კვირიკაშვილი არ დასტურდება

კვირიკაშვილი არ დასტურდება

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ტოვებს პრემიერის თანამდებობას და გადადის სამოქალაქო სექტორში, მოჰყვა შეფასებები - „ეს არის პოლიტიკიდან გაქცევა“. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან წასვლის ბევრს დღესაც არ სჯერა, მათ შორის - მმართველ გუნდში თუ კოალიციაში. რაც შეეხება პრემიერის სავარაუდო შემცვლელს For.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეს იქნება კადრი, რომელიც სურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს მოსახლეობისთვის.

როგორ ფიქრობთ, ის გაურბის პასუხისმგებლობას?

ვანო მაჭავარიანი: როგორც ჩანს, მისი განცხადება, პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან წასვლის თაობაზე, ბევრს დღესაც არ სჯერა, მათ შორის - მმართველ გუნდში თუ კოალიციაში. ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დააჯეროს ეს ადამიანები, რომ მიდის პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან. რაც მნიშვნელოვანია, ივანიშვილს მიაჩნია, რომ ის ტოვებს კარგ გუნდს და მას ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის სახით, რომელსაც იგი ენდობა როგორც პოლიტიკურ ლიდერს.

ამის შესახებ მან არაერთხელ განაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ არა მარტო საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს აქვს შესაძლებლობა იყოს პოლიტიკური ლიდერი, არამედ მთავრობაც და მასში შემავალი ყველა პოლიტიკური ლიდერი თუ მინისტრები, შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში ის უფრო ადრე გადადგება თანამდებობიდან. მისი ეს განცხადება საპრალმენტო ოპოზიციის მხრიდან შეფასდა როგორც შანტაჟი ამომრჩევლის მიმართ...

- მას ურჩევნია, რომ პირდაპირ ელაპარაკოს მოსახლეობას და პოლიტიკურ ელიტას. იგი მოუწოდებს ქართველ ამომრჩეველს, რომ მთავრობის საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეა, გამოუცხადონ ნდობა. ანუ, ეს არის მიმართული ზუსტად იმისკენ, რომ კიდევ ერთხელ მენდეთ და დამერწმუნეთ, რომ მე არჩევანში არ შევმცდარვარო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, ის პოლიტიკური პარტიაა და ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ მე აქ ვერანაირ შანტაჟის ელემენტებს ვერ ვხედავ. ის გულწრფელად მიმართავს ქართულ საზოგადოებას და ამბობს, რომ მე მყავს კანდიდატი, რომელიც მიმაჩნია, რომ შეძლებს იყოს ლიდერი და შესაბამისად, თუ მენდობით ხმა მიეცით მას.

აქ არის მხოლოდ და მხოლოდ შეთავაზება და არანაირი ზეწოლის ელემენტებზე საუბარი არაა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად ისე შეაფასა, როგორც მათ სურთ. ის არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაკარგა პოზიციები ქართველ ამომრჩეველთან და ახლა მაქსიმალურად ცდილობს ეს პოზიციები მოიპოვოს, მაგრამ არასწორი მეთოდებით.

ივანიშვილი ამბობს, რომ ის ტოვებს მთავრობას, რომელიც არასოდეს იქნება კორუმპირებული, მაგრამ როგორ ფიქრობთ, გუნდს, რომელსაც ის ტოვებს, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მის გარეშე აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

- ამას აჩვენებს დრო. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, რამდენად იქნება ის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომლის მთავარი მიზანი იქნება პროგრამისა და სტრატეგიის გარშემო კოალიციის გაერთიანება, რათა დასახული მიზნები იქნას მიღწეული. ვინ შეცვლის მას, ამაზე, ალბათ, ცოტა ადრეა საუბარი, დაველოდოთ მოვლენებს.

ის ამბობს, რომ აქვს წარმოდგენა მის შემცვლელზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ეკონომიკის მინისტრი შეცვლის, როგორც ფიქრობთ გიორგი კვირიკაშვილი არის ის ადამიანი ვისთვისაც ის ანთავისუფლებს პრემიერის თანამდებობას?

- ვის წარადგენს ივანიშვილი ეს არავინ იცის, შეიძლება ძალიან ვიწრო წრემ იცოდეს. შანსი, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, ვისაც თქვენ ასახელებთ - იქნება ეს კვირიკაშვილი თუ სხვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება ის ადამიანი, რომელზეც გულმოდგინედ არ საუბრობს ივანიშვილი და რომელიც, შეიძლება სიურპრიზი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის...

შეიძლება, სულაც არ იყოს სიურპრიზი.

ვფიქრობ, რომ ჩვენ მოგვიწევს დაცდა, ვინაიდან ინფორმაცია არ დასტურდება არც კვირიკაშვილზე და არც სხვებზე, რომელზეც მიდიოდა ამ დღეებში საუბარი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე როგორც მოქალაქემ დავინახო მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, სტრატიგიული ხედვა ქვეყნის განვითარების, ვინაიდან საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქ საქმე გვაქვს არა ერთი პიროვნების პასუხიმსგებლობაზე, არამედ გუნდურ პასუხისმგებლობაზე. ის, რომ ეს პიროვნება არ იქნება „ქართული ოცნების“ გარემოცვიდან, ეს ცხადია, მაგრამ ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია აქვს ივანიშვილს და რამდენიმე ადამიანს.

სხვათა შორის, უმცირესობა თვლის, რომ ივანიშვილის მარცხი გამოჩნდა მაშინ, როდესაც მისი როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვერ შედგა მთავარ სტრატეგიულ სახელმწიფოსთან აშშ-სთან. სხვათშორის, ამაზე ისაუბრა ივანიშვილმაც და თქვა, რომ მას უნდოდა წელგამართული ჩასულიყო აშშ-ში. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შედგა ეს ვიზიტი?

- ეს არასერიოზული შეფასებაა და სერიოზულ კომენტარს ნამდვილად არ იმსახურებს. საუბარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, რომელიც ინტენსიური იყო რაღაცა პერიოდი. თუმცა, ფაქტია, რომ ობამას მმართველობის პერიოდში ინტენსიურობამ იკლო, ეს დაიწყო სწორედ სააკაშვილის პერიოდიდან. კარგად გვახსოვს როგორ ცდილობდა სააკაშვილი ობამასთან შეხვედრას და მხოლოდ და მხოლიდ 2012 წელს მოხდა ეს შეხვედრა, ზუსტად იმ პირობით, რომ მიეღოთ გარანტია, რომ საქართველოში მშვიდობიანი გზებით მოხდებოდა ხელისუფლების გადაცემა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მთავრობამ შეძლოს, შეხების წერტილები იპოვოს და დააინტერესოს ამერიკის მხარე იმ თემების გაღრმავებაში, რომელიც არის განსაზღვრული საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და მოხდეს იმ ოთხი მიმართულების - თავდაცვა, ეკონომიკური თუ კულტურული სფეროების გააქტიურება. ეს არის უფრო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის თემა, ვიდრე პიროვნებებს შორის რაღაცა კონკრეტული დამოკიდებულება, რომელსაც სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიქვამდა საგარეო ურთიერთობად, იმის მიხედვით, ვისთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და ვისთან არა. მათ ეგონათ, რომ ეს იქნებოდა შედეგის მომტანი, მაგრამ პირიქით, ეს შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.