ქვეყანამ პირველივე კვარტალში ნახევარი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია მიიღო. საქართველოსადმი ნდობა კვლავაც მაღალია, შესაბამისად, წლის პროგნოზიც აქედანვე პოზიტიურია.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის 1-ელ კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.
„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ აშშ დოლარით (11.0 პროცენტი).
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციის რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი.
„ინვესტიციების თითქმის 51 პროცენტი შემოდის ევროკავშირიდან, ის ინარჩუნებს ლიდერობას ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია, რომ 2019 წელთან შედარებით ევროკავშირის ინვესტიციების თითქმის ხუთჯერადი ზრდა გვაქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, როდესაც საქართველო დგამს მორიგ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დარგების მიხედვით საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მათ შორის არის მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ასევე მაღალტექნოლოგიური დარგები, რომელთა განვითარებაც მთავრობის პრიორიტეტია.
„ყველა ამ მიმართულებაში საქართველოს მთავრობას, ქართულ ბიზნესს, გარდა იმ ზოგადი საინვესტიციო გარემოსი და მიმზიდველობის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვქმნიდით, აქვს კონკრეტული შეთავაზებები, კონკრეტული პროექტები და გეგმები, რაც, რა თქმა უნდა, არის საინტერესო ინვესტორებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო დინამიკაც ამ ბოლო პერიოდის მაჩვენებლების შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
რასაკვირველია, ინვესტიციების მკვეთრი მატება პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ინდექსებში წინსვლასთან და ინვესტორებში ნდობის ამაღლებასთან, რასაც ადასტურებს კიდეც მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშიც.
„ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.4%-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში ლიდერია, რაც ჩვენი ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წამყვენ სახელმწიფოებსაც კი.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს. 2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება. მე მგონი, არავის ეპარება ეჭვი, თუ რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური, სტაბილური განვითარება. მშვიდობის პოლიტიკა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური სტრატეგია და რეგიონული გამოწვევების სწორი, რაციონალური გამოყენება განაპირობებს საქართველოს მდგრად განვითარებას. ეს არის რეალ-პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა და აუცილებლად შეუქცევად პროცესად უნდა ვაქციოთ, ჩვენი ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილებებით!“ – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
შარშან საქართველოში რეკორდული ოდენობით უცხოეური კაპიტალი შემოვიდა და 2 მილირდს გადააჭარბა. ანალიტიკოსები წელსაც მსგავსს შედეგს პროგნოზირებენ, რასაც პირველი კვარტალში აღებული ტემპი ადასტურებს.