საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ეროვნულ ნაკრებში კაპიტნის სამკლაურის მოპოვებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ მწვრთნელთა შეთავაზებაზე უარს ვერ იტყოდა.
„არ მეგონა, რომ კაპიტანი ვიქნებოდი. მწვრთნელი მოვიდა და მითხრა ამის შესახებ. საფრანგეთის ნაკრებში კაპიტნის სამკლაურზე უარის თქმა რთულია“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს TF1 ტვიტერზე.
მბაპე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მას შემდეგ გახდა, რაც მეკარე უგო ლორისი ეროვნული გუნდიდან წავიდა. თავდამსხმელმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში კაპიტნის სამკლაურის ტარება დაიწყო.
ოთხ საკვალიფიკაციო მატჩში მბაპემ ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგებმა ყველა მატჩი მოიგეს და B ჯგუფში 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ.