ჯერ კიდევ დაუდგენელია, ვინ დაგეგმა ინციდენტი ქართველებსა და ჩეჩნებს შორის

ჯერ კიდევ დაუდგენელია, ვინ დაგეგმა ინციდენტი ქართველებსა და ჩეჩნებს შორის

გასულ კვირას ერთი წელი გავიდა იმ მოვლენის შემდეგ, რაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი წარუმატებელი ფარული ოპერაცია იყო.

აღნიშნულ ღონისძიებას შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლა მოჰყვა, რომელსაც 11 ახალგაზრდა ჩეჩენი მებრძოლის, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო ექიმის სიცოცხლეები შეეწირა.

ამ მოვლენის წლისთავზე საქართველოს ახალი ამბების პორტალმა „PrimerInfo“ ჩეჩენი პიროვნების მიერ პორტალის ერთ-ერთ ჟურნალისტისთვის გაგზავნილი წერილის ქართულ ენაზე თარგმანი გამოაქვეყნა. პორტალის თანახმად, წერილის ავტორია ჩეჩენი პიროვნება, რომლის სახელიც მითითებული არ არის და ვინც ბრძოლას გადაურჩა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

აღნიშნული ჩეჩენი პიროვნება სამ ქართველ მაღალჩინოსანს სდებს ბრალს - თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ჩათვლით - რომ მან ჩეჩნები „მახეში“ შეიტყუა. მაგრამ ამ წერილის ნამდვილობა შეკითხვას ბადებს: ჟურნალისტმა, რომლის მისამართით ეს წერილი გაიგზავნა, ზვიად მჭედლიშვილმა RFE/RL-ის ქართულ სამსახურს აცნობა, რომ მას ეს წერილი არ მიუღია. რუსული დედანი ჯერჯერობით არც ერთ ჩეჩნურ ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა.

როგორც კი საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის 30 აგვისტოს ცეცხლი გაიხსნა, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ დაღესტნიდან საქართველოში ამბოხებულთა შემოსვლის მცდელობა აღკვეთეს.

თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ წარმოებული გამოძიებით შემდგომში დადგინდა, რომ ჩეჩნებს ევროპაში დაუკავშირდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ისინი თბილისში ჩამოიყვანეს და რამდენიმე თვის განმავლობაში ასწავლიდნენ იარაღის გამოყენებას იმ განზრახვით, რომ მათ საქართველოდან ჩეჩნეთში გადასასვლელად საზღვრის გადაკვეთა შესძლებოდათ, რათა ისლამურ მეამბოხეთა რიგებს შეერთებოდნენ.

ევროპაში გადასახლებული ახალგაზრდა ჩეჩნების გარდა, ოპერაციის ორგანიზატორები ასევე შეუთანხმდნენ რამდენიმე ქისტს (ქართველ ჩეჩნებს) ჩეჩნეთის თემიდან, რომლებიც საქართველოში, პანსკისის ხეობაში უკვე რამდენიმე საუკუნეა ცხოვრობენ. 20 მებრძოლისგან შემდგარი ჯგუფი საბოლოოდ ლაფანყურში 2012 წლის 27 აგვისტოს ჩამოვიდა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა მიითვისეს და მათი ხელმძღვანელების ინფორმირების გარეშე გაემგზავრნენ).

ორი დღის შემდეგ (როგორც აღნიშნა ანონიმურად დარჩენილმა ჩეჩენმა 28 აგვისტოს), 11 მათგანი, რამდენიმე ქისტის ჩათვლით, ქართველ სპეცრაზმელებთან შეტაკებაში დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც იარაღის დაყრაზე უარი თქვეს. გადარჩენილებმა კი საქართველო დატოვეს. 

უსახელო ჩეჩენი პიროვნებისგან მიღებული წერილი ნანუაშვილის მონათხრობს ამყარებს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ახალგაზრდა ჩეჩნებთან გარიგება, თბილისში ჩამოყვანა, დაბინავება საბურთალოს რაიონში, მათთვის იარაღის მიწოდება და გადამზადება. მაგრამ ის ნანუაშვილის ვერსიისგან ერთ მთავარ ასპექტში განსხვავდება: უსახელო ჩეჩენი აცხადებს, რომ ჩამოყვანა და გადამზადება ინიცირებული იყო საქართველოს თავდაცვის და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თუმცა ის ასევე ასახელებს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს, როგორც ერთ-ერთს იმ სამი მაღალჩინოსნისგან, რომლებმაც „ჩვენ მახეში შეგვიტყუეს“ (მესამე არის სანდრო ამერიძე, ანტიტერორისტული ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსი). ჩეჩენი მებრძოლი შემდგომში აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო 2008 წლიდან 2012 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, ჩეჩნებს ყოველდღე ხვდებოდა.

