ავტოსადგურების რეფორმისთვის მზადება უკვე დასკვნით ეტაპზეა. ვარაუდობენ, რომ რომ კანონი საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება. რეფორმა, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა ეკონომიკის სამინისტროში და შემდგომში განიხილებოდა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ეტაპობრივად განხორციელდება და 2025 წლის მაისისთვის მთლიანად დასრულდება, თუმცე ესეც მხოლოდ წინასწარი ვარაუდია. შესაძლოა, ვადამ კიდევ გადაიწიოს, როგორც საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე.
„დღეს ქვეყანაში არსებობს უამრავი ავტოსადგური, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არ არის დაცული არანაირი სტანდარტი და, სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც, ასევე ტურიზმის სექტორზე და, რა თქმა უნდა, ყველაზე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს არც ისე კომფორტულ პირობებში უწევთ შიდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის – პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგურები განისაზღვრება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ავტოსადგურების კლასიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით – დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ასევე, ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება შედარებით მცირე მოთხოვნების, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის, ყველა მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოწყობილი ავტოსადგურები.
„მნიშვნელოვანია, რომ ავტოსადგურები დაექვემდებარება სერტიფიცირებას, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება მთავრობის მიერ. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე განსაზღვრავს ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას და მუნიციპალიტეტებსაც თავიანთი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც ქვეყანა მიიღებს რეფორმის შედეგად.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ ორ ძირითად შედეგს: ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული საერთაშორისო, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად და მოექცევა სტანდარტებში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები სანებართვო წესებს დაექვემდებარებიან, რომ მათაც უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბილეთების სისტემა იქნება გამჭვირვალე და ელექტრონული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სხვათა შორის, რაზეც დღეს მთავრობაში საუბრობენ, ნაწილობრივ ავტოსადგურებს დღესაც ევალებათ. სწორედ ამაზე საუბრობენ სპეციალისტები. საქართველოს ავტომობილების ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ავტოსადგურებს აქამდეც ევალებოდათ შესაბამისობაში მოეყვანათ მათ მფლობელობაში არსებული ავტოსადგურები, მაგრამ ეს არ კეთდებოდა. მთავარი პრობლემა კი კანონის აღსრულებაშია.
„ეს არის სფერო, რომელსაც არანაირი რეფორმა არ შეხებია, ჩარჩენილი არის 90-იან წლებში და პრაქტიკულად უკონტროლოა, ეს ეხება უსაფრთხოების ნაწილს რაც ძალიან საგანგაშოა.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების 70%-ს რომლებსაც მგზავრები გადაჰყავს საერთოდ არ გადიან ტექინსპექტირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ტექნიკურად გაუმართავი, კუსტარულად გადაკეთებულია და საშიშია მგზავრებისთვის.
მოქმედი კანონმდებლობითაც ავტოსადგურებს ევალებოდათ მოეწესრიგებინათ ეს ყველაფერი, უფრო მეტად ვიდრე დღეს არის და შესაბამისობაში მოეყვანათ მათ მფლობელობაში არსებული ავტოსადგურები, მაგრამ არსად არაფერი კეთდებოდა. ამას ჰქონდა ბევრი ახსნა, მთავარი მიზეზებიდან იყო ის, რომ მაკონტროლებელ ორგანოს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რომ შეემოწმებინა ავტოსადგურების გამართულობა, ამისთვის უნდა აეღო ნებართვა სასამართლოში, სასამართლო კი ნებართვას მოგცემდა თუ არა, ეს ცალკე თემაა. შესაბამისად, ვერ ხდებოდა შემოწმება. ეს ბარიერი ჩაიხსნება და არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტად გვექნება საშუალება თუნდაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოვთხოვოთ რეაგირება დარღვევებზე, ვიდრე დღეს გვაქვს.
ფაქტია რომ, დღესდღეობით მთავარი პრობლემა არის კანონის აღსრულებაში. წარმოიდგინეთ დღეს არსებობენ ისეთი მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ. რეფორმის პროცესი უნდა იყოს ღია და ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე. მეორეს მხრივ უნდა მოხდეს კანონის აღსრულება ყველა მიმართულებით“, - განმარტა დავით მესხიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრო ავტოსადგურების ლიცენზირების შესახებ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში გადააგზავნის. სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ კანონი საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება.