სირიაში მყოფმა ქართველებმა კარასინს უარი განუცხადეს

სირიაში მყოფმა ქართველებმა კარასინს უარი განუცხადეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სირიის კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობის საკითხი არ დამდგარა. აშშ-ის ელჩი კი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის სირიის კრიზისთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო. ელჩის  განმარტებით,  აშშ-ის დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორია, როდესაც საქმე სამხედრო თანამშრომლობას ეხება, შესანიშნავია პარტნიორია ავღანეთში, სადაც საკმად მამაცი ჯარისკაცები ჰყავს საქართველოს.

„დღეს კი აშშ ამაყია იმით, რომ ის მონაწილეობს და ეხმარება საქართველოს მთავრობას, რათა დაიხვეწოს უწყებათაშორისი თანამშრომლობა კრიზისების გადაწყვეტის საკითხში. უწყებათაშორისი თანამშრომლობა კრიზისების მოგვარების საკითხში არის ის, რასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო და ნატო ითხოვს მის წევრ ორგანოზაციებისგან უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალ დონეზე ორგანიზებას.

პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით განაცხადა, თუ რა სტადიაში ვიმყოფებით, როდესაც საქმე სირიას ეხება, ის არის ამერიკის მთავრობის სპიკერი. აგრეთვე, ჩვენ ველოდებით კონგრესის გადაწყვეტილებას, ასეთ საკითხებს ჩვენთან კონგრესი წყვეტს, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვთქვა იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სირიის კრიზისთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ გარკვევით თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს არის აღმაშფოთებელი შემთხვევა და სირიის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანას განცახდებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სამხედრო ოპერაციის შინაარსი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემებით, სახმელეთო ოპერაცია არ იგეგმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამიტომ ასეთი საკითხი არც დამდგარა.

„ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩაბმული ვართ საერთაშორისო ოპერაციებში ავღანეთში. ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ავღანეთში უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ამ ეტაპზე რაიმე სხვა საკითხი, სირიის კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობის საკითხი არ დამდგარა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

for.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ  საქართველოს 18 მოქალაქე სირიას 8 სექტემბერს  ბეირუთი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით  დატოვებს. ისინი ამ დრომდე დამასკოში იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას დაუკავშირდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში დახმარება შესთავაზა.

„რუსეთს საკუთარი თვითმფრინავით სირიიდან გაჰყავს თავისი მოქალაქეები და შემომთავაზა, რომ ვიცით თქვენი მოქალაქეები იმყოფებიან სიარაში, თქვენ არ გაქვთ ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა და თუ იქნება თქვენი სურვილი, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი თვითმფრინავით წამოვიყვანოთ თქვენი მოქალაქეებიო. მე მას მადლობა გადაუხადე, ვინაიდან ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეს კარგი ინიციატივაა. საქმის კურში ჩავაყენე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც გადასცეს ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს ამის შესახებ, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩვენმა მოქალაქეებმა თურქეთის მიმართულებით ამჯობინეს წამოსვლა რუსეთის შემოთავაზება, ადამიანური თვალსაზრისით დასაფასებელი ინიციატივაა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთის ხელისუფლება მკაცრად იერარქიული სისტემაა და თვითშემოქმედებას ვერ იტანს. პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ზოგადი ინსტრუქციის დონეზე კარასინი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ის დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივი ავტორი რუსეთის პირველი პირია.

„რა თქმა უნდა ასეთი ინიციატივები არ ჩნდება. ასე, რომ პოლიტიკური ფონი ამ ინიციატივას ჰქონდა, თუმცა რა თქმა უნდა ინიციატივის შედეგი ჰუმანიტარულია, მაგრამ გზა ამ ჰუმანიტარულ ინიციატივას, რა თქმა უნდა პოლიტიკამ გაუხსნა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე როგორ ფუნქციონირებს  რუსეთის პოლიტიუკური რეჟიმი, ფაქტიურად გამორიცხავს აზრს იმის შესახებ, რომ ეს იყო კარასინის კერძო ინიციატივა.

„გამოვრიცხავ, რომ რომელიმე უწყების, ან რომელიმე პიროვნების კერძო ინიციატივა იყოს,  მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება საქართველოს და ამის შესახებ არ იცოდეს რუსეთის პირველმა პირმა. ეს საკითხი განხილული იქნებოდა რუსეთის უმაღლეს პირებთან. მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკის გატარება, ასეთ ვითარებაში  კეთილ განწყობა  გამოხატა საქართველოს მიმართ.

სირიიდან საქართველოს მოქალაქეების  გამოყვანა რუსებს არ გაუჭირდებოდათ, ძალიან კარგი უთიერთობა აქვთ ასადის რეჟიმთან. ამ ინიციატივით რუსეთი შეეცადა გარკვეული ქულები დაიწეროს და დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კეთილგანწყობილია იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ხელისუფლება ატარებს რუსეთის მიმართ. ეს არის მხოლოდ და მეტი არაფერი. ეს არის ჰუმანიტარული აქტი და ერთგარი კეთილი ჟესტის გამოვლინება, უფრო შორს, რაღაცა მნიშვნელოვანის დანახვა ამ ქმედებაში არ შეიძლება, იმიტომ, რომ არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.