ნანუაშვილმა დაასახელა ლორთქიფანიძე როგორც ის პირი, ვინც ჩეჩნების გადმოყვანას და გადამზადებას უწევდა კოორდინაციას. თუმცა, გასულ ოქტომბერს, საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის გამოჩენილმა წევრმა უმარ იდიგოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნების შერჩევა და მათი რუსეთში ინფილტრაცია ახალაიას იდეა იყო.

ამის საპირისპიროდ, თავისი ფეისბუქის გვერდზე აპრილის თვეში განთავსებულ განცხადებაში, ახალაიას ძმამ - დათომ, რომელიც თავად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, განაცხადა, რომ ფლობდა მტკიცებულებას, რომ სწორედ მათი ყოფილი უფროსი, ვანო მერაბიშვილი იყო ის პირი, ვინც უხელმძღვანელა და დაგეგმა ოპერაცია. მერაბიშვილმაც და ლორთქიფანიძემაც უარყვეს ბრალდებები მათი მონაწილეობის შესახებ და განაცხადეს, რომ ეს „იდიოტური“ და „აბსურდული“ იყო.

ახალი ჰიპოთეზები

მაშასადამე, იბადება შეკითხვა: თუ „ჩეჩენის წერილი“ ყალბია, იყო თუ არა მისი მიზანი რომ მთელს ოპერაციაზე პასუხისმგებლობა მოეხსნა მერაბიშვილისგან და ეს ახალაიასთვის გადაებრალებინა? ახალაია ახლახან გაამართლეს სამსახურებრივი ძალაუფლების გადამეტების, ასევე უკანონო დაკავების და წამების ეპიზოდებში, მაგრამ ის დაპატიმრებული რჩება მსგავსი ბრალდებების გამო მეორე სასამართლო პროცესის გამართვამდე.

ბოლო თვეების განმავლობაში ახალი ჰიპოთეზა წარმოიშვა იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ჩეჩნების ჩამოყვანა. მამუკა არეშიძემ, რომელიც სტრატეგიული კვლევების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელია, RFE/RL-ის ქართულ სამსახურს აცნობა, რომ, მისი აზრით, თავდაპირველი გეგმა, რომელიც ჩეჩნების რუსეთში ინფილტრაციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობდა, რაღაც მომენტში შეიცვალა ისე, რომ ეს მათ არ იცოდნენ.

ახლახან ჩაწერილ  ინტერვიუში ნანუაშვილი შეეხო ბრალდებებს, რომ ჩეჩნების მობილიზება უნდა მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის, რომელიც მაშინ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი იყო, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.

თუმცა, თემურ კენკებაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (საქართველოს შიდა სადაზვერვო უწყების) ყოფილი წევრი პირადად ივანიშვილის მიმართ რაიმე გეგმების არსებობას უარყოფს. მან „PrimerInfo“-ს მოახსენა, რომ დაგეგმილი იყო მხოლოდ ტერორისტული თავდასხმის დაწყება ჩეჩნების მიერ, რაშიც ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ დაადანაშაულებდა.

აშკარაა, რომ ჩიხში შევიდა მიმდინარე ოფიციალური გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ, რატომ და ვის მიერ მოხდა ჩეჩნების კოოპტაცია. თუმცა, ივანიშვილმა, რომელიც ახლა პრემიერ მინისტრია, აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ ის „უახლოეს მომავალში“ დასრულდებოდა.

პროკურორ ჯაბა გურგენიძის თანახმად, გაჭიანურების მიზეზი ის არის, რომ ქართველმა გამომძიებლებმა ვერ შესძლეს დაეკითხათ გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

იმ მოცემულობით, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადებით მას მოპოვებული აქვს მტკიცებულება ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობის შესახებ, გაუგებარია, თუ რატომ აწარმოებს გამოძიებას ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლის თანამშრომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ლაფანყურის ოპერაციაში, და არა მთავარი პროკურატურა. ნანუაშვილი საზოგადოებრივი კომისიის შექმნას ითხოვს დამოუკდებელი გამოძიების წარმოებისთვის.

ამასობაში კი რუსულმა ვებგვერდმა kavpolit.com „ჩეჩენის წერილის“ სავარაუდო შეჯამება გამოაქვეყნა, რომელშიც შედის ბრალდებები, რაც PrimerInfo-ს მიერ გამოქვეყნებულ ქართულენოვან ვერსიაში მოცემული არ არის. კონკრეტულად, „კავპოლიტის“ ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტი სააკაშვილი „უდანაშაულო ადამიანების სიკვდილში“ არის გარეული.