საქართველო არ არის უკრაინა და მას ამის დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს

საქართველო არ არის უკრაინა და მას ამის დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს

ლინკოლნ მიტჩელის (კოლუმბიის უნივერსიტეტი) აზრით, საქართველოსა და უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრების, ვანო მერაბიშვილისა და იულია ტიმოშენკოს დაკავებებს შორის მსგავსებების ზედაპირული გამოყენება საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების მცდელობათა საფრთხის ქვეშ დასაყენებლად მიუღებელია.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ახალი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლი. ეს გახლდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის პირველი გამოსვლა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ ორთაბრძოლაში.

გამოსვლამდე გავესაუბრე წულუკიანს ჩემს ოფისში. ოდნავ ვღელავდი. უკანასკნელ წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული ღონისძიებები ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, გამომსვლელები ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, ხოლო ყველას, ვინც კი ბედავდა საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკებას, რუსეთის ჯაშუშად აცხადებდნენ, ქართველი სტუდენტების დაშინება კი მათივე ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩვეულ მოვლენად იქცა.

არ ვიცოდი, რა შედეგს მოიტანდა ეს კონკრეტული ღონისძიება, რადგანაც წულუკიანი, როგორც მინისტრი, ყველაზე ხშირად გაიგივებულია წინა რეჟიმის მაღალჩინოსანთა დაკავებებთან ახალი მთავრობის ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე თვეებში. ამ დაკავებებს ხმამაღალი კრიტიკა მოჰყვა მავანთაგან აშშ–სა და ევროპაში, რაც პრობლემას წარმოადგენდა ახალი ხელისუფლებისათვის, რომელიც ცდილობდა საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას.

მიუხედავად ამისა, თეა წულუკიანი, ცნობილი ადვოკატი ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სააკაშვილის რეჟიმის კანონდარღვევათა გამოძიების ათწლიანი გამოცდილება აქვს, ძალიან განსხვავდება საქართველოს წინა იუსტიციის მინისტრისაგან, წინა ხელისუფლების არადემოკრატიული მმართველობის პოლიტიკის გამტარებლისაგან, რომელიც არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებისთანავე ქვეყნიდან გაიქცა.

ხელმძღვანელობდა რა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღებული გამოცდილებით, წულუკიანმა განმარტა, რომ ეს დაკავებები წარმოადგენს არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, როგორც ამას ახალი ხელისუფლების კრიტიკოსები ამტკიცებენ, არამედ ახალი ხელისუფლების სწრაფვას ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისაკენ, ქვეყანაში, რომლის წინა ხელისუფლებაც სულ უფრო იძირებოდა კორუფციის მორევში და მზარდ ძალადობას იყენებდა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ჩემი ეჭვები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მე და წულუკიანი მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შევედით დარბაზში, სადაც რამდენიმე პედაგოგი და სტუდენტი შევნიშნე. აუდიტორიის დანარჩენ ნაწილს წარმოადგენდნენ ნიუ–იორკის მიდამოებში მცხოვრები ქართველები. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვების დასმის დრო დადგა. დარბაზში მყოფი ქართველები გაღიზიანებულნი იყვნენ და წულუკიანისაგან დაკავებების შესახებ საუბარს ითხოვდნენ. თუმცა, მათი გაღიზიანების მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ, მათი აზრით, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დაკავებათა რაოდენობა ძალიან მცირეა, რისი მიზეზიც მდგომარეობს ხელისუფლების ზედმეტად ფრთხილ და მორიდებულ დამოკიდებულებაში იურიდიული დეტალებისადმი.

დღეს საქართველოში სახეზეა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კონფლიქტი. ლიდერები აშშ–სა და ევროპაში, რომლებიც თავს უხერხულად გრძნობენ საქართველოს წინა რეჟიმისათვის გაწეული მხარდაჭერის გამო და რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებზე, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ბევრად უფრო გვიან გააცნობიერეს წინა ხელისუფლების ნაწილის კრიმინალური და ძალადობრივი ხასიათის დონე, გამოთქვამენ შეშფოთებას მეგობრების დაკავებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალ ხელისუფლებას, თავის მხრივ, ჰყავს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლების მიმართ, მისი ლიდერები ხომ სავარაუდოდ ჩართულნი იყვნენ ელიტარულ კორუფციაში, პოლიტიკური მიზნებისათვის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაში, დემონსტრაციების დარბევასა და პატიმართა წამებაში.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის, რომელნიც არ წარმოადგენენ პრიორიტეტს აშშ–სა თუ ევროპის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ნარატივი და ევრისტიკა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ვაშინგტონსა (კოლუმბიის ოლქი) და სხვა დასავლურ დედაქალაქებში. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირთა და მიმომხილველთა შეხედულებები ასეთი ქვეყნების შესახებ ყალიბდება მოკლე, მაგრამ არაორაზროვანი ისტორიებისა და ანალოგიების მეშვეობით, ნაცვლად დეტალური წვდომის მცდელობებისა.

