"საჭიროა იმ ტრადიციული ურთიერთობის შენარჩუნება, რომელიც არსებობდა კავკასიელ ხალხებში და რომლის მიღმა, რასაკვირველია, რელიგიური ფაქტორიც იყო"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 17 მაისს ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ„ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა ტერორისტულ აქტივობას გეგმავდნენ. უწყებამ ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები ამოიღო. საქმეზე,­ რომელსაც გრიფი "საიდუმლო" დაედო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას­, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც ირკვევა, ტერორისტული დაჯგუფება აფეთქებებს ამერიკასა და ევროპის ქალაქებში თბილისიდან გეგმავდა.­ ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად საბრძოლო მასალასთან ერთად ამოღებულია მეხსიერების ბარათები, სადაც­ ევროპის ქალაქების სტრატეგიული­ ობიექტების სატელიტური ფოტოებია. დაკავებულები მითითებებს იღებდნენ, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერისგან, რომელიც, როგორც ამბობენ, თვეების წინ შემოვიდა საქართველოში და სპეციალური ჯგუფიც მოამზადა. ერთ-ერთი ვერსიით, ჯგუფი აფეთქების მოწყობას მეზობელ თურქეთში გეგმავდა. თურქმა სამართალდამცავებმა­ თბილისიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ 23 პროვინციაში 74 კაცი დააკავეს. როგორც თურქული მედია იუწყება, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურები საქართველოდან მოქმედებდნენ და იმართებოდნენ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის გამო საქართველოში უკვე 7 პირია დაკავებული, აქედან 6 საქართველოს მოქალაქეა, 1 - თურქეთის.

ერთ-ერთი ბრალდებული, ორჯუ მამე­დოვი, სამართალდამცავებმა რუსთავში დააკავეს. ის დანაშაულებრივ ჯგუფთან შემხებლობას უარყოფს. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი: "მამედოვს რელიგიური განათლება აქვს, ცოლ-შვილი ჰყავს და რუსთავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ვინაიდან ქალაქში მეჩეთი არ არის, დანარჩენებთან ერთად იმ ბინაში­ ლოცულობდა. იქ ის თურქიც დადიოდა. მამედოვი ამბობს, სხვების არ ვიცი, მაგ­რამ მე არავითარ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი არ მქონია, არც იარა­ღი და საბრძოლო მასალა, სამართალდამცავებმა ჩამიდესო (2 ცალი ხელყუმბარა).­ მის წინააღმდეგ არც არსებობს მტკიცებულება, ჩანაწერი და მისთანები. რაც შეეხება თურქს, მას საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის შეფარდებული­ ჰქონდა 5000-ლარიანი ჯარიმა, მერე ბინადრობის უფლება მოითხოვა და სანამ ეს საკითხი განიხილებოდა, აქ ლეგალურად იყო. როცა ბინადრობის უფლებაზე უარი უთხრეს, მიგრაციის ცენტრში გადაიყვანეს და დაკავებამდე 2 თვე იქ იმყოფებოდა".

"ისლამური სახელმწიფ­ოსგან" მომავალ საფრთხეებზე უსაფრთხოების ექსპერტ მამუკა­ არეშიძეს ვესაუბრეთ.­

- 5 წლის წინ პარიზის ცნობილი ტერაქტი, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, ბუდაპეშტში მომზადდა. ცნობილია, რომელ სასტუმროში გეგმავდნენ ტერაქტს, ვინ მონაწილეობდა, როგორ ჩავიდნენ სხვადასხვა გზით საფრანგეთში და ა.შ. - ანუ ამ რელიგიურ ტერორისტულ პოლიტიკურ ჯგუფებში ეს აპრობირებულია. ჩვენს ამბავს რაც შეეხება, ეს კონფიდენციალური საქმეა და მაინცდამაინც დიდ ინფორმაციას არ გაუჟონავს. ერთს გეტყვით - ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა პოლიტიკური ისლამის თურქული ფრთა და ამის მთავარი წყარო ის არის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" და პოლიტიკური ისლამის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ლიდერობისთვის დაპირისპირება გარკვეულწილად დასრულდა. თუ წლების განმავლობაში გაყოფილი ჰქონდათ სივრცეები - მაგალითად, "ალ-ქაიდას" თავისი­ სივრცე, ხოლო "ისლამურ სახელმწიფოს - თავისი და ცდილობდნენ, იქ სხვები არ შეეშვათ, ახლა სიტუაცია ოდნავ დაბალანსდა და ორგანიზაცია "ძმები-მუსლიმანებმა­" აიღეს ლიდერობა. მათ დღეს დიდი გავლენა აქვთ თურქეთში. პრაქტიკულად, იმ ისლამისტურ ორგანიზაციებს, რომელთაც თურქეთში მმართველი ძალა ეყრდნობა, ისევ ძველი მუსლიმანები წარმოადგენენ, ოღონდ მათი უფრო ზომიერი, ლიბერალური ფრთა. მათ უფრო დიდი გავლენა მოიპოვეს­ და უფრო აქტიურობენ კიდეც. მათი ჩართულობა ამაზე მიგვანიშნებს - პირველი შემთხვევაა საქა­რთველოს ტერიტორიაზე ტერაქტების გეგმა დგებ­ოდეს და მასში ჩრდილო­კავკასიელები არ მონაწილეობდნენ - ანუ ახლა თურქულმა ისლამისტურმა ორგანიზაციებმა აიღეს ხელში ინიციატივა. ხიფათი, რომელიც პოლიტიკური ისლამისგან მომდინარეობს, არსად გამქრალა.

