„თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, წევრობა საერთოდ არ განიხილება“, - სტოლტენბერგის ეს განცხადება საქართველოში უკრაინისთვის გამოტანილ არამორალურ მესიჯად აღიქვეს.
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სტოლტენბერგის ამ განცხადებას ყველაზე უპასუხისმგებლოს უწოდებს, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მისი აზრით, იმ უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა, ნატოს გენერალური მდივნის ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას პირდაპირ უთხრეს, ომს მოიგებთ, მიგიღებთ, თუ არა, ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო.
ბოლო დღეების განმავლობაში სტოლტენბერგი ზედიზედ უარყოფით მესიჯებს უგზავნის ზელენსკის. ნატოს გენმდივანი უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს, სხვანაირად ნატოში შესვლა არ განიხილება.
ცხადია, ეს არ არის დამაიმედებელი პასუხი ზელენსკისთვის, იმ ზელენსკისთვის, რომელიც არ მალავს, რომ არ დაესწრება ვილნიუსში ნატოს სამიტს გაწევრიანების შესახებ მკაფიო „სიგნალის“ გარეშე.
რას ნიშნავს სტოლტენბერგის განცხადება, ხომ არ დაიხია ნატომ რუსეთის წინაშე?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია სტოლტენბერგის ამ განცხადებას აპოკალიფსურად და ტრაგიკულად არ მიიჩნევს. მისი აზრით, ეს არის რეალისტური განცხადება, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, თუ რუსეთი ომს მოიგებს უკრაინაში, მოახდენს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და უკრაინის რეჟიმის შეცვლას, მაშინ ნატოში გაწევრიანებაზე აღარც იქნება საუბარი. ასეთი სცენარის შემთხვევაში, მარიონეტული რეჟიმი შეიძლება მოვიდეს უკრაინის ხელისუფლებაში და რომელ ნატოზეა საუბარი. ხოლო, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ის აუცილებლად გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი.
„ეს ლოგიკური მესიჯია, საქართველოში კი ეს მესიჯი უარყოფითად აღიქვეს. ამაზე პატრუშევმაც გააკეთა განცხადება, რომ რუსეთისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, უკრაინა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო. თუ ომი გაჭიანურდება, ასეთ შემთხვევაშიც, ნატო ისედაც უკრაინის მხარეზეა და ნატოელები იმაზე მეტ შეიარაღებას აწვდიან უკრაინას, ვიდრე საკუთარი ალიანსური ძალების გადაიარაღების დროს შეიძლება გაეწიათ. რუსები ამბობენ კიდეც, რომ ეს ნატოსა და რუსეთს შორის ომია და არა რუსეთსა და უკრაინას შორის. ნატო პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის მხარესაა, ნატოს წევრი ქვეყნების მოხალისეები იბრძვიან რუსი აგრესორების წინააღმდეგ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება საქართველოს, როგორი სიგნალია სტოლტენბერგის განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, ცხადია, ჩვენ ტერიტორიები დროებით დაკარგული გვაქვს, მაგრამ მსოფლიოში უსაფრთხოების პირობები იცვლება და შეიძლება საქართველო ისეთნაირად მიიღონ ნატოში, გაითვალისწინონ ჩვენი ფაქტორები.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, უფრო დამაიმედებელ განცხადებას ვერც გააკეთებდა ნატოს გენერალური მდივანი. მისი თქმით, სტოლტენბერგი ნათლად ამბობს, რომ ნატოს წევრ ყველა ქვეყანას კარგად ესმის, რომ ყველაზე სასწრაფო მოვალეობაა, უკრაინამ წარმატება მოიპოვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. სტოლტენბერგის თქმით, თუ საჭიროა, მეტი სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისთვის, კიდეც უნდა გაუწიონ, ვინაიდან თუ უკრაინა წარმატებას არ მოიპოვებს, მაშინ ლაპარაკი წევრობაზე გამორიცხული იქნება, რადგან მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი.
„აქ ყველაფერი სწორად არის ნათქვამი. აბა, წარმოვიდგინოთ, დასავლეთის ასეთი დახმარების მიუხედავად, უკრაინამ ვერ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა, ვერ გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, არამედ გახდეს რუსეთის ოკუპირებული ტერიტორია, ასეთ შემთხვევაში, ნატოს არ შეუძლია მიიღოს თავის რიგებში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, ეს გამორიცხულია. ეს უპრეცედენტო დახმარებაა ნატოს ისტორიაში, არც ერთ ქვეყანას ნატოს წევრებმა არ გაუწიეს იმდენი დახმარება, რამდენიც უკრაინას. ევროპის ტერიტორიას არ ახსოვს ასეთი მასობრივი ომი და მასობრივი კონტრშეტევა, როცა თანამედროვე რაკეტები, არტილერია, უპილოტო თვითმფრინავები, „ლეოპარდები“, ტანკები, ფრანგული „ცეზარები“, ამერიკული „ჰაიმარსებია“ ამოქმედებული. ახლა ლაპარაკია იმაზე, რუსეთმა წარმოუდგენელი რამ არ მოახერხოს და არ შეძლოს უკრაინის კიდევ უფრო დიდი ნაწილის ოკუპირება, მაშინ ნატოში ასეთ უკრაინას ვინ მიიღებს? ნატოში ყოველთვის მიიღება დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც თავისი სუვერენიტეტი აქვს და თვითონ ეს ქვეყანა და ხალხი წყვეტს, უნდა თუ არა ნატოში, ვერავინ ვერაფერს უკარნახებს“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
ანალიტიკოსი საქართველოს მოლოდინსაც გამოეხმაურა ნატოსთან მიმართებით და განმარტა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან რუსეთის ბაზებია საქართველოს ტერიტორიაზე, თანაც, ძლიერი ბაზებია თავისი რაკეტებით, აფხაზეთში რაკეტები დგას, რომლებიც რუსებმა უკრაინასთან ომის პერიოდში გააძლიერეს, მეტი რაკეტა დააყენეს აფხაზეთში, ასევე, მცირე რაკეტები დგას ცხინვალის რეგიონში, ტანკები, არტილერია. პეტრე მამრაძის თქმით, უცხოელები ხშირად ვერ იჯერებენ და გონებაზე მხოლოდ მოგვიანებით მოდიან, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 30 კილომეტრში დგას რუსული ტანკი. ეს ტანკი რომ გამოვიდეს იგოეთთან და გადაკეტოს ჩვენი მაგისტრალი, დამთავრებულია ეკონომიკური ცხოვრება საქართველოში.
პეტრე მამრაძე ამერიკის ადრინდელი ელჩის იან კელის გულწრფელ სიტყვებსაც იხსენებს, რომელმაც გაგვახსენა 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა უსათუოდ უნდა გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, რასაც მოჰყვა აგვისტოს ომის ტრაგედია.
„იან კელიმ გვითხრა, ჩვენ არ გვინდა ეს ტრაგედია განმეორდეს საქართველოშიო. სხვათა შორის, ნატო ორმაგ სტანდარტს ავლენს. ნატოს წარმომადგენლები ხშირად გულწრფელად ვერ გვეუბნებიან სიმართლეს. ისინი ამბობენ, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ვეტოს დადება, არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთს რა უნდა, ჩვენ ვწყვეტთ წევრობის საკითხსო, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ ვითარებას ნატო ანგარიშს უწევს და არასდროს არ მიიღებს თავის რიგებში ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთის ორი ბაზაა განთავსებული, თანაც, კრემლი კატეგორიულად აცხადებს, რომ არ დაუშვებს საქართველოს შესვლას ნატოში. თუნდაც მაპი რომ მისცენ საქართველოს, რას გვიზამენ რუსები, ესეც გასაგებია. უბრალოდ, სტოლტენბერგი ამას პირდაპირ ვერ იტყვის, ის ლაპარაკობს სტანდარტებზე, დემოკრატიაზე, რეფორმებზე, არასოდეს არ იტყვის, ხალხო, რა დროს თქვენი ნატოში წევრობაა, აგერ, რუსეთის ტანკი გიდგათ 30 კილომეტრში“,-აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
ერთადერთი, ვინც ყოველთვის ,,გამარჯვებული" იყო, მიხუილ საჰაკაა. ცოცხალი თავით არ იტყვის, რომ რამეში დამარცხდა.