ფრანგული ლიგა 2-ის ბოლო ტურის წინ, ჩვენიანების, გიორგი მიქაუტაძის „მეცსა“ და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ელიტაში დაწინაურების შანსი ჰქონდათ. მათთან ერთად ლიგა 1-სთვის „ჰავრიც“ იბრძოდა, რომელსაც აღზევების უკეთესი პირობები გააჩნდა (3 ქულით უსწრებდა ჩვენიანების გუნდებს).
„მეცმა“ „ბასტიას“ 3:2 მოუგო. დუბლი მიითვალა მაროკოელმა იუსუფ მაზიზმა, ერთიც სენეგალელმა შეიხ საბალიმ შეაგდო. მიქაუტაძე 81-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდო“ – „როდეზის“ მატჩი კი შეწყდა (დავითაშვილი სასტარტოში იყო). 22-ე წუთზე სტუმარმა ლუკა ბუადესმა ანგარიში გახსნა, ამ დროს „ბორდოს“ ერთ-ერთი ქომაგი მინდორზე გაიჭრა და გოლის ავტორს დაარტყა. მსაჯმა მატჩი შეწყვიდა და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გამოაცხადა, რომ თამაში აღარ გაგრძელდებოდა. ახლა მატჩის სტატუსს ორშაბათს სადისპლინო კომიტეტი განიხილავს.
ამრიგად, გამარჯვების მიუხედავად, „მეცს“ ჯერ არ მოუპოვრებია ელიტის საგზური. ყველაფერი ორშაბათს გაირკვევა.
„ჰავრმა“ 1:0 მოუგო „დიჟონს“ და ლიგა 1-ში აღზევდა.