ქართული პოლიტიკური პალიტრის ნაცრისფერი ქაოსი

ქართული პოლიტიკური პალიტრის ნაცრისფერი ქაოსი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ექსპერტთა ერთი ნაწილი აღიქვამს შანსად საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალებისთვის - მაღალი კონკურენციის პირობებში განაგრძონ პოლიტიკური მოღვაწეობა. გარდა ამისა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ ველზე კვლავ რჩება ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებს და რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად აკრძალულ ილეთებს დიდი წარმატებით იყენებს. არაერთხელ თქმულა, რომ პოლიტიკურ მონსტრად ქცეული ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიშლება და შეძლებისდაგვარად, არსებულ პოლიტიკურ სპექტრს შეერევა. 

გარკვეულ წრეებში უკვე სერიოზულად განიხილავენ ბენდუქიძის იდეოლოგიური ცენტრიდან გამომცხვარი ლიბერალური პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ასევე ითქვა, რომ შესაძლოა, ახალ პოლიტიკურ ცენტრად მოგვევლინოს ცსკო-ს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის პარტიის გარშემო გაერთიანებული რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბენდუქიძისგან მიიღებს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს. ვარაუდობენ, რომ ამ ახალ პოლიტიკურ ძალას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მიზნით ქმნიან. გასაგებია, რომ ასეთი სურვილი ყოფილი ხელისუფლების იდეოლოგებს მართლაც შეიძლება, ამოძრავებდეს თუმცა ამგადვარი იდეების შანსებსა და რეალურობაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. დაახლოებით რა ტიპის პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ამ თემაზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.  

ბატონო ვაჟა, თქვენი შეფასებით, არსებობს თუ არა შანსი, ზურაბ ხარატიშვილის გარშემო გაერთიანდნენ პოსტნაციონალური ძალები და ქართულ პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ცენტრი ვიხილოთ?

- ხარატიშვილის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს რაღაც პოლიტიკური ძალა, მაგრამ საქმე ისაა, რამდენად არსებობს მოლოდინი ასეთი ახალი პარტიის გაჩენის და რამდენად მზადაა ქართული საზოგადოება, პოლიტიკურ სპექტრში ასეთი ცვლილებისთვის.

ვთვლი, რომ საზოგადოება არც ასეთი პოლიტიკრი ცენტრის ჩამოყალიბებისთვის არის მზად და არც აქვს ამისი შინაგანი მოთხოვნილება იმდენად, რამდენადაც ლიბერალური ცენტრი როგორადაც ივარაუდება ხარატიშვილის გარშემო შემოკრებილი ძალების ერთობა, არ იქნება პოპულარული ქართულ საზოგადოებაში.

ვერ ვხედავ იდეას, რომელმაც უნდა გააერთიანოს გარკვეული სპექტრი, ასევე ვერ ვხედავ ამ იდეის გარშემო შემოსაკრებ საზოგადოებას. რა იდეა უნდა იყოს ეს - პროდასავლური კურსი, დემოკრატიული ღირებულებების დამყარება, ლიბერალური პრინციპები ეკონომიკაში თუ ეროვნული დამოუკიდებლობის გამყარება, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, ქვეყნის განვითარება თუ საგარეო ორიენტირის შეცვლა, პროდასავლურიდან პრორუსულისკენ. და ა.შ.

საერთოდ, პარტიის ჩამოყალიბება არის საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაერთიანება ხელისუფლების მოპოვების მიზნით და იდეების გარშემო. ასეთი მოლოდინებისთვის საფუძველს დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ვერ ვხედავ. ისედაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არის პირობითი და არის ძალიან სუსტი. არც იდეური საფუძვლები უმყარებს ამ სპექტრს ზურგს და არც ფინანსური.

საერთოდ, საქართველოში არ არსებობს თავისუფალი კაპიტალი, ინტერესთა ჯგუფები, ბიზნესჯგუფები და ა.შ. რომლებმაც საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის უნდა დაუჭიროს ამათუიმ პატიას მხარი.

ის დაყოფაც, რაც დღეს გვაქვს, რეალურად არის ის, რომ დასავლეთი აღიარებს ორ პოლიტიკურ ძალას. ერთი ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად გაუგებარი და არამდგრადი ორიენტირებით - ერთი მხრივ, პრაქტიკაში, შიგადაშიგ მემარცხენე რადიკალიზმით, მეორე მხრივ ევროპელ მემარჯვენეებთან და ცენტრისტებთან ალიანსი „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრობის სახით.

რეალურად  ეს იყო ავტორიტარული რეჟიმის დამამკვიდრებელი ძალა, რომლის საქმიანობა დაღდასმული იყო კრიმინალის სერიოზული ბატონობით. ფაქტობრივად ეს პოლიტიკური ძალა  არის დღევანდელი მმართველი ძალის რეალური ალტერნატივა, ყოველ შემთხვევაში, მას ასე აღიქვამს დასავლეთი - ამიტომ იყო, მხარს რომ უჭერდა მეორე პოლიტიკურ ძალად მის დაფიქსირებას ქართულ სინამდვილეში.

