„მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დასრულდეს“

„მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დასრულდეს“

„ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე იმდენი ვნებათაღელვა და ინტერპრეტაცია მოჰყვა, რომ საჭიროდ ვთვლი გარკვეული განმარტებები გავაკეთო...

მე მოვედი ხელისუფლებაში იმიტომ, რომ დამეცვა საზოგადოება და ეს წარმატებით მოვახერხეთ კიდეც იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. მაგრამ საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში... ორი წლის წინ სულ სხვა გამოწვევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და მეც იქ დავდექი, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემეძლო. დღეს სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და მეც ამ გამოწვევის შესაბამისად უნდა მოვიქცე. 

...როდესაც აქტიურ მოქალაქეზე ვსაუბრობ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ემოციებით პატრიოტ ადამიანს... იმის გარანტი, რომ მთავრობა დარჩეს ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს, - არ უნდა იყოს ერთი კაცი, არც ხელისუფლებაში და არც ხელისუფლების გარეთ.

ამის გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ ეფექტური, პასუხისმგებლობის მქონე, სწორედ რომ ევროპული ტიპის საზოგადოება. ვფიქრობ, დღეს სწორედ ესაა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ეპოქალური გამოწვევა - ერთად ვაშენოთ ასეთი საზოგადოება. 

ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დამთავრდეს. აღარასოდეს ასე აღარავინ არ უნდა ავირჩიოთ. ამისათვის კი საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი ტემპებით მშენებლობა და ხელისუფლება მოვაქციოთ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ.

ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ...“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში. რა მთავარი გზავნილები მიიღო საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრისგან და რა ახალი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს პრემიერის მხრიდან ასეთი ტიპის მიმართვა საზოგადოებისადმი, სადაც დაწვრილებითაა ახსნილი ის მიზეზები, რამაც მისი სამოქალაქო სექტორში გადასვლის აუცილებლობა შექმნა?

- ძალიან ბევრი მესიჯია, რომელიც ამ კითხვაზე პასუხს იძლევა. ამ მიმართვის გამოქვეყნება ვფიქრობ იმ შიშმა და დაბნეულობამ განაპირობა, რაც გამეფდა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა რამდენჯერმე უცხოურ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ამან უამრავი კითხვა დაბადა საზოგადოებაში. დაბადა ასევე შიში და გაურკვევლობა.

რამ გამოიწვია ეს, ამისი პასუხები თავად მიმართვაშია მოცემული - უპირველესად იმან, რომ ჩვენი საზოგადოება დღემდე მიჩვეული იყო ერთ ლიდერზე მორგებულ პოლიტიკურ სისტემას, სადაც პასუხისმგებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთ ადამიანს.

საზოგადოება პასუხისმგებლობას იხსნიდა თვითონ, ასევე მთავრობაც იხსნიდა ამ პასუხისმგებლობას და ყველანი შევყურებდით ერთ ადამიანს. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, არის მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ, რომ ის ამ ნაბიჯით ფიქრობს და აპირებს რომ ეს პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს ხელისუფლებას და მთავრობას, როგორც კოლექტიურ გუნდს - არა ადმინისტრატორების და მენეჯერების ერთობლიობას, რომლებიც შეჰყურებს მესიის, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ პოპულისტური თუ ავტორიტარული ლიდერის გადაწყვეტილებას.

ჩვენ დღემდე ყოველთვის გვყავდა ისეთი მთავრობა, რომელიც პირველი პირის გადაწყვეტილებების გამტარებელი იყო, ნაკლებად იყო ნოვატორი და ინოვაციებით სავსე. შეუძლებელია, ერთი ადამიანის თავში დაიბადოს მთლიანად ქვეყნის და მისი ყველა სეგმენტის განვითარების კონცეფცია.

როდესაც მთავრობა არის არა კოლექტიურად პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე, არამედ მხოლოდ ერთ კაცზეა ეს პასუხისმგებლობა ჩამოკიდებული, შესაბამისად, მთავრობა და ხელისუფლება ინიციატივიანი ვერ იქნება.

ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, ერთ კაცზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ხელისუფლება და ის ამ გადაწყვეტილებით შანსს აძლევს მთავრობას, წარმოჩნდეს სხვაგვარად, ანუ ინიციატივა და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

მეორე და უმნიშვნელოვანესი სეგმენტი არის საზოგადოება. თუ დააკვირდებით, სოციალურ ქსელებში ბევრი არაჯანსაღი რეაქცია გაჩნდა, ამ მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ. ვფიქრობ, რომ ძირის-ძირში, ასეთი არაჯანსაღი რეაქციები არის სწორედ პასუხისმგებლობისგან გაქცევის ნიშანი.

ანუ, მთავარი კითხვა, რაც იბადება საზოგადოების, იგივე საზოგადოებაში არსებული „აზრის ლიდერების“ მხრიდან, ეს არის ქვეცნობიერად სწორედ პასუხისმგებლობისგან გაქცევის გამოხატულება, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა დავაჯამოთ, მთავარი კითხვა არის - ასე უნდა დაგვტოვოს?

ეს ხომ არ არის უნარშეზღუდულთა საზოგადოება, ეს არის საზოგადოება, რომელიც თვითონ არის პასუხისმგებელი ამ არჩევანზე და შემდეგ თვითონ უნდა შეძლოს ამ არჩევანის შედეგად მიღებული მთავრობის კონტროლი.

სხვაგვარად ეს საზოგადოება ვერ განვითარდება - ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი ვერ მოვა და ვერ იხსნის ავტორიტარი სააკაშვილისგან - პირობითად ვამბობ - ასეთ ივანიშვილზე საზოგადოების მოლოდინი არ უნდა იყოს ორიენტირებული და ამ მიმართვის ძირითადი მესიჯებიც ეს არის.

ივანიშვილი ამბობს, რომ მისი მისია მესიების მისიის დასრულებაა საზოგადოება კი, როგორც ჩანს, საკუთარი მისიის შესასრულებლად ჯერ მზად არ არის...

- რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვიმკიდით, ეს იყო არა სხვისი, არამედ ჩვენივე გაუაზრებელი და აფექტური არჩევანის შედეგი, აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის არჩევანისგან ხვალ, ზეგ და მაზეგ დაზღვეულები არ ვართ, უფრო მეტიც როგორც კი სოციალური პრობლემები იჩენს თავს და დაგროვდება, თუ არ მოხდა რადიკალური ცვლილებები საზოგადოების ცნობიერებაში, ისევ ისეთივე არჩევანს გავაკეთებთ. ჩვენ სხვანაირი არჩევანის გაკეთება არ ვიცით, ვიცით მარტო ემოციაზე დაფუძნებული არჩევანის კეთება, რის შედეგებსაც ვიმკით, ბოდიში და, „ცოცხების“ სახით.

ამაზეა საუბარი, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი პრობლემა არ არის ხელისუფლება. უფრო სწორად ხელისუფლება არის იმდენად, რამდენადაც ის საზოგადოების მიერ გაკეთებული არასწორი არჩევანის შედეგია. პრობლემის თავი და თავი არის საზოგადოება და არ შეიძლება ასეთმა „აჯაგრულმა“ მიიღო კრიტიკა თუნდაც ხელისუფლებისგან.

იყო კრიტიკული ნოტები ივანიშვილის მიმართვაში და ამასაც საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა - დაჯდეს საზოგადოების ეს ნაწილი და გააანალიზოს არის თუ არა ამ კრიტიკაში რაციონალური მარცვალი.

ხომ არ შეიძლება არსებობდეს ელიტარული და ხელშეუხებელი ნაწილი, რომელსაც აქვს ექსკლუზიური, იმპერატიული უფლება ხელისუფლებისა და საზოგადოების დანარჩენი ნაწილის კრიტიკისა და პარალელურად, ნულოვანი პასუხისმგებლობა - აბა გაბედე და საზოგადოების ამ ნაწილზე რაიმე კრიტიკული თქვი! ნაციონალებს ჰქონდათ ტაქტიკა, მაშინვე ყველას ქვეყნის მტრად აცხადებდნენ, ამათ აქვთ არჩეული თავდაცვის ასეთი მოდელი, რომ როგორც კი ელიტარული არასამთავრობო სექტორის მიმართ კრიტიკულ აზრს გამოთქვამ, არადემოკრატი ხარ და სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგები.

საკმაოდ ვრცელი და მოცულობითი მიმართვა შემოგვთავაზა პრემიერმა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან თემებს შეეხო. თქვენი ყურადღება რა აქცენტებმა მიიქცია?

- ძალიან მომეწონა მესიჯი, რომლის თანახმადაც საზოგადოება იქნება პარტნიორი ხელისუფლების - კრიტიკოსი და პარალელურად პარტნიორი. არ შეიძლება არასამთავრობო სექტორი იყოს პარტნიორი მხოლოდ იმ უცხოური ორგანიზაციების, საიდანაც ისინი ფინანსდებიან - დღემდე სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო სექტორის საკმაოდ წარმომადგენლობითი ნაწილი იყო ასეთი.

ყველაზე საინტერესო ის არის, ისინი აფინანსებდნენ იმისათვის, რომ ამ ლოკალურ, არასამთავრობო სექტორს გავლენა მოეხდინა მთლიანად საზოგადოების ცნობიერების შეცვლაზე, რეალურად დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების და ღირებულებების დამკვიდრებაზე.

ეს ელიტარული ნაწილი არ იყო ამ მისიით დაკავებული, ის ორიენტირებული იყო მხოლოდ იმაზე, როგორ გაემართლებინა გრანტში ჩადებული ფული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ივანიშვილის პოსტულატებიდან არის ის, როდესაც ახალგაზრდობაზე საუბრობს, რომ ახალგაზრდებისთვის გზის გახსნას და კონკურენციის შექმნას შევუწყობ ხელსო, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მთავარი თეზა, თავი და თავი პრობლემის საზოგადოებაში, ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და გაქცევა.

ეს გვიჩენს ძირითად პრობლემას - ამიტომ ტრიალებნენ ერთი და იგივე სახეები ხელისუფლებაში სხვადასხვა პარტიების ან კოალიციების ეგიდით. ესეც ჩვენი ბრალია, დავუშვათ ვერ გავაკეთეთ პასუხისმგებლიანი არჩევანი და შეგვეშალა, შემდეგ ხელისუფლებას პასუხს არ ვთხოვთ!

რატომღაც ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს ისევ მათ ვირჩევთ, მათზე ვდებთ ფსონს, რომლებიც არაერთგზის იყვნენ ხელისუფლებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ეს იმიტომ, რომ არ ვიცით, ვის და როგორ მოვთხოვოთ პასუხი, ან რაზე არიან ისინი პასუხისმგებლები.

თუ ივანიშვილი შეძლებს არასამთავრობო სექტორში გადასვლით ამ ძალზე დიდი მისიის დაწყებას, ანუ როგორ გავხადოთ საზოგადოება პასუხისმგებლიანი, ჩავთვლი, რომ ის კიდევ ერთ, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან შექმნა ხელისუფლების მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით შეცვლის პრეცენდენტი და ივანიშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ მთავარი და გადამწყვეტი აქ იყო ნდობის ფაქტორი - ერთი მხრივ, საზოგადოება ენდო ივანიშვილს და მეორე მხრივ, ივანიშვილი ენდო საზოგადოებას.

ამ ნდობის შედეგად შევძელით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და ამ ნაბიჯითაც უნიკალურ პრეცენდენტს ქმნის - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობას და ხელისუფლებას საკუთარი სურვილით ტოვებს. ტოვებს იმისთვის, რომ არეალი შეუქმნას კონკურენციას როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში - ეს ძალზე მნიშვნელოვანია და იმედია ხვალინდელ საქართველოში ივანიშვილის ეს ნაბიჯი იქნებნა მაგალითის მიმცემი - სამაგალითონი იქნებიან არა წინა ხელისუფლებები, რომლებიც სისხლისღვრის ფასადაც კი მზად იყვნენ, შეენარჩუნებინათ ძალაუფლება.

როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კულტურაზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების, სწორედ ასეთი პრეცედენტები ქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას და ვფიქრობ, მომავლის გადმოსახედიდან, როდესაც გადავხედავთ რა შეძლო ივანიშვილმა პოლიტიკაში ყოფნის მოკლე დროში, პირველი, ალბათ, იქნება ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით აღება ხელში, და მეორე - დამოუკიდებელი საქართველოს 22-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი ხელისუფლებას ნებაყოფილობით ტოვებს, იმიტომ, რომ შექმნას კონკურენტული გარემო როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში.

კიდევ ერთი საინტერესო მესიჯი, როდესაც ამბობს, რომ ბეწვის ხიდზე გავიარეთ - კოაბიტაციისა და სამართლის აღსრულების შესახებ საუბრობს და ამბობს დასავლთიც შიშობდა „არ შევდგომოდით იგივე გზას, რითაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, – როცა ნაციონალები დაკავებების დროს სრულიად უგულებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს“.

გვახსოვს, ალბათ, საზოგადოება ამას, სულ მცირე, გულგრილობით შეხვდა, შემდეგ კი კმაყოფილებით ადევნებდა თვალს, როგორ ხდებოდა ამა თუ იმ ადამიანის დაკავება კანონის მოთხოვნათა იგნორირებით. სამაგიეროდ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გულგრილობით შეჰყურებდა, შემდეგ თავად აღმოჩნდა ამ უკანონობის მსხვერპლი, - მთლიანად საზოგადოება გახდა უკანონობის მსხვერპლი და ამიტომაც არის ძალზე მნიშვნელოვანი ამაზე ლაპარაკი.

ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, იმაზე, რომ სამართლის აღსრულების პროცესი არ მომდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა მიდიოდეს. ვეთანხმები ამას, მაგრამ გაცილებით მძიმე იქნებოდა ქვეყნის მომავლისთვის, რომ ამ ხელისუფლებასაც, სააკაშვილის ხელწერა აეღო. სამართლის აღსრულების პროცესში ფეხქვეშ გაეთელა კანონის მოთხოვნები. ამის მსხვერპლი, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, დღესაც გახდებოდა მთელი საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისგან მოდიოდა შეკვეთა, მასობრივად მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასჯა, ამ შეკვეთის შესრულებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ეს დაკვეთა არ გამხდარიყო საცდური, სამართალი აღსრულებულიყო სამართლის ფეხქვეშ გათელვით.

როდესაც საზოგადოების პასუხისმგებლობაზეა საუბარი, საზოგადოება თავად უნდა მიხვდეს, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, კანონისა და მისი მოთხოვნების დაცვა, თუ კანონის იგნორირებით მათი დასჯა. ეს ადამიანები ხომ იმიტომ გახდნენ დასასჯელნი, რომ კანონი გათელეს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში. სხვას კი არაფერს ვედავებით ნაციონალებს, დღეს თუ მათ დასჯას იმავე მეთოდებით მოვახდენთ, ისევ ჩაკეტილ წრეზე ვირტიალებთ.

ივანიშვილს მოჰყავს ის ძირითადი პოსტულატები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების აზროვნების შეცვლას გამოიწვევს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - ,,აზრის ლიდერებისპროფესიული ზრდა;

ადამიანური რესურსის, ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა; ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა;

ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად. რამდენად არის შესაძლებელი ამ პროცესში ხელოვნური ჩარევა ან ეს როგორ შეიძლება მოხდეს ისე, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ?

- მთავარი არის ის მექანიზმები რისი მეშვეობითაც ივანიშვილი შეძლებს საკუთარი რესურსის ეფექტურად გამოყენებას. დღეს საკმაოდ უცნაური ვითარებაა - პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდა საოცრად კონკურენტული გარემო, სამაგიეროდ არაკონკურენტულმა სივრცემ პოლიტიკიდან გადაინაცვლა არასამთავრობო სექტორში, სადაც ალტერნატივებიც კი არ განიხილება.

ყველა ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია არის ერთი ღირებულების, მიმართულების, იდეებისა და ხედვის მატარებელი. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ დღეს საზოგადოებაში არის აზრთა ჭიდილი და კონკურენცია. არადა ამისი აუცილებლობა ნამდვილად არის.

გარდა იმისა, რომ ერთიან ხედვას აფიქსირებენ, არც საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ და მის განვითარებაზე არ მუშაობენ. ეს სექტორი, როგორც ერთგვარი, ელიტარული კლუბი, ისე ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი საკუთარი კეთილდღეობაა და არა ის, რისთვისაც დაფინანსებას იღებენ - საზოგადოების ღირებულებითი სტატუსის ჩამოყალიბება.

არ მახსენდება, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი ქართული ფულით დაფინანსებულიყოს. იქნებ მოხდეს ამისი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პოლიტიკის მიღმა გასული ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ბიზნესმენი საქართველოში, მაგრამ მან მარტივად შეიძლება შექმნას ბიზნესკოალიცია, რომ ეს მხოლოდ მისი ფული არ იყოს და არ თქვან, რომ ივანიშვილმა თავისი არასამთავრობო სექტორი შექმნა. ამისგან თავდაცვის ძალიან მარტივი სტრუქტურა შეიძლება შეიქმნას ქართული ბიზნესფონდის სახით.

ქართულ მსხვილ ბიზნესს უნდა მოუწოდოს ივანიშვილმა, რომ ფული ჩადოს ქართული საზოგადოების განათლებასა და განვითარებაში. ეს არ იქნება ისეთი თანხები, რომელსაც ქართული ბიზნესი ვერ შეწვდება. ეს იქნება ყველაზე საშვილიშვილო და საშური საქმე - ქართული ფულით მოხდეს ახალი სახეების აღმოჩენა და ასპარეზზე შემოყვანა, იგივე ქართული ბიზნესის ლობისტი გახდეს არასამთავრობო სექტორი, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე ერთი კონკრეტული ხელისუფლების წარმატებულობა.

როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, რეიტინგის ვარდნასა და ხელისუფლებიდან წასვლას მაინც ვერ გადაურჩება ან შეიძლება, მის შემდეგ ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, მისი წარმატებები საერთოდ გაანულოს.

ამიტომ ვამბობ, რომ ძირი უნდა შეიცვალოს, საზოგადოება გახდეს პასუხისმგებლიანი, მისი არჩევანი იყოს გააზრებული და მერე საზოგადოება კი არ გაექცეს პასუხისმგებლობას არამედ თვითონ აგოს პასუხი თავის არჩევანზე - ეს არის ყველაზე მთავარი. თუ საზოგადოება არ იქნება ისეთი, როგორ საზოგადოებაზეც ახლა ვსაუბრობთ, ვერავინ ვერ იქნება დაცული, მათ შორის ვერც ბიზნესი, რადგან ბიზნესი დაცულია მხოლოდ პასუხისმგებლიანი საზოგადოების არსებობის პირობებში, მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოების პირობებში, რომელიც ისეთ ფატალურ არჩევანს არ აკეთებს-ხოლმე, როგორი არჩევანიც არაერთხელ გავაკეთეთ.