ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეენკო ჩაანაცვლებს?

ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეენკო ჩაანაცვლებს?

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჩაანაცვლოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მთავრობის ხელმძღვანელი მინისტრს „მემკვიდრეობისთვის“ ამზადებს. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრი პრემიერის დიდი ნდობითა და კეთილგანწყობით სარგებლობს.

მათი ცნობით, პრემიერის თანანმდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა, ივანიშვილი ფსონის გაკეთებას ჯანდაცვის მინისტრზე გეგმავს.

გაპრემიერების თუ რა შანსი აქვს დავით სერგეენკოს, for.ge ამის გარკვევას დეპუტატებთან შეეცადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ჯანდაცვის მინისტრს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პიროვნებად აფასებს და აცხადებს, რომ დავით სერგეენკო ძალიან კარგი პრემიერი იქნება.

მისი შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, სერგეენკომ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

„ვფიქრობ, რომ სერგეენკო ძალიან კარგი კანდიდატურა იქნება, რადგან მან თავი წარმოგვიჩინა, როგორც კარგმა მენეჯერმა, კეთილსინდისიერმა და პროფესიონალმა ადამიანმა. მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ და ვთვლი, რომ ის ღირსეული კანდიდატი იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ზურაბ აბაშიძემ, რომლის მსგავსადაც, პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მინისტრის საქმიანობას „ეფექტურს“ უწოდებს.

კობახიძის მოსაზრებით, პრემიერის შემცვლელზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, სერგეენკო როგორც მინისტრი, ძალიან კარგი ხელმძღვანელია.

„ჯანდაცვის სფეროში შექმნილ პრობლემებს, მინისტრი თავს ეფექტურად ართმევს. მას უწყებაში, პრაქტიკულად, ძალიან მძიმე ვითარება დახვდა - გაყიდული საავაადმყოფოები, მოშლილი სისტემა და სადაზღვევო კომპანიებთან დადებული გაუგებარი ტიპის ხელშეკრულებები. სერგეენკოს პრობლემების მოგვარება მოკლე დროში მოუწია და მას როგორც მინისტრს, დადებითად ვაფასებ, მაგრამ პრემიერის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ამავდროულად,  ჩემი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობისგან განასხვავებით, უმცირესობას პროგნოზის გაკეთება უჭირს - დაიკავებს თუ არა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს სერგეენკო.

ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებით, პრემიერის პოსტზე კანდიდატურა იმისდა მიხედვით შეირჩევა, თუ რა გეგმები აქვს  ბიძინა ივანიშვილს.

„რთული სათქმელია, პრემიერად დავით სერგეენკოს წარადგენენ თუ, სხვას. თუმცა, ეს   იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა გეგმები აქვს პრემიერს. ივანიშვილის მიზანია, კულისებში გადავიდეს და პროცესები იქედან მართოს. შესაბამისად, მისი სურვილი იქნება, ის ძალა აარჩიოს, რომელიც მას პოლიტიკურად არ დაუპირისპირდება და მისთვის საფრთხეს არ შექმნის. ივანიშვილი შეეცდება ხელისუფლების სათავეში არ მოიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ამბიცია და რომელიც, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.

თუ ვინ გახდება პრემიერი, ამის თაობაზე ბოლო სიტყვას ბიძინა ივანიშვილი იტყვის, თუმცა, მთავრობის ხელმძღვანელი უკვე ირწმუნება, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს. 

რაც შეეხება დავით სერგეენკოს საქმიანობას, საზოგადოების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრით განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ აღფრთოვანდა, მაშინ, როდესაც, მან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მთავრობა სახელმწიფო ინტერესს არანაირი კერძო ინტერესების სასარგებლოდ არ დათმობს.