ნატო-ს გემები ზღვის ფსკერზე წვრთნებს ჩაატარებენ

ნატო-ს გემები ზღვის ფსკერზე წვრთნებს ჩაატარებენ

ნატო-ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის გემების ეკიპაჟები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების საზღვაო მყვინთავებთან ერთად ზღვის ფსკერზე ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

ე.წ. "საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ნატო-ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის გემები – ორი გერმანული და ერთი თურქული გამნაღმველი ფრეგატი ბათუმში დღეს შემოვიდა.

დახვედრის ცერემონიალს შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური დაესწრო და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გამოსვლის დროს მან საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაში დღევანდელი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს საზღვაო სარდლობის საქართველოში ვიზიტი წელს პირველად შედგა.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობაზე და ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ გერმანული საფლაგმანო გემი MOSEL-ი დაათვალიერა. ასევე მოეწყო პრესტური, სადაც მედიის წარმომადგენლებს გემების ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს.

ბათუმში ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, კომოდორე (ადმირალი) არიან მაინდერჰუდი შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობასთან და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან გამართავს.

ასევე დაგეგმილია ხანძარსაწინააღმდეგო თეორიული წვრთნები, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ქალაქის შესაბამისი სამსახურები მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი "საპორტო ვიზიტი" საქართველო-ნატო-ს პარტნიორობის ისტორიის მანძილზე პირველად ხორციელდება და ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.