმდენი ადამიანი არ არის, რომლებიც  ბურჯანაძეს არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას მისცემენ.