ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის გაძლიერებული ოცეული საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა "ფენიქსზე" ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

მისიის წარმატებით შესრულებისთვის გაძლიერებული სამშვიდობო მსუბუქი ქვეითი ოცეული პოლკოვნიკმა სილვესტერ ქენონმა ალაბამას შტატის პატივისცემის მედლებით დააჯილდოვა. ქართველი სამხედროების მოქმედება ამერიკელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს და მათში ორი ძირითადი ელემენტი - პროფესიონალიზმი და ინტეგრაციისკენ სწრაფვა გამოყვეს. ოცეულის სამხედროები, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთმა გაძლიერებულმა ოცეულმა ჩაანაცვლა.

ბათუმის ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის ოცეულმა საერთაშორისო მისიის შესრულება თავდაპირველად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში "ვორჰაუზის" ბაზაზე დაიწყო. ამერიკული სარდლობის თხოვნით, ადლიის ცალკეული ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ქ. ქაბულში მდებარე ბაზა "ვერჰაუზიდან" ამერიკულ ბაზა "ფენიქსზე" გადავიდა. ქართული კონტიგენტის "ფენიქსის" ბაზაზე გადაყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.