„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.
ფრანგმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში მცირე მესიჯი გამოაქვეყნა: „ძალიან სასიამოვნოა იტალიაში დაბრუნება და „ნაპოლის“ პროექტთან დაკავშირება. ისეთი მოტივირებული და ამბიციური ვარ, როგორც არასდროს. ვეცდები, რომ იტალიის ჩემპიონის ფერების მაღლა ტარება გავაგრძელო“.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია ბოლოს „ალ-ნასრის“ მწვრთნელი იყო, საიდანაც ორი თვის წინ დაითხოვეს. მანამდე ფრანგს „სენტ-ეტიენში“, „ლე მანში“, „ლილში“, „მარსელსა“ და „ლიონში“ უმუშავია, ხოლო 2013-2016 წლებში იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც „რომას“ ავარჯიშებდა.
მან „ლილში“ 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, 2018 წელს „მარსელი“ ევროპა ლიგის ფინალში, 2020 წელს კი „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.