ზურაბიშვილი ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს

ზურაბიშვილი ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ უარის თქმის საფუძველია კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი დებულებები - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

„ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ პუნქტის თანახმად პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ კოდექსით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე „საქართველოს გზის“ ლიდერმა ცესკო-ს 2 სექტემბერს მიმართა. სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ცესკოსგან მივიღე წერილი, რომლის მიხედვითაც უარს მეუბნებიან 29-ე მუხლის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდადატ დარეგისტირირებაზე. უსაფუძვლოა და უკანონოა ცესკოს ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამას აუცილებელად გავასაჩივრებთ. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ახლო მომავალში ვნახავთ, თუ ვის აწყობდა ეს. კანონი ჩვენს მხარესაა და გავიმარჯვებთ. არსებული კონსტიტუციით სრული უფლება მაქვს, რომ ვიყო საპრეზიდენტო კანდიდატი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დახურულ შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  ცესკოს გადაწყვეტილება და საკუთარ საპრეზიდენტო კონცეფცია გააცნო.

„მე დიპლომატებს გავაცანი ჩემი ხედვები, როგორ ვაპირებ განვახორციელო ჩემი ფუნქციები პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში და ვისაუბრებთ იმ პრინციპებზე, რომლებითაც პრეზიდენტის რანგში ვიხელმძღვანელებ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განმარტებით, კონსტიტუცია ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს შეუძლია გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ კონსტიტუციაში, ან სხვა რომელიმე კანონში არ არსებობს აკრძალვა, რომელიც იმ ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეცაა, აუკრძალავს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას.

„ანუ ორმაგი მოქალაქეობა შესაბამისად დამაბრკოლებელი გარემოება იქნება იმ კანდიდატისთვის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე. მაგალითად, თუ ვინმე იქნება ბრაზილიის და საქართველოს მოქალაქე, ის, რადგან ორმაგი მოქალაქეა, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ თუ ვინმე იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს: ჰოლანდიის, გერმანიის თუ ესპანეთის და, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე, ის ჩვენი კანონმდებლობის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი გახდება“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისი თქმით, ცესკო არასწორ განმარტებას აკეთებს, როდესაც კონსტიტუციის 29–ე მუხლზე დაყრდნობით ორმაგ მოქალაქეებს კანდიდატად არ არეგისტრირებს.

„ცესკოს ლოგიკით გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება იყოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად. თუ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეცაა და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სურს, ცესკოს ლოგიკით, ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს, მაგრამ რომ არ ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქე ყოფლიყო, მაშინ დაიკავებდა. ეს არის აბსურდი.

როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობამ და კონსტიტუციამ დაადგინოს სტანდარტი, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოქალაქეობა დამაბრკოლებელ გარემოებად ჩაითვალოს. ეს განმარტება ყველა სამართლებრივ პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდის. კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ ის შეზღუდვა, რაც 29-ე მუხლში წერია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გახდება ორმაგი მოქალაქე, არ მოქმედებს ამ შემთხვევაშიო, ანუ ევროკავშირის მოქალაქესთან მიმართებაში ეს შეზღუდვა არ მოქმედებსო. ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში და მართლა ვერ ვხვდები, რანაირად განმარტავენ ისე, რომ საწინააღმდეგო აზრი გამოჰყავთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძე.