[ეკა ბაქრაძე]
გაძვირებულ და წესით და რიგით „გაკომფორტებულ“ ყვითელ ავტობუსებით უკვე გადაადგილება ძალიან რთულია. მგზავრობის საფასურის ზრდას, სატრასპორტო პრობლემების საბოლოოდ მოგვარება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც მორიგი ფუჭი დაპირება აღმოჩნდა. ამორტიზებული ავტობუსები თბილისის ქუჩებში უგრაფიკოდ გადაადგილდებიან.
თბილისის საკრებულოს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირებასაც არსებული მდგომარეობის გამოსწორებით ხსნიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა, დაპირებული „კომფორტი“ თბილისელებს „ყვითელ ავტობუსებში“ ნამდვილად არ უგრძვნიათ.
დიდი და მცირე ზომის ყვითელი ავტობუსები ხაზზე დამტვრეული სკამებით და გათბობის გარეშე დადიან. მოსახლეობის პროეტენზიებს არ იზიარებენ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. როგორც აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი აკაკი ჯოხაძე ჟურნალისტებთან საუბარისას აცხადებს, ვიდრე ავტობუსი ხაზზე გამოვა, მას სპეციალური ჯგუფი საგულდაგულოდ ამოწმებს.
„ეს რომ ასე არ ხდებოდეს, ჩათვალეთ, რომ მეორე დილით ხაზზე ავტობუსი სკამების გარეშე გამოვა“, - დასძინა ჯოხაძემ.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაიზარდა. მაშინ მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირებას საკრებულოს სხდომაზე ცხარე დისკუსია და კამათიც მოჰყვა. ოპოზიცია ამ ფაქტს აპროტესტებდა, უმრავლესობა კი დედაქალაქის მთავრობის წინადადებას ამართლებდა და ყველაფერს სატრანსპორტო მომსახურეოის გაუმჯობესებით ხსნიდა.
მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ყვითელ ავტობუსებში კომფორტი რიგით მგზავრებს ჯერჯერობით, არ უგრძვნიათ. სკამები მართალია მყარად დგას, მაგრამ თითქმის ნახევარი დასაჯდომად უვარგისია. ზოგს გადასაფარებელი აქვს გადამძვრალი და მგზავრს ცარიელ ხეზე უწევს ჯდომას. გარდა ამისა, თითქმის ერთი თვეა თბილისში ავტობუსები, პრაქტიკულად, უგრაფიკოდ მოძრაობენ.
რამდენიმე დღის წინათ ამ ყველაფერს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში კატეგორიულად უარყოფდნენ. სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ ავტობუსები უგრაფიკოდ მოძრაობენ და ამასაც ზამთრის არდადეგებით ხსნიდა. ჯოხაძემ პირობაც დადო, რომ უკვე 21 იანვრიდან ყველა ხაზზე ყველა ავტობუსი გრაფიკით იმოძრავებს და ინტერვალებიც მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
„იმის გამო, რომ ზამთრის არდადეგებია, ავტობუსების გარკვეული ნაწილი უგრაფიკოდ მოძრაობდა. უკვე 21 იანვრიდან ყველა ხაზი სრული დატვირთვით ამუშავდება და ავტობუსებიც ჩვეულებრივი განრიგით ივლის, შესაბამისად, შემცირდება ინტერვალიც. ბოლო ავტობუსი კი ხაზის თავიდანაც და ბოლოდანაც 23 საათზე გამოვა და მგზავრს გადაადგილების პრობლემა არ ექნება. თუმცა, ეს პრობლემა არც ახლა არსებობს“, - აღნიშნავდა აკაკი ჯოხაძე.
ამასობაში 21 იანვარმაც ჩაიარა და 24 იანვარიც დადგა, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის უგრაფიკობას არაფერი ეშველა. ახალაც დღის ბოლოს შეგვიანებულ მგზავრებს დიდი ხნით უწევთ სიცივეში დგომა, მაგრამ ყვითელი ავტობუსები კვლავ ქაოსურად დადიან. გვიან ღამით კი საერთოდ პრობლემაა მათი „გამოჭერა“. მგზავრებს ვერაფრით დაუდგენიათ ამა თუ იმ გაჩერებაზე დროის რა მონაკვეთში უნდა გამოჩნდეს მორიგე ავტობუსი, რათა სახლში მისვლის გარანტია ჰქონდეს.