ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალფრედო პადულამ, ტვიტერში დაწერა, რომ ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.
კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ძალიან სურს ესპანელის თავის გუნდში ხილვა და უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნა. დე ლაურენტისი ენრიკეს წელიწადში ჯამაგირად 8 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს 2 მილიონის ბონუსები.
ესპანელიც თითქოს თანახმაა, მაგრამ ერთ გარემოებაზე ეჭვობს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს. საკმაოდ ამბიციური განცხადებაა, მაგრამ თუ კლუბმა ვიქტორ ოსიმენი და კი მინ-ჯე გაყიდა (რაზეც ხშირად საუბრობენ და მათ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ), საგრძნობლად შესუსტდება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
ლუის ენრიკეს კი არ უნდა გარემოების მსხვერპლი გახდეს, ამიტომ მისი ნეაპოლში გადაბარგების ამბავი ჯერჯერობით გაურკვეველია.