პუტინი სტალინი არ არის

პუტინი სტალინი არ არის

იმ დროს, როდესაც მსოფლიო ლიდერები სანკტ-პეტერბურგში „დიდი ოცეულის“ ყოველწლიურ სამიტზე შესახვედრად ემზადებიან, ისინი ფრთხილად უნდა მიუდგნენ ერთ, სულ უფრო და უფრო პოპულარულ პოლიტიკურ ფენომენს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი მესამედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, ბევრი მეცნიერი, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი არწმუნებს ამერიკის მთავრობას იმაში, რომ თანამდროვე რუსეთი – იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის ერთგვარი რეინკარნაციაა. ეს ძალიან სახიფათო შეცდომაა, რომელთან ბრძოლაც აუცილებელია.

Pussy Riot-ის წევრების გასამართლების შემდეგ, Washington Post-მა სარედაქციო წერილში უმალ გაავლო პარალელი ქალთა ამ პანკჯგუფს და სტალინის რეპრესიის მსხვერპლთ შორის. მოგვიანებით, ივნისის დასაწყისში, ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რუსმა აქტივისტმა ბორის ნემცოვმა პუტინს „სტალინის და აბრამოვიჩის თანამედროვე მიქსი“ უწოდა და დასძინა, რომ სტალინი, რომელსაც ის მკვლელად მიიჩნევს, მაგრამ არა კორუფციონერად, მისთვის ამ ორი ვარიანტიდან უკეთესია, ყოველ შემთხვევაში, ზნეობრივი თვალსაზრისით. ახლახან სტივენ ბლენკმა US News & World Report-ში დაწერა: „საკუთარი ავტოკრატიული მისწრაფებებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა მთავრობამ იოსებ სტალინის ეპიკურ მიღწევებს გადააჭარბეს“. ის, რომ პუტინმა სკოლებში ბავშვების ფიზიკური აღზრდის მხრივ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა, ზოგიერთმა ჟურნალისტმა მისი სტალინთან მსგავსების მტკიცებულებად შეაფასა. პუტინის მთავრობის საქმიანობის შედეგები კორუფციასთან ბრძოლის და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით, უკეთეს შემთხვევაში, უკიდურესად ზედაპირულია, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე რუსეთი – საბჭოთა კავშირის რეინკარნაციაა. ასეთი ინტერპრეტაცია არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ სერიოზულად უშლის ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებს დაიცვას თავისი ნაციონალური ინტერესები რუსეთთან მიმართებით. თუკი თქვენ ვინმეს დემონიზებას ახდენთ, ეს დიდწილად ართულებს თქვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების რეალიზაციისთვის.

დასაწყისისათვის, ვთქვათ იმის შესახებ, რაც აშკარაა. სტალინის რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი მილიონობით იზომება და, ზოგიერთი შეფასებით, 60 მილიონ ადამიანს აღწევს. პუტინის შემთხვევაში, არა მხოლოდ არაფერი არ ადასტურებს იმას, რომ მან ვინმე მოკლა, არამედ ის ამაში არც არავის დაუდანაშაულებია. სტალინის დროს პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა ნებისმიერი ფორმით უმკაცრესად იყო აკრძალული. უკმაყოფილო ადამიანებს ან ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. პუტინის მმართველობის დროს რუსეთში არსებობს უამრავი ოპოზიციური გამოცემა და პარტია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკაზე მათი გავლენის შესაძლებლობები, ძალიან შეზღუდულია. მეტიც, სტალინი ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, რაზეც მიუთითებს პოლონეთსა და ფინეთში ინტერვენცია 1939 წელს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. რუსეთი კი 1990 წლის შემდეგ მხოლოდ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა სხვა სუვერენულ სახელმწიფოსთან. და მაშინაც კი, ევროკავშირის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის კატალიზატორი გახდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეჭრა სამხრეთ ოსეთში.

ივლისში, მოსკოვში ვახლდი ნაციონალური ინტერესების ცენტრის დელეგაციას. ამ შემთხვევით ვისარგებლე და მოსკოვის რამდენიმე წიგნის მაღაზიაში შევიარე. ყველაზე მეტად თვალში მომხვდა ის, რომ ყველა მაღაზიაში იყო ცალკეული, ანტისამთავრობო ლიტერატურისადმი მიძღვნილი განყოფილება. ცხადია, ამ მაღაზიების მფლობელებს არ ეშინიათ პუტინის ადმინისტრაციის მხრიდან დევნის იმის გამო, რომ ისინი მთავრობის კრიტიკოსებს მხარს უჭერენ. შიში არ იგრძნობოდა არც რუსეთის ოპოზიციის თვითგამოცხადებულ წევრებთან საუბრებში. ეს ადამიანები, რომლებსაც კარგად ვიცნობ და ვენდობი, ღიად გამოხატავდნენ თავიანთ იმედგაცრუებას რუსეთში დღეს არსებული ვითარების გამო. სტალინის დროს ადამიანები პოლიტიკური ანეკდოტების მოყოლასაც კი ვერ ბედავდნენ იმის შიშით, რომ ამისთვის მათ ან დახვრეტდნენ ან ციმბირის ბანაკებში გადაასახლებდნენ.