- 6 აზერბაიჯანელის გარდა, მანამდე საქართველოში თურქეთის მოქალაქე დააკავეს.­ სავარაუდოდ, რა მისიით იმყოფებოდა ის ჩვენს ქვეყანაში?

- ჩემთვის ცნობილია, ვინ არის და რა ტიპის აქტივობები ჰქონდა საქართველოში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს,­ მაგრამ საქმეს გრიფი ადევს. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში­ არაერთი თურქი ცხოვრობს და მუშაობს, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა­ აქვთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქა­რ­თველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ისეთი ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთ­თან დაპირისპირებული არიან. მაგალითად,­ თურქული ოფიციალური ორგანიზაციები და გიულენის მიმდევრები­ (ჩაღლარის პროგრამაში რომ იყვნენ გაერთიანებული) კიდევ არიან საქართველოში, რადგან თურქეთში არ ჩაესვლებათ. საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთში დაპირისპირებული სხვადასხვა­ ტიპის აღმოსავლური ორგანიზაციებიც არიან და სწორედ ერთ-ერთს წარმოადგენდა ეს ჩვენი თურქი "მეგობარი". აზერბაიჯანელ დაკავებულებს რაც შეეხებათ, ისინი კარგა ხნის განმავლობაში­ იმყოფებოდნენ ვითომ თურქეთში, მერე ჩაერთვნენ ამ პროცესში, რასაც ჰქვია პოლიტიკური ისლამის ორგანიზაციები (ნაწილი იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთში და საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა). თავის დროზე, 2014-17 წლებში, სირიაში 800-კაციანი აზერბაიჯანელთა რაზმი იყო და მასში საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებიც იყვნენ. რაც მხოლოდ ოფიციალურადაა ცნობილი, სირიაში საქართველოდან 4 აზერბაიჯანელია დაღუპული, მათ შორის 2 ძმა გარდაბნის რაიონიდან.

- რას იტყვით თურქულ მედიაში გავრცელებულ ნარატივზე საქართველოში ტერორისტული მიზნით სამხედრო ბაზების არსებობის შესახებ?

- 2001 წლის მერე საქართველოში მსგავსი არაფერი ყოფილა. ის ბანაკები, რომლებსაც ისინი გულისხმობენ, არ არსებობს. შეიძლება ვიღაცის სახლში რაღაც იგეგმება, ინსტრუქტაჟი ტარდება, მაგრამ ამაზე არა მაქვს ინფორმაცია. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - ის გამოწვევა, რაც ჩვენი რეგიონის წინაშე არსებობს, არსად გამქრალა. ამის ძალიან ცუდი შემადგენელი ის არის, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ვერ აკონტროლებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა და სადაც სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე მუსლიმანი ახალგაზრდები სწავლობენ. ვერ ვიტყვი, რომ სპეცსამსახურები ამ მიმართულებით ცუდად მუშაობენ, მაგრამ მათი საქმე არ არის პოლიტიკა, მათი საქმეა­ პრევენცია. ამ საქმეს მარტო პრევენციაც არ შველის, რადგან იდეოლოგიური ფაქტორი ძალზე დიდ როლს თამაშობს. იმას აღარ ვამბობ, რომ საქართველოში შემსვლელ-გამომსვლელი ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გაკონტროლდეს ქვეყანაში შემოსული ლიტერატურაც.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენს რეგი­ონში ჩამოყალიბდა მოზაიკა, სხვადასხვა­ რელიგიური კონფესია ერთ მოზაიკაში მოექცა და ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ეს განპირობებული იყო იმით, რომ ერთმანეთს და ერთმანეთის იდეოლოგიურ მრწამსს კარგად იცნობდნენ და ანგარიშს უწევდნენ. დღეს, სამწუხაროდ, გაჩენილია ნაპრალი, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ხდება საზოგადოების მეორე ნაწილში. სიღრმისეული ცოდნაა საჭირო იმისა, რაც პოლიტიკური ისლამის სივრცეში­ ხდება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუსლიმანები, რომლებიც სხვა ტიპის რელიგიურ მრწამსს მისდევენ - სუფიურ ისლამს ვგულისხმობ (კავკასიაში ფეხმოკიდებულია სუფიური ისლამი). ეს არის ბევრად ტოლერანტული, მისაღები და უფრო მოქნილი ისლამი. დღეს ისინი იძულებულნი არიან მარტო ებრძოლონ სალაფიტური ისლამის წარმომადგენლებს, მათ სახელმწიფო, პრინციპში, ვერაფრით ეხმარება, არადა, მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ კავკასიური ისლამის ტრადიციული მიდგომების შენარჩუნება.