რუსეთში კერძო არმიის ხელმღვანელები და ოლიგაქრები, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი

რუსეთში კერძო არმიის ხელმღვანელები და ოლიგაქრები, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი

უკრაინის ომის ფონზე, რაც დრო გადის, კრემლში შიდა დაპირისპირება მწვავდება. ბოლო დროს, ამ დაპირისპირებამ საჯარო და მედია სივრცეში გადაინაცვლა. პუტინის კარზე, ომის ფონზე, მოძლიერებული „კერძო არმიის“ ხელმღვანელები და ოლიგაქრები, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინი თავის ყოფილ თუ არსებულ პროტეჟეებს ან საერთოდ ვეღარ აკონტროლებს, ან პირიქით - ერთმანეთს სპეციალურად უსევს - „დაყავი და იბატონეს“ ცნობილი პრინციპით.

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „შესაძლოა კერძო არმიები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში გზავნის, მისივე დამხობისთვის იქნენ გამოყენებულნი“.

ავტორი სტატიაში საინტერესო მიმოხილვას აკეთებს და იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც კერძო არმიების ჩამოყალიბებამ თავად რუსეთს შეიძლება შეუქმნას. ამ ფონზე კი კრემლის კარზე, სტატიის ავტორი რამდენიმე მთავარ მოთამაშეს გამოყოფს. სწორედ ეს პირები იქნებიან, რომლებიც პუტინის ჩამოგდების ან შიდა დაპირისპირების ფონზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმის გამო, რომ რუსეთში სრული მობილიზება არ გამოაცხადა, უფრო მეტად კერძო არმიებს - სამხედრო კომპანიების პერსონალს დაეყრდნო. მათგან ყველაზე დიდი და გავლენიანია „ვაგნერი“ (Wagner), რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის და ახლა უკვე თითქმის მონსტრად არის გადაქცეული. მათ მიჰყვება ჩეჩენი ლიდერის - რამზან კადიროვის კერძო არმია - „კადიროველები“, რომელიც მსხვილ სამხედრო დაჯგუფებას წარმოადგენს და ცუდი რეპუტაცია აქვს - სახელი მოიხვეჭა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებით.

ასევე რუსეთში რამდენიმე კერძო არმია ჩამოყალიბდა გადამდგარი ოფიცრების ძალისხმევითაც, რომლებშიც ყოფილი ჯარისკაცები მსახურობენ. ისინი სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან, იწვრთნებიან და მოქმედებენ. აღსანიშნავია, რომ თვით თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუსაც კი თავისი არმია ჰყავს - „პატრიოტის“ სახელწოდებით. ასევე, არსებობენ კორპორატიული სამხედრო ქვედანაყოფები, მოლაშქრეთა რაზმები, რომლებსაც გაზის გიგანტი - „გაზპრომი“ მფარველობს და აფინანსებს. მისი ბატალიონები ამჟამად ფრონტის მოწინავე ხაზზე იბრძვიან.

კრემლის კარზე ძალაუფლებისთვის იბრძვიან ოლიგარქები, გენადი ტიმჩენკო და ოლეგ დერიპასკა. ისინი დაკავშირებულნი არიან რუსულ კერძო კომპანია „რედუტ-ანტიტერორთან“ და როგორც კომპეტენტური პირები აცხადებენ, ოლეგ დერიპასკა მათ ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფს, მათთვის აღჭურვილობას ყიდულობს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ახლა ყველაზე დიდი დაპირისპირება რამზან კადიროვს და „ვაგნერის“ ხელმძღვანელს   შორის არსებობს. თუმცა მეორეს მხრივ პრიგოჟინი დაპირისპირებულია რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენშტაბის უფროს გერასიმოვთან. ისინი ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინის უკან პუტინი დგას, რომელიც მისი მეშვეობით, გერასიმოვის და შოიგუს მოშორებას ცდილობს.

რაც შეეხება პრიგოჟინსა და კადიროვს შორის არსებულ დაპირისპირებას, სავარაუდოდ, კადიროვის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია ამ ომში „ახმატის“ როლის დაკნინებამ პრიგოჟინის მხრიდან, რაც გახდა იმის საბაბი, რომ კადიროვმა თავისი ქვეშევრდომები მიუქსია პრიგოჟინს, მაგრამ დაპირისპირების ძირითადი მიზეზი ბევრად უფრო რთულია. კადიროვი პრიგოჟინს მომავალ სერიოზულ მოწინააღმდეგედ აღიქვამს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ყველაზე ძლიერი გავლენა ახლა რუსეთში ვისაც აქვს, ეს არის, ე.წ. უსაფრთხოების, ძალოვნების წარმომადგენლები, რომელიც ძირითადად ეროვნული უშიშროების საბჭოში ჩამოყალიბდა. ესენი არიან ძალოვნები, რომლებიც პუტინის უკან მდგომი ძალაა. თუმცა, რუსეთში ნელ-ნელა უკვე ყალიბდება აზრი, რომ მას თუ მოაშორებენ, რაღაცა გამოსავალი იქნება. სხვაგვარად კრემლში უკვე ხვდებიან, რომ რუსეთი დესტრუქციისკენ მიდის.

„უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები ახლა ის ძალაა, რომლებიც ამ ომში ბოლომდე გასვრილები არ არიან. ამიტომაც მათ ყველაზე მეტი პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ. მეორე ძალა არის არმია, თუმცა ამ წარუმატებელი ომის ფონზე, დისკრედიტირებულია. ამიტომაც არ არის გამორიცხული სიტუაცია უმართავიც კი გახდეს.

ასევე ამ დაპირისპირებაში რუსი ოლიგარქების გავლენები არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს ისინი ძალიან სერიოზული კონტროლის ქვეშ ჰყავს, მაგრამ მათ დიდი ფული აქვთ. ამ ხალხს უნდა, რომ გადარჩნენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან. დიდ დიქტატორულ რეჟიმში, უკვე სისუსტეები ჩნდება, რომლის გამოყენებასაც ყველა მხარე შეეცდება. ადრე თუ გვიან, ამ ნაპრალებს წარუმატებელი ომი კიდევ უფრო გააფართოვებს. ამიტომ მგონია ამ სამი დაჯგუფებიდან რომელიმე მათგანი მოახერხებს ძალის უზურპაციას“, - ამბობს პოლკოვნიკი.

რაც შეეხება პრიგოჟინს, ბერიძე ფიქრობს, რომ მას წაგებული ომის გმირი უნდა იყოს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ომი წაგებულია, ამიტომ თვითგადარჩენის ინსტიქტით მოქმედებს. მისი აზრით, მიუხედავად პუტინის სიგიჟისა, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. ეს ხალხი ძალიან კარგად ხვდება პუტინი რუსეთს რა უფსკრულისკენ მიაქანებს, ამიტომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება.

კრემლში მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროცესები კიდევ უფორ მწვავდება. ამის ნათელი მაგალითი პრიგოჟინის განცხადებებია.

„ეს ადამიანი უკვე საკმაოდ საინტერესო ფიგურად იქცა, რომელიც როგორც პოლიტიკურ ასევე სამხედრო ლიდერად გვევლინება. მას თავისი ჯარი გააჩნია და ამბიციები. ასევე აქვს ფული და სახელი. მას როგორც ბახმუტის ამღებ გმირს, ისე მოიხსენიებენ. არა აქვს მნიშვნელობა მის აღებას რამდენი ხანი ცდილობდა.

პრიგოჟინის უკან „ეფესბე“ დგას. მე ეჭვი მაქვს, რომ მის უკან პუტინიც დგას და წესით, ამდენს მის გარეშე ვერ უნდა ბედავდეს. აქ მაინც შიდა ბრძოლები „ეფესბეს“ და თავდაცვის სამინისტროს შორის მიდის. პუტინი ალბათ, შუალედურ რგოლს თამაშობს. ცდილობს პრიგოჟინის საშუალებით, შემქნას პირობები, რომ შოიგუ და გერასიმოვი თავიდან მოიშოროს. პუტინი ამას ღიად თავად ვერ გააკეთებს, რადგან ეს ჯარში სიტუაციას დაძაბავს და დაპირისპირებას გააღვივებს, ამიტომ მგონია, ამისთვის პრიგოჟინს იყენებს. ეს არის პუტინის ხელწერა, რომელიც ომის წაგების შემთხვევაში განტევების ვაცს ეძებს. ასეთი კი გერასიმოვი და შოიგუა“, - ამბობს გენერალი.

მისივე თქმით, კერძო არმიების ხელმძღვანელები პრიგოჟინი და კადიროვი ერთმანეთს კონკურეტებად აღიქვამენ. მათ იმედი აქვთ, რომ თუკი კრემლში შიდა გადატრიალება მოხდება, ისინი ძალაუფლების სადავეებს ხელში ჩაიგდებენ. გენერალი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის ფონზე, რომელსაც წაგების სუნი ასდის, ყველა სარგებლის ნახვას ცდილობს. ამიტომ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება, პუტინი კი მათ დაპირისპირებას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს. თუმცა სადამდე მიიყვანს რუსეთს შიდა რყევები, ეს არავინ იცის.