წარმოდგენა საქართველოს შესახებ დღეს ასეთია: პოპულარული პრო–დასავლური ლიდერი დაამარცხეს პრო–რუსულმა ძალებმა, რათა ჩამოაშორონ ქვეყანა დემოკრატიისაკენ მიმავალ გზას. ეს წარმოდგენა ზუსტად მიესადაგება კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას, უკრაინას. ასე რომ, მისი გაიგივება საქართველოსთან საკმაოდ ბუნებრივი ცდუნებაა. მიუხედავად ამისა, საქართველოს დანახვა ამ კუთხით არა მხოლოდ გამარტივებულია, არამედ უკიდურესად მცდარიც, და მოითხოვს ემპირიკული სინამდვილის უგულებელყოფას წარუმატებელი და დამარცხებული რეჟიმის პროპაგანდის სასარგებლოდ.

დღეს უკრაინის შესახებ წარმოდგენის მორგება საქართველოზე ყველაზე ნათლად არის გამოხატული საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების, როგორც უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების ექვივალენტის, განხილვაში. ზედაპირული მსგავსებები ნათელია: ორივე გახლავთ ყოფილი პრემიერ–მინისტრი, რომლებიც ხელისუფლების შეცვლიდან მალევე აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. ამ მსგავსებებმა არ უნდა დაჩრდილოს განსხვავებები. ის, რომ ტიმოშენკო დაპატიმრებულია დიდწილად შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, არ ნიშნავს, რომ ყველა ამჟამად დაკავებული ყოფილი პრემიერ–მინისტრი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

დასავლეთში მერაბიშვილს კარგად არ იცნობენ, რაც ალბათ არის კიდეც მის დაკავებასთან დაკავშირებული შეშფოთების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში (2004 წელი–2012 წლის პირველი ნახევარი) მერაბიშვილი ყველაზე მეტად იყო გაიგივებული საქართველოს წინა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ავტორიტარულ გამოყენებასთან. დემონსტრაციების დარბევა, ოპოზიციონერთა სატელეფონო საუბრების მიყურადება, პოლიციის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გაუხსნელ მკვლელობაში ჩართულობაც კი (გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის, სანდრო გვირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს) – ყველა ეს მოვლენა უშუალო კავშირშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მერაბიშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც პრემიერ–მინისტრი, მერაბიშვილი დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენებასთან მისი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, რომელიც ეს–ესაა დამარცხდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

არც ერთი ამ ბრალდებათაგან არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილი დამნაშავეა და არსებობს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესის საჭიროება. მიუხედავად ამისა, ეს ბრალდებები ცხადყოფს, რომ მისი დაკავების მიზეზი გახლავთ არა ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური ოპონენტია, არამედ ის, რომ ის აქტიურად იყო ჩართული უსამართლობასა და არაკანონიერ ქმედებებში.

უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დემოკრატიისაგან შორს და რუსეთთან დაახლოებისაკენ მიჰყავს საკუთარი ქვეყანა. მისი პრეზიდენტობის დროს შეინიშნება მედიისა და თავშეყრის თავისუფლების შეზღუდვა, კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იანუკოვიჩმა 2010 წლის არჩევნებში გაიმარჯვა წინა რეჟიმის სისუსტისა და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის მიზეზით.

მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩმა და ივანიშვილმა დაამარცხეს ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ დასავლეთში, ისინი ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ივანიშვილმა დაამარცხა რეჟიმი, რომელიც უკვე ჩაფლული იყო კორუფციის, არაკომპეტენტურობის, წამებისა და ძალადობის მორევში. ასეთი რეჟიმის დამარცხების შემდეგ ახალ ხელისუფლებას მოეთხოვება კანონის უზენაესობის აღდგენა, თუმცა ამავდროულად, ამა თუ იმ გზით, წარსულთან შერიგებაც. ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების ლიდერთა დაკავება ძალიან განსხვავებულია [ამ ორ შემთხვევაში].

კანონის უზენაესობის აღდგენაზე გამიზნული ძალისხმევა ვერ გაამართლებს, თუკი კანონდამრღვევები არ დაისჯებიან. მიუხედავად ამისა, ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა მათ დასასჯელად, ვინც გასცა უკანონო ქმედებების ბრძანება და შექმნა ძალადობრივი და კორუფციული სისტემა. ამასთან, ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ აქამდე ივანიშვილის ხელისუფლება ახერხებს დაკავებათა შემოფარგვლას მხოლოდ ყველაზე მაღალი თანამდებობის სავარაუდოდ დამნაშავე პირებით.

აშშ –სა და ევროპის მოწოდებები მერაბიშვილისა და სხვათათვის სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით მნიშვნელოვანია, მაგრამ აღშფოთება დაკავებების გამო უადგილოა. მერაბიშვილსა და ტიმოშენკოს შორის არსებული ზედაპირული მსგავსებების გამო შეცდომის დაშვება ტოლფასია ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის არასწორად გააზრებისა, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრების მხარდაჭერას.

საქართველო არ არის უკრაინა და მას ამის დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს ისევე, როგორც ბრალდებულებს – ყოფილ მაღალჩინსონებს მიეცემათ უდანაშაულობის დასაბუთების შესაძლებლობა.

 http://www.theparliament.com/latest-news/article/newsarticle/georgia-is-not-ukraine-and-must-be-given-the-chance-to-prove-it/#.UiSQAjY3A7l