Marca:

Marca: "ვალენსიას" მამარდაშვილი ტრანსფერზე ჰყავს, მაგრამ ჯერ კიდევ შეთავაზებას ელოდება

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ Marca წერს და იტყობინება, რომ „ვალენსია“ მას მიმდინარე ზაფხულს გაყიდვას უპირებს, თუ 20-25 მილიონი ევროს შემოთავაზებას მიიღებს. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალური წინადადებით ესპანური კლუბისთვის არავის მიუმართავს.

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. თუმცა, კლუბის ეკონომიკურმა რეალობამ აიძულა, რომ თვეების განმავლობაში სატრანსფერო ბაზრის ვიტრინაში ყოფილიყო. როგორც რადიო „მარკა ვალენსიას“ გადაცემა იტყობინება, ამჟამად ქართველი საგანძურის შესახებ კლუბს ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

ტრანსფერზე მისი წარმომადგენელი ლევან სეთურიძე მუშაობს, კიდევ ერთ აგენტთან ერთად, რომელიც ამჟამად ვალენსიაში ცხოვრობს. ინტერესია პრემიერლიგის კლუბებიდან, როგორებიცაა „ტოტენჰემი“, „ასტონ ვილა“, „ჩელსი“, „ბრაიტონი“, „ბარნლი“ და „მანჩესტერი“, ისევე, როგორც ბებერი კონტინენტის სხვა კლუბები, მაგალითად „ინტერი“.

მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, რომ მეკარესა და „ვალენსიას“ შორის ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ყოფილა. სატრანსფერო ბაზრის ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ და ბევრ გუნდში ცვლილებები ხდება, მენეჯმენტში ან სათადარიგო სკამზე.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის სტარტზე მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს აღემატებოდა, შავ-თეთრების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შესუსტდა და ამან გამოიწვია ფასის 20-25 მილიონამდე შემცირება. მამარდაშვილის გამოსასყიდი პუნქტი 100 მილიონიანია, თუმცა, ამას მნიშვნელობა თითქმის არ აქვს. გიორგი მხოლოდ 22 წლისაა, ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექციის მქონე მეკარე ევროპაში და მისი აგენტები დარწმუნებულნი არიან, რომ მიიღებენ შეთავაზებას, რომელიც „ვალენსიას“ დააკმაყოფილებს“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 42 მატჩი ჩაატარა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.