თინა ხიდაშელი ნიკა გვარამიას „ჭორაობაში არ აყვება“

თინა ხიდაშელი ნიკა გვარამიას „ჭორაობაში არ აყვება“

მომავალ კვირას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია დაკითხონ.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დაკითხვაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან, დღეს, კომისიის ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა დაიბარა, რომელმაც გამოსვლისას, ყურადღება ტელეკომპანიის დაფინანსების სქემაზე გაამახვილა.

კანონმდებელის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაპირდაპირი ფორმით, „რუსთავი 2“-ის დაფინანსება იკვეთება.

მისი თქმით, ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია „საქართველო“ ახორციელებდა, მოტივირებული იყო არაპირდაპირი სიკეთის მიღებით „რუსთავი 2“-სთვის.

„2005-2006 წლებში, „რუსთავი2“-სა და „მზეს“ პრაქტიკულად მუდმივმოქმედ რეჟიმში  მფლობელები ეცვლებოდა, მაგრამ ეს მფლობელები მუდმივად, ერთი და იგივენი იყვნენ. კერძოდ, 2005 წლიდან, ბაზარზე „საქცემენტი“ შემოდის, რომელთანაც დაკავშირებული ჩვენი ერთ-ერთი კოლეგაა. აქედან ისტორია იწყება, რომელიც 2011 წლამდე გრძელდება. დავით ბეჟუაშვილთან სხვადასხვა სახელით დაკავშირებული ფირმები და კომპანიები სხვადასხვა ტელეკომპანიების მფლობელები იყვნენ. ეს საკითხი კი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ჭრილში საინტერესოა იმდენად, რამდენადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ცალსახად ამბობს, რომ აკრძალულია საერთო ეროვნული სიხშირის მქონე ერთზე მეტი ლიცენზიის ფლობა რომელიმე პირის მიერ - იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მაგრამ რატომღაც, ეს შეზღუდვა ბატონ ბეჟუაშვილზე და მის დაქვემდებარებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა და ამაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მუდმივად თვალს ხუჭავდა“, - აცხადებს დეპუტატი.

ხიდაშელის განმარტებით, 2005-2009 წლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეები იცვლებიან, თუმცა, ეს პირები, ერთი და იგივენი არიან.

„იცვლებიან ბატონი ბეჟუაშვილისგან და ხდებიან ძმები ყარამანაშვილები. სამივე ტელევიზიაში, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ეს ადამიანები ისევ გვხვდებიან. სრული პასუხისმგებლოთ ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აბსოლუტურად უკანონოდ, 26 მილიონი აქვს მიღებული. პრეზიდენტის აქტი, რომლითაც ასეთი ნებართვა გაიცა, ტელევიზიის დაფინანსებისთვის, პირდაპირ  სპონსორობაზე საუბრობს. „მაუწყებლის შესახებ“ კანონი  სატელევიზიო ეთერში გადაცემების სპონსორობას კრძალავს, თუმცა  ბიუჯეტის ხარჯზე „საქართველო“ ამას აკეთებდა -  ეთერში მთლიანი გადაცემები გადიოდა და არა - რეკლამები, რომელიც ბიუჯეტის თანხებით იყო დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საჯაროდ იყო ცნობილი, ამ საკითხით მარეგულირებული კომისია არასოდეს დაინტერესებულა. „საქართველოს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით ეს ერთადერთი თემა არ არის, რომელსაც ვიკვლევდით. კერძოდ, „საქართველო“ „რუსთავი2“-ის შენობიდან მაუწყებლობდა და ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში, „საქართველომ“ შეიძინა და, ამის ძალიან ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, რადგან 29 მილიონის ხარჯვაზე ვსაუბრობთ, 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საკუთრება ხდება“, - განმარტავს ხიდაშელი.

კანონმდებელი აღნიშნულ ტელეკომპანიებში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც აპელირებს და აცხადებს, რომ „საქართველომ“ ერთნაბიჯიანი სქემა განახორციელა -  მან „რუსთავი 2“-ში 51 პროცენტი წილი იყიდა და ფულის ნაცვლად, ტელევიზიაში ქონებით შევიდა, რომელიც მანამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჰქონდა შეძენილი.

„გაცილებით საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - 2012 წლის ზაფხულში, „რუსთავი2“-სა და „საქართველო“-ს შორის მოლაპარაკებები დასრულდა და „რუსთავი 2“-სგან „საქართველო“-მ ორი ათასი კვ.მ მიწა და ოთხი ათასი კვადრატული ფართის შენობა-ნაგებობები იყიდა. ანუ, ამაში „საქართველო“-მ დაახლოებით ექვს მლნ ლარამდე გადაიხადა, თუმცა, არჩევნების შემდეგ, როცა 51 პროცენტიანი წილის შესყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა, ეს მიწა „რუსთავი 2“-ს უკან დაუბრუნა, ანუ, „საქართველო“-მ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით „რუსთავი 2“-სგან რაღაც ქონება იყიდა, რის გამოც „რუსთავი 2“-მა გარკვეული ფულადი სიკეთე მიიღო, შემდეგ კი, მას მიწა და შენობა-ნაგებობები  ისევ უკან დაუბრუნდა. ფაქტია, რომ ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც „საქართველო“ ანხორციელებდა, მოტივირებულია არაპირდაპირი სიკეთის მიღებით „რუსთავი 2“-სთვის, ანუ, სახეზეა „რუსთავი 2“-ის არაპირდაპირი ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომ არაფერი ვთქვათ, პირდაპირ დაფინანსებაზე“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომელიც ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, მომავალ კვირას დაკითხვაზე იბარებს.

ხიდაშელის მტკიცებით, გვარამია კომისიასთან არ თანამშრომლობს.

„იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, როცა გვარამიას დაკითხვაზე დავიბარებთ, ის მოვა და პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომლებსაც დავუსვამთ. „რუსთავი 2“-სგან არცერთი ფურცელი და დოკუმენტი არ მიგვიღია, მათგან ბელეტრისტიკულ წერილებს ვიღებ იმის შესახებ -  საგამოძოებო კომისიას, თურმე, რა უფლებები არ აქვს. გვარამია კარგი იურისტია და ზუსტად ვიცი, რომ კანონები კარგად იცის, თუმცა მესმის, მას რატომ უჭერს კითხვებაზე პასუხების გამოგზავნა“, - განაცხადა ხიდაშელმა, რომელსაც ნიკა გვარამია „სიცრუისა და კვალიფიკაციის პრობლემების ტირაჟირებაში“ ადანაშაულებს.

„რუსთავი 2“-ის დირექტორი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტელეკომპანიას   სახელმწიფოსგან არანაირი საბიუჯეტო დაფინანსება არ მიუღია და ხიდაშელი ტელევიზიას მიზანმიმართულად ებრძვის.

მისი თქმით, ის, მომავალ კვირას, პარლამენტში დაკითხვაზე მივა, თუ მას საგამოძიებო კომისია დაიბარებს და არა - თინა ხიდაშელი.

„რა უფლება მაქვს, რომ კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, სხდომაზე არ მივიდე?! თუ პარლამენტში კომისია დამიბარებს, რა თქმა უნდა, მივალ, მაგრამ არა ხიდაშელის სიტყვაზე, რომელსაც ჰგონია, რომ კომისიის გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, თავად იღებს. ეს ასე არ არის. კომისია კოლეგიური ორგანოა, კომისიის თავმჯდომარე მხოლოდ სხდომას წარმართავს და მას მეტი დამატებითი ფუნქცია არ გააჩნია. ამის შესახებ თუ ქალბატონმა თინამ არ იცის, სჯობს, პარლამენტის რეგლამენტი წაიკითხოს! ხიდაშელს ვეტყვი, რომ თუ კომისიის მოთხოვნებს ვინმე არ ასრულებს, ეს სისხლის სამართლის საქმეა და მას პროკურატურისთვის უნდა მიემართა და ტრიბუნიდან არ უნდა ეჭორავა! შეგახსენებთ, რომ უსაფუძვლოდ ბრალდებული სხვა საქმეში ვარ, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსს არ ვარღვევ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გეტყვით, რომ სხდომაზე მივალ, მაგრამ ეს დაკითხვას არ ნიშნავს, ამას ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ეწოდება. თუმცა, კი ბატონო, ამას დაკითხვა ერქვას, რადგან  ყველამ ვიცით, რომ ხიდაშელს პროკურორობა სურს და ამიტომ, მან დაკითხვების წარმოება გადაწყვიტა. მართალი გითხრათ, თავად  დაკითხვები არ მიკვირს, რადგან ამ ხელისუფლებამ უკვე არარეთხელ დამკითხა“, - განუცხადა for.ge-ს გვარამიამ.

