"ბორდოს" წაგება ჩაეთვალა, ლიგა 1-ში მიქაუტაძის "მეცი" გადავიდა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ბორდოს“ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, ზურიკო დავითაშვილის გუნდმა ლიგა 1-ში გადასვლის შანსი დაკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ აღზევდა.

ლიგა 2-ის ბოლო ტურში „ბორდოს“ „როდეზის“ მინიმუმ 5-ბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ჟირონდელებმა გოლი გაუშვეს, რასაც თამაშის შეწყვეტა მოჰყვა. გოლის ავტორს „ბორდოს“ ერთ-ერთმა ქომაგმა ხელი უბიძგა, რის გამოც არეულობა დაიწყო.

შედეგად, „ბორდოს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და მომდევნო სეზონსაც -1 ქულით დაიწყებს. „მეცი“ კი ლიგა 1-ში გადავიდა. ამრიგად, ზურიკო დავითაშვილი თუ კლუბს არ შეიცვლის, ისევ ლიგა 2-ში ითამაშებს, ხოლო მიქაუტაძე, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ახალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს.

თუმცა, 22 წლის ქართველი ფორვარდით არაერთი კლუბია დაინტერესებული და შეიძლება სხვაგან გადავიდეს. „მეცთან“ მას კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.