აქედან გამომდინარე, ამ ორი პოლიტიკური ძალის უკანაც არ დგას ლეგალური კაპიტალი. ვერ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნების“ უკან ივანიშვილის კაპიტალი დგას, რადგან ივანიშვილი არ აფინანსებს ღიად ამ პარტიას და არც პოლიტიკურ კოალიციას. დღეს ისიც კი არ ვიცით, მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიას ვინ აფინანსებს.

ეს თემა საერთოდ დახურულია არა მარტო ამ ორ პარტიასთან მიმართებაში, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკაში. ვიცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაციაა, მაგრამ ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციას და რა გზით ნაშოვნი ფულით, ჩვენ არ ვიცით.

ამ თემების გარკვევის გარეშე რომელ პოლიტიკურ სპექტრზე უნდა ვისაუბროთ საქართველოში და რომელ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე? ვინ დააფინანსებს ამ გაერთიანებას? იგულისხმება, რომ ბენდუქიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ბენდუქიძე არ ჩქარობს დაადასტუროს რომ ეს ასეა.

ჩვენს სინამდვილეში ხდება რაღაც საინტერესო მოვლენები, რომელსაც ვერ ვადევნებთ თვალს. თითქოს მედია გვაქვს, თავისუფალი მედიაც კი გვაქვს ზოგიერთი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემის სახით, მაგრამ არავინ არ იცის, რა ფულით დაუძნდა TV-3 -სერიოზული ტელეკომპანია, სადაც სერიოზული ხალხი შეკრიბეს და სერიოზულ ხელფასსაც უხდიან, სერიოზულ პროგრამებსაც აფინანსებენ. ანუ ქართულ ტელესივრცეში გაჩნდა მოთამაშე, რომელიც კაპიტალის წარმომავლობა არავინ არ იცის. ასე რომ, ასეთ ფონზე პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებაზე ან მათ სახეცვლილებაზე საუბარი სრულიად ნაჩქარევია.

ვფიქრობ, რომ ეს ინიცირებული და ინსპირირებულია, ვგულისხმობ ე.წ. ლიბერალურ ცენტრს, დასავლეთის გარკვეული ძალების მიერ, რომლებიც ხედავენ, რომ საქართველოში გავლენას კარგავენ.

მიუხედავად მათი თავგამოდებული მცდელობისა და ქართველი ხალხის არჩევანის ფაქტობრიოვი იგნორირებისა, რაზეც მეტყველებს, მაგალითად ივანიშვილის მიუწვევლობა აშშ-ში და ფაქტობრივად, არასრულფასოვანი ვიზიტები ევროპაში, მიუხედავად ასეთი მომენტებისა, ისინი ხვდებიან, რომ შეუძლებელია ქართულმა საზოგადოებამ ალტერნატივად და სამომავლო სახელისუფლები პარტიად მოიაზროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ საჭიროა გარკვეული გადანაცვლება აქცენტების და ძალებისა, მაგრამ მათ ამისთვის არც ადამიანური რესურსი გააჩნიათ და არც ლეგალური ფინანსური რესურსი.

თუმცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არიან პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებად მოიზრებოდნენ და დღეს, ასე ვთქვათ, თავშესაფარს ეძებენ.  ვგულისხმობ „მემარჯვენეებს“, „ქრისტიან-დემოკრატებს“, თორთლაძის პარტიას და ა.შ. შესაძლებელია ეს სპექტრიც იყოს გამოყენებული რაღაც ტიპის ალიანსის ჩამოსაყალიბელბლად, რომელიც შმდგომში პოლიტიკური ცენტრის დატვირთვას შეიძენს?

- პოლიტიკაში ასეთი არითმეტიკა მიუღებელია, რამდენიმე ერთპროცენტიანი პარტიის გაერთიანება ვერ მოგვცემს 20-30%-იან პოლიტიკურ სუბიექტს, ეს გამორიცხულია. ერთადერთი მოქმედი პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა, რომელიც ცდილობს პოლიტიკური წონის შენარჩუნებას, მაგრამ ძალიან უჭირს. საბიუჯეტო ფინანსების ხარჯზე რაც არ უნდა პოპულარული იდეებით და თუნდაც სწორი აზრებით, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ასეთი პარტიების გაერთიანებამ რაიმე სერიოზული ძალა შექმნას, გამორიცხულია.

ვრცელდება პროგნოზები, რომ შესაძლოა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციაც დაიშალოს და ზოგიერთი პარტია ხარატიშვილის პოლიტიკური ცენტრისკენ გადაიბირონ. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ასეთი ვარაუდი?

- ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რომ კოალიციის დაშლის შემთხვევაში, მაგალითად, „რესპუბლიკელები“ გაერთიანდნენ ხარატიშვილის პარტიაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისინი მოიაზრებიან პროდასავლურ ინტელექტუალურ ძალად,  რომელსაც მთელი რიგი ფაქტორების გამო რეიტინგი დაბალი აქვს ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სადაც არიან „რესპუბლიკელები“, ის ძალა ყოველთვის სერიოზული პოლიტიკური ძალაა, თუმცა მგონია, რომ „რესპუბლიკელებმა“ პოლიტიკური მანევრის არეალი უკვე ამოწურეს და დრეიფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებამდე“ უკვე ნიშნავს იმას, რომ შემდეგი პოლიტიკური მანევრისთვის მცირე შანსი რჩებათ. დამოუკიდებლად თუ გააგრძელებენ საქმიანობას, თორემ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, ეს არის იმედისმომცემი ძალა, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სერიოზულ პოლიტიკურ პარტიად და პრობლემები აქვს როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსის სახით.

„ეროვნული ფორუმი“ ასევე მგონია, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება, რადგან „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანების შემდეგ პარტიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა - არც კოალიციაში ჩანს ეს ძალა და არც დამოუკიდებელ არენაზე.

ანუ კოალიციაში შემავალ პარტიებს ამ ეტაპზე ერთიანობა აწყობთ...ბაქრაძის ირგვლივ გაერთიანებულ „ნაციონალებზე“ რას იტყვით, დარჩებიან პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებელ მოთამაშედ?

- წასულების შესახებ ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი, მოდით არაფერი არ ვთქვათ. დასავლეთიდან უდიდესი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი მათ არანაირი შანსი არ ექნებათ.

არასაპარლამენტო ძალებიდან თქვენი შეფასებით, რომელი პოლიტიკური სუბიექტი შეიძლება ვიხილოთ სერიოზულ მოთამაშედ?

-ერთადერთი ძალა რომელსაც აქვს ზრდის და განვითარების პერსპექტივა, ეს არის ბურჯანაძის პარტია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ დროა დამთავრდეს საქართველოში პარტიების დაჯგუფება პროდასავლურობისა და პრორუსულობის ნიშების მიხედვით. ეს არის არასერიოზული მოდგომა თანამედროვე პოლიტიკური გამოწვევების პირობებში. ეს უკვე წარსულში უნდა დავტოვოთ.

სამწუხარო რეალობაა და გვიწევდა ამის მიხედვით არჩევანის გაკეთება მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში უკვე სასაცილოა ილაპარაკო  ორი, პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს თუ -22. ასეთი მიდგომები უნდა შეწყდეს. ქვეყნის ეროვნული ინტერესების შედარებით ადეკვატური აღქმის თვალსაზრისით, ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც მეტ-ნაკლებად რეალურად აღიქვამს სინამდვილეს ეს არის ბურჯანაძე თავისი პარტიით.

სხვა ყველა პარტია იმის ძიებაშია, ვინ იპოვოს პატრონად ამერიკელები თუ რუსები და ეს არის უაღრესად მიუღებნელი ჩვენი პოლიტიკური მომავლისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა - ფაქტობრივად მოხდა მთელი პოლიტიკური სპექტრის დეზორიენტაცია და დეზინტეგრაცია.

ეს პოლიტიკურ სპექტრს კი არ გააძლიერებს, სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს რადგან ხელისუფლებაზე მიბმული პარტიები მისი ლაქიები არიან - ეს უკვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში. ფარულად დაფინანსებული პარტიები კი უკვე პარტიები კი არა, მაფიებია.

თავისუფალი ბიზნესი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს დააფინანსებს, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ სამყაროში, საქართველოში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაკნინების, არამედ საერთოდ სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

ამის საპირისპიროდ საჭიროა ძალების დაუყოვნებელი გაერთიანება. ვერ ვიქნებით ხარატიშვილის გაერთიანების იმედად. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები და არა პოლიტიკაში გასასეირნებლად მოსული ადამიანები, თუნდაც მილიარდერები. სხვა შემთხვევაში დაახლოებით ისეთ სიტუაციას მივიღებთ „ხარაზი ვიყავ და ნალბანდობას რა მრჯიდაო“. პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა.

ამ ყველაფერს კარგი გააზრება სჭირდება ქართული საზოგადოების და მათ შორის სამოქალაქო სექტორის მიერ რომელიც ასევე დეზორგანიზებული და დეზორიენტირებულია. მთელი ქართული არასამთავრობო სექტორი ეს აროს კარგად დაფინანსებული 20 ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც გამოხატავს არა ქართული სახელმწიფოს, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესებს, რომელიც ხშირად ემთხვევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მაგრამ არა ყოველთვის.