ტელეკომპანიის დირექტორი ინფორმაციას არ ფლობს - თუ რას გულისხმობს თინა ხიდაშელი -„რუსთავი 2“-ის სახელმწიფო დაფინანსებაში.

„სახელმწიფო დაფინანსებაში ხიდაშელი თუ  სარეკლამო კლიპებს  გულისხმობს, რომლის ეთერში გაშვების სანაცვლოდაც, სახელმწიფო ანაზღაურებას იხდიდა, ეს ამ ხელისუფლების პირობებში, დღესაც ხდება, რადგან ეს კანონით აკრძალული არ არის და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ხიდაშელს ერთადერთი ის აწუხებს, რომ „რუსთავი 2“-ს გაუსწორდეს, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. მას პირობას ვაძლევ, რომ „რუსთავი 2“ გაცილებით მეტ ხანს იარსებებს, ვიდრე თინა ხიდაშელი პოლიტიკაში“, - დასძინა გვარამიამ, რომლის განცხადებებზეც თავად ხიდაშელი წუხს და ამბობს, რომ „გვარამიას ჭორაობაში“ არ აჰყვება.

როგორც for.ge-ს ხიდაშელმა განუცხადა, გვარამია პარლამენტში დაკითხვაზეა დაბარებული და მას „ჭორაობა“ არ უშველის.

„როგორც ჩანს, გვარამიას ახალი სტილი აქვს და ჭორაობს. ამის გამო, ძალიან ვწუხვარ! მას ჭორაობა არ უშველის, რადგან მას ძალიან რთულ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. კანონმდებლობით შეგვიძლია, რომ ის სხდომაზე იძულებით მოვიყვანოთ, მაგრამ ეს ფორმა არ იქნება გამოყენებული და მას შანს ვაძლევ, საზოგადოებას აუხსნას -  ამ ტელევიზიაში თუ რა ხდებოდა, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, 51 პროცენტიანი წილის შესყიდვა და იმის „გაპრავება“ მოხდა,   რაც მანამდე ისედაც ხდებოდა. არჩევნების შემდეგ მიხვდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო თვალს აღარ დახუჭავდა და ამიტომ, სასწრაფო წესით,  ამის ლეგალიზება  მოხდა“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.

რაც შეეხება იმას, წლების განმავლობაში, სახელმწიფო უწყებების მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლები თუ რატომ ხვდებოდა მხოლოდ „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ეთერში და არა მაგალითად, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ეთერში, ამის გარკვევას შეეცდება თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია, ამის შესახებ ხიდაშელი აცხადებს, რომ კომისიის გასარჩევი არ არის - უწყებებს თუ ვინ ავალებდა აღნიშნულ ტელევიზიებში რეკლამების განთავსებას.

„ეს იყო ბუნებრივი პროცესი თუ ხელოვნური, ეს ჩვენი გასარჩევი არ არის. ტელევიზიებში რეკლამების განთავსება დავალებული ჰქონდათ თუ არა ვინმეს და როგორ გაიცემოდა ვიდეოების განთავსების ბრძანება, ამის თაობაზე  ჩანაწერს არავინ მოიტანს. შესაბამისად, არ მინდა, გვარამიას მსგავსად, ჭორაობა გამომივიდეს. პარლამენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას სწავლობს და არა „რუსთავი 2“-ის.  როგორც ჩანს, გვარამიას  მიზეზები აქვს, რომ ჩიქოვანსა და ამ კომისიას ფარად აეფაროს, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებებით იყო დაკავებული“, - განაცხადა ხიდაშელმა.