ვინ იქნება

ვინ იქნება "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი? დე ლაურენტისმა სამი ვარიანტიდან უნდა აარჩიოს

„ნაპოლის“ მომდევნო სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება და როგორც ჩანს, ფავორიტი გამოიკვეთა - სერჟიო კონსეისაო.

Sky Sport-ის ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს ნეაპოლელები წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობენ და კონსეისაოც მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. აღსანიშნავია, რომ ის თავის დროზე იტალიაში „პარმას“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა, შესაბამისად, იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

თუმცა, აურელიო დე ლაურენტისის სიაში კონსეისაო ერთადერთი არაა. „აძურის“ ასევე უკავშირებენ ვინჩენცო იტალიანოს და ტიაგო მოტას, რომლებიც შესაბამისად, „ფიორენტინასა“ და „ბოლონიას“ ავარჯიშებენ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლის ინფორმაცია ორი დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა.