„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს“

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს“

პრემიერ-მინისტრის ესტონურმა ვიზიტმა უკვე ცხადყო, „ნაციონალური მოძრაობის“ პროგნოზები, რომ საქართველოს ევროპის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა, არ გამართლდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთში ვიზიტისას ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ პირველი კომენტარები უკვე გააკეთა - „ჩვენ ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს წარმატებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმაურება, რადოსლავ შიკორსკის განმარტებით, ეს საკითხი ვილნიუსში უკვე შეთანხმებულია.

„მე მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ გუშინ ვილნიუსში ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თუ პირობების შესრულდება და საქართველო მოახდენს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, კომისია მოამზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ.

როგორც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, ნოემბერში ხელშეკრულებისთვის პარაფირებისთვის ვემზადებით და კარგად მუშაობის შემთხვევაში, კომისიის დაშლამდე იქნებ ხელიც კი მოეწეროს ხელშეკრულებას.

„ეს არის დასკვნაც და საბუთიც წარმატებების, მათ რიცხვში ამ ვიზიტისაც. მათ დაინახეს ჩვენი გუნდის ხელწერა, როგორ სუფთად აგრძელებს ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის გზით სვლას"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა .

მისივე შეფასებით, შიკორსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ შესაძლოა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარება, ახალი მთავრობის დამსახურებაა.

„როგორც იცით, ჩვენ ვემზადებით, რომ ნოემბერში პარაფირება მოხდეს ხელშეკრულების, არა ხელმოწერა, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით, შემონათვალია, რომ თუ ვიმუშავებთ მაგრად, სანამ ეს კომისისა დაიშლება, ჩვენ მოვასწრებთ ხელიც მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას, ეს არის დიდი მიღწევა“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც დეპუტატი გიორგი ვოლსკი განმარტავს, ეს განცხადებები, რომ პროცედურები შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება საქართველოს აღიარებას ნიშნავს; რომ ეს არის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს; რომ საქართველო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

„ეს გაცილებით მნიშვნელოვანი განაცხადია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს“,- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე მოხდება.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტი განმარტავს, რომ პარაფირების დაჩქარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პარაფირებიდან ხელმოწერამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა, გააჩნია, რომელი ქვეყნისთვის - ზოგისთვის მეტი დროა საჭირო, ზოგისთვის - ცოტა.

„ისიც კარგია თუ პარაფირება დაჩქარებული ტემპით მოხდება, შესაძლოა ის პროექტებიც, რაც ამ საკითხს უკავშირდება გამარტივებული სავიზო რეჟიმი თუ თავისუფალი ვაჭრობა უფრო დაჩქარდეს, ეს რა თქმა უნდა, წარმატებული ნაბიჯია“,- აცხადებს კოტე ჟღენტი. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ბალტიისპირეთის ვიზიტის შედეგად არის ის ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა. 

„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღის წინ ვილნიუსში ევროკავშირის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველო, მას შემდეგ რაც მოხდება ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით ხელშეკრულების პარაფირება, მოხდება ასევე მისი ხელმოწერა.

ხელმოწერა მოხდება 2014 წლის შემოდგომამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც 2014 წელს, ევროკავშირის ამჟამინდელ კომისიას ეწურება ვადა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კომისიის უფლებამოსილების ამოწურვამდე მოხდება ასევე ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ევროკომისია 2010 წელს დაამტკიცა ევროპარლამენტმა, კომისიას 5- წლიანი მანდატი აქვს და უფლებამოსილება 2014 წლის 31 ოქტომბერს ეწურება.

ზალკალიანის განმარტებით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, ორ წელიწადზე მეტს ელოდა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილიყო.

„ეს ფაქტი, რომ პარაფირებიდან სულ რამდენიმე თვეში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, მიგვითითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა. 

ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭიროა ხორვატიის ჩათვლით, 28 წევრი სახელმწიფოს მხრიდან ცალცალკე რატიფიცირება, ცნობილია, რომ სერიოზული განწყობა და ნება არის გამოხატული ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობიდან, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირება მოახდინოს ევროკავშირთან; რაც ძალზე სერიოზული და შრომატევადი ბიუროკრატიული სამუშაოა. სწორედ ამ პროცედურის დაჩქარებაზეა საუბარი, რაც ექსპერტების ჩათვლით საქართველოსთვის სერიოზულ წარმატებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სამეზობლო პროექტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი ვილნიუსში 2013 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება.

ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და მის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება საქართველოსთვის დადებითი მოვლენაა. ეს გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩაერთოს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, ანუ ევროკავშირის გარშემო სივრცის შექმნა.

„გაცილებით მეტი კონტაქტების საშუალებებს იძლევა ჩვენსა და ევროპულ საზოგადოებებს შორის. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, ვიცი რომ სპეციალისტები ამ საკითხს მთლად აღფრთოვანებით არ უყურებენ, რადგან მაგალითად, ევროპაში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე პრეფერენციებია და ა.შ. გააჩნია, ამ შეთანხმებაში რა იქნება საქართველოს მხრიდან და რა ევროკავშირისგან. ასე რომ, შეიძლება ძალზე კარგი იყოს, მაგრამ შესაძლოა, დასაწყისისთვის რაღაც სიძნელეებიც შეიქმნას. სტრატეგიულად რა თქმა უნდა, კარგია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი და ნატო გვჭირდება როგორც ქოლგა უსაფრთხოების, ვგულისხმობ ყველანაირ უსაფრთხოებას, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკურს. უკვე კარგია რომ სწორედ აქეთ მივდივართ დაჩქარებული ტემპით“,-აცხადებს კოტე ჟღენტი.

როგორც პარლამენტარი გიორგი ვოლსკი განმარტავს, ძალზე მნიშვნელოვანის ის ფაქტი, რომ დაჩქარებული პროცედურების შემდეგ ვილნიუსში სწორედ ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერთ ხელს.

„ევროკავშირის ასოცირებული წევრობა ეს არის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში შემოთავაზებული ახალი ინსტრუმენტი, რომელიც გაცილებით მრავალკომპლექსურია და უფრო მნიშველოვანი, ვიდრე დღემდე მოქმედი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება. ასოცირებული შეთანხმება პირველ რიგში ითვალისწინებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის არეალის შექმნას და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებში უფრო აქტიურ თანამშრომლობას, საქართველოს ჩართვას იმ სისტემებში, რომელიც არეგულირებენ ევროკავშირში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას“ - განმარტავს გიორგი ვოლსკი.

ამასთან, ასოცირებული შეთანხმება არ გულისხმობს გაწევრიანების შემოთავაზებას, ეს არის მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან, როგორც სავაჭრო, ისე მომსახურების თვალსაზრისით, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს. ეს საკითხი საქართველომ ცალკე უნდა აწარმოოს.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.