ამ წლის დასაწყისში, სახელმწიფო არხზე „როსია 1“, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში დებატები გაიმართა სახელმწიფო დუმის საგარეოპოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსეი პუშკოვს და ცნობილ ოპოზიციონერ დიმიტრი გუდკოვს შორის. თავის შესავალ სიტყვაში, გუდკოვმა დაგმო მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“, განაცხადა რა, რომ „სინამდვილეში ისინი არა პატრიოტები, არამედ ფარისევლები არიან, რომლებსაც ჰყოფნით თავხედობა გვასწავლონ, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო“. ამ გადაცემაში მან პუტინის მხარდამჭერებს „უზურპატორები“ და „გამყალბებლები“ უწოდა. დიმიტრი გუდკოვი არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია სოლოვიოვის ტოკ-შოუში. მათ შორის იყვნენ: ილია პონომარიოვი, ალექსეი ვენედიქტოვი, სერგეი უდალცოვი, დიმიტრი ბიკოვი და ნიკოლოზ ალექსეევი – სექსუალური უმცირესობების უფლებების ცნობილი დამცველი რუსეთში. აღსანიშნავია, რომ გულწრფელობა, რომელიც სოლოვიოვის ტოკ-შოუსთვის არის დამახასიათბელი, არ არის ნორმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელი აზროვნების მაგალითად. მიუხედავად ამისა, სოლოვიოვის ტოკ-შოუს მსგავსი სატელევიზიო პროგრამების არსებობა იმას ადასტურებს, რომ რუსეთში არის ადგილები, სადაც შეიძლება დისკუსიების ღიად წარმართვა და საკუთარი პროტესტის გამოხატვა. არადა, მსგავსი რამ ხომ არ ხდება აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანაში, როგორებიცაა საუდის არაბეთი და კატარი, რომ აღარაფერი ვთქვათ სტალინური რუსეთის ტოტალიტარულ კოშმარზე.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც სტალინის სსრკ-ის და რუსეთის შედარებისათვის იყენებენ, რუსული სასამართლო სისტემაა. არავინ დავობს იმაზე, რომ რუსული სამართლებრივი სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ მასსა და სტალინის სისტემას შორის უამრავი სხვაობაა. მოსკოვის საჩვენებელ პროცესებზე მსჯავრდებულებს აწამებდნენ და აშანტაჟებდნენ მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებოდნენ ხელი მოეწერათ ცრუ აღიარებაზე. პროკურორის ბრალდების გასაჩივრება არავის აზრადაც კი არ მოსდიოდა. ბევრი ბრალდებული, მათ შორის, ლევ კამენევი და ნიკოლოზ ბუხარინი, სიკვდილით დასაჯეს. დღეს ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი არა მხოლოდ უარყოფს პროკურატურის ბრალდებებს, არამედ ადვოკატებიც ჰყავთ, რომლებიც შემართებით იცავენ საკუთარი კლიენტების ინტერესებს.

ბებიაჩემი დინა კამინსკაია ბრეჟნევის ეპოქაში წამყვანი უფლებადამცველი იყო. ის სასამართლოში ბევრი გამოჩენილი დისიდენტის, მათ შორის, ვლადიმერ ბუკოვსკის და პავლე ლიტვინოვის ინტერესებს წარმოადგენდა. იმის გამო, რომ გაბედა, დაეცვა საბჭოთა სახელმწიფოს მტრების უფლებები, ის არა მხოლოდ გარიცხეს მოსკოვის საადვოკატო პალატიდან, არამედ დაჭერის მუქარით ბოლოს საბჭოთა კავშირის დატოვება აიძულეს. თანამედროვე რუსეთში ბრეჟნევის ეპოქის მსგავსი რეპრესიები ბუკვალური თვალსაზრისით არ არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ სტალინის ეპოქის რეპრესიებზე, რომელთან შედარებითაც ბრეჟნევის პოლიტიკა ძალიან ლიბერალურად მიიჩნევა.

ვლადიმერ პუტინის რუსეთი არ არის სტალინის საბჭოთა კავშირი. თუმცა, მას ვერც ჯეფერსონისეული დემოკრატიის ბასტიონს უწოდებ. უდავოა, რომ სამოქალაქო თავისუფლებების მიმართულებით რუსეთს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, თუმცა ეს სულაც არ არის საბაბი მისი კარიკატურული იერის პოპულარიზაციისათვის. თუკი შეერთებულ შტატებს ინფორმირებული და ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმოება უნდა, ის რუსეთს ობიექტურად უნდა მიუდგეს და არ დაუშვას ის, რომ მის ქმედებებზე გავლენას ახდენდეს მცდარი მოსაზრებები. იმის მტკიცება, რომ ზნეობის თვალსაზრისით პუტინი და სტალინი ერთ საფეხურზე დგანან, არა მხოლოდ მცდარია, არამედ მსგავსი განცხადებები აკნინებს იმ ადამიანთა მსხვერპლს, რომლებიც სტალინის ტირანიის დროს დაიღუპნენ.

foreignpress.ge