ორლანდო მეჯიქში კმაყოფილნი არიან იმ თამაშით, რაც გოგა ბითაძემ მათი მაისურით გასულ სეზონში აჩვენა და იმისკენ იხრებიან, რომ ქართველი ცენტრი მომავალი სეზონისთვისაც შეინარჩუნონ. ამის შესახებ Orlando Sentinel წერს.
“მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში მასზე უარი ინდიანა პეისერსმა თქვა და კონტრაქტი ორლანდო მეჯიქთან გააფორმა, ცდილობდა, რომ მოედანზე თავი გამოეჩინა. ქართველმა ცენტრმა სწორედ ორლანდოში მიიღო ის, რასაც ეძებდა. ამაზე თავად გოგაც საუბრობს.
"სეზონის შუაში გუნდის შეცვლა ყოველთვის რთულია. ინდიანაში ბევრი სათამაშო დრო ნამდვილად არ მქონია, ამდენად, ორლანდოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მეშრომა. ამასთან, როცა მწვრთნელი სათამაშოდ მიხმობდა, გავსულიყავი და მოედანზე ყველაფერი დამედო. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგად გამომივიდა".
ბითაძემ პეისერსში 3 სეზონი გაატარა, თუმცა, სეზონის განმავლობაში მისი საშუალო სათამაშო დრო 15 წუთზე მაღლა არასდროს ასულა. ბოლო სეზონში ინდიანაში საერთოდაც 9.6 წუთს ათამაშებდნენ და ამასთან, 57 მატჩში მოედანზე მხოლოდ 21-ში გამოჩნდა.
აი, მას მერე კი, რაც მეჯიქს 2-წლიანი კონტრაქტით (პირველი სეზონის შემდეგ, გაგრძელების პერსპექტივით) შეუერთდა, სათამაშო დრო მოემატა. ორლანდოს მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15 წუთში 5.8 ქულა და 5.2 მოხსნა ჰქონდა.
გოგა მალევე იქცა გუნდის პირველ სარეზერვო ცენტრად, ხშირად კი, მოედანზე მო ვაგნერთან ერთად იყო, როდესაც მეჯიქი ორი მაღლით თამაშზე გადადიოდა. ამ ფონზე ბითაძემ ორლანდოში 255 წუთი ჩაატარა და თავი განსაკუთრებით შეტევაში მოხსნებში გამოიჩინა. 36 წუთზე გადათვლით მეტოქის ფარზე საშუალოდ 5.1 მოხსმა მეჯიქში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
"შეტევაში უფრო აგრესიული ვიყავი. ფარზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი და ამაზე მართლა ბევრი ვიმუშავე. ვცდილობდი, თანაგუნდელებისთვის კარგი სქრინები დამეყენებინა, მონაწილეობა ბურთის განაწილებაშიც მიმეღო, მოკლედ, საერთო ჯამში, სწორად მეთამაშა. ახლა, უბრალოდ, ამავე მიმართულებით შრომა უნდა გავაგრძელო".
ქართველმა კალათბურთელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მწვრთნელ ჯამალ მოსლის და მის თანაშემწეებს იმისთვის, რომ მისი შრომა დაინახეს და ნდობა გამოუცხადეს.
"ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ინდიანაშიც მთელი წელი ვმუშაობდი, თუმცა, ამ ფონზე საკმარისი დრო არ მეძლეოდა. ეს ჩემში დიდ იმედგაცრუებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, აქ ჩამოსვლის შემდეგ სხვა რამ არც მიფიქრია. ვთქვი, რომ ისევ ბევრი უნდა მეშრომა და ამას აუცილებლად დაინახავდნენ. ნებისმიერი ახალგაზრდა კალათბურთელისთვის მწვრთნელის ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს მეტ თავდაჯერებულობას გაძლევს, რათა უკეთ ითამაშო".
შეგახსენებთ, რომ თუ ორლანდო ბითაძის ორწლიანი ხელშეკრულების მეორე წელს გაახანგრძლივებს, გოგა 2023-24 წლების სეზონში ხელფასის სახით $2.1 მილიონს მიიღებს. მეჯიქმა ქართველ კალათბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 30 ივნისამდე უნდა მიიღოს, მერე პრიორიტეტი ისევ ინდიანას მიენიჭება, სხვა კლუბებისთვის კი ის თავისუფალი აგენტი იქნება. Orlando Sentinel იუწყება, რომ ამ დროინდელი ინფორმაციით, ორლანდო ბითაძეს ხელშეკრულებას გაუგრძელებს.