H. P. Lovecraft - ფსიქოდელიურ სცენაზე გაცოცხლებული მწერალი

H. P. Lovecraft - ფსიქოდელიურ სცენაზე გაცოცხლებული მწერალი

გასული საუკუნის ამერიკული მუსიკის ფსიქოდელიურ ერას სულ რაღაც 3–4 წელიწადი დასჭირდა იმისათვის, რომ პოპ მუსიკის მემკვიდრეობისათვის აურაცხელი რაოდენობის შედევრი დაეტოვებინა. იმ პერიოდის ბევრ ჯგუფს უცნაური თვისება ახასიათებდა. შეიძლება მთელი ალბომი რაღაც მდარე და მოსაწყენ სიმღერათა კრებულად მოგჩვენებოდა. სამაგიეროდ ამ სიმღერებს შორის მიაკვლევდი ერთს, ან თუნდაც ორს, რომლებიც აშკარად განსხვავდებოდა სხვებისაგან და საერთოდ ვერც იფიქრებდი, რომ ისინი ერთსა და იმავე ჯგუფის კალამს ეკუთვნოდა...

ანუ, შეუძლებელია გაეცნო გასული საუკუნის 60–იანი წლების მეორე ნახევარში შექმნილ ყოველ შედევრს, რადგან ჩანაწერების მოძიება ალბათ მომავალშიც გასტანს და ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი და აღიარებული ისეთი  წარმომადგენლებით, როგორიცაა The Doors, The Grateful Dead, Jefferson Airplane, Steppenwolf, თუ Kaleidoscope, ვერ შემოიფარგლება ფსიქოდელიური ერა.

ჯგუფებთან ერთად, ბევრი შემსრულებლის ვინაობაც უცნობია მსმენელისათვის, ხოლო ვინილის ფირფიტები კი სანთლით საძებნი და საკმაოდ ძვირი. ერთ–ერთი ასეთი ჯგუფია  H. P. Lovecraft, რომელიც მე–20 საუკუნის პირველი ნახევრის საშინელებათა და ფანტაზიის ჟანრის აღიარებული მწერლის - ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის  სახელს ატარებს.

ჯგუფი 1967 წელს მომღერალმა და გიტარისტმა ჯორჯ ედვარდსმა და კლავიშებიან ინსტრუმენტზე შემსრულებელმა დევიდ მაიკლსმა შექმნეს. მალე მათ სხვა თანამზრახველი მუსიკოსებიც მიუერთდნენ. საბოლოოდ კი H. P. Lovecraft ცხრაკაციან ანსამბლად ჩამოყალიბდა, რომელშიც ბევრნი მღეროდნენ და ზოგიერთი მათგანის სახელი, ისტორიას არც კი შემოუნახავს...

H. P. Lovecraft ილინოისის შტატის და კერძოდ დედაქალაქ ჩიკაგოს გარკვეული ახალგაზრდული წრეების ინტერესის სფეროდ იქცა. სულ მალე კი მან თვით The Grateful Dead–ის ერთ–ერთი გამახურებელი ბენდის სტატუსიც კი მოიპოვა ამერიკაში.

H. P. Lovecraft –მა როკ საგანძურს ორი სტუდიური და ერთიც საკონცერტო ალბომი შესძინა, ფსიქოდელიური ერის დასრულებასთან ერთად, თავადაც დაიშალა, შემდეგ 1975 წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა; მიხვდა, რომ აღარავის სჭირდებოდა და უკვე საბოლოოდ დაიშალა.

პირველი ალბომის სახელწოდება Sailing On The White Ship გახლდათ. ალბომი აბსოლუტურად სპონტანური ხასიათისაა და ფსიქოდელიური ერის ჯგუფებისათვის დამახასიათებლად, არასოდეს სცილდება ჰიპური სულისკვეთების ფარგლებს.

პირველი სიმღერა Wayfaring Stranger ბანალურია, თითქოს არ იცოდნენ რითი დაეწყოთ, მოგვაგონებს როგორც Jefferson Airplane–ს, ასევე Iron Butterfly–ს. ალბომი კი  მეორე სიმღერა Let’s Get Together-დან ცოცხლდება, როდესაც პრიმიტიულ (დამახასიათებელ) კლავიშურ ფონს, ზედ შემოჭრილი ფლეიტის მოტივი ერთვის,  

H. P. Lovecraft –ში ვოკალის პარტიები კი ტრადიციულად მრავალხმიანია. გაცილებით ღრმაა  ჰიპური ჰიმნი I’ve Been Wrong Before, ულამაზესი ტყიურ ფსიქოდელიური შორს მჟღერი ფლეიტით, სახასიათო ვოკალის პარტიითა და ხანმოკლე მისამღერით. ხმაურიანი და ყურის გამჭოლი The Drifter როგორც იქნა გიტარული აკომპანემენტითაა, ველით პირველ სოლოს ალბომში, მაგრამ რომც იყოს, ცხადია რომ ჟღერადობა ფსიქოდელიური ბენდების დიდი ნაწილის მსგავსად, კლავიშურია. აი გიტარაც თითქოს სოლოს გვიკრავს, მაგრამ ბოლოსკენ მას „ესტაფეტას“ კლავიშები ჩამოართმევენ და სიმღერაც მთავრდება.

მომდევნო სიმღერა That’s The Bag I’m In კლასიკურ ჰიპურია და მაინცდამაინც რომ არა მახვილი ყური, ვერც მიხვდები, რომ H. P. Lovecraft-ს უსმენ. მივადექით ალბომის ცენტრალურ, მისი სახელწოდების მატარებელ მეექვსე ნაწარმოებს. The white Ship ნაღვლიან მოტივზე აწყობილი ბოლერო რიტმზე აღმოცენებული კომპოზიციაა და ვოკალის პარტიის საკმაოდ ორიგინალურ, თუმც ფსიქოდელიურ ჩარჩოებში განვითარებულ მელოდიას, გემი ჯერ აღმოსავლურ მოტივში შეაცურებს, ხოლო შემდეგ კი კვლავ ბოლეროსა და ვოკალურ პარტიაზე დააბრუნებს. მალე თემას კლავისინის წამიერი მოტივი განავრცობს და გემიც თითქოს ასრულებს კრუიზს ფსიქოდელიურ ერაში,  საცხოვრებელ სახლად  რომ ქცეულა გასული საუკუნის 60–ების მილიონობით ახალგაზრდისთვის, რომელთა პიროვნულმა და მებრძოლმა სულისკვეთებამ, ძირეულად შეცვალა თაობათა აზროვნება. აი სიმღერა კი კვლავაც კლავისინის ჟღერადობით დასრულდა.

The Time Machine რეგტაიმის ყაიდაზე მომართეს, თან საათის ისრების ემოციაც დაატანეს, თუმც ძალიან მოულოდნელად, მისამღერი ადამიანს წამიერად ალბათ იმ პარალელურ სამყაროში აღმოაჩენს, რომლის განცდაც ყველაზე უკეთ ამ მუსიკოსებს და მათ თანამზრახველებს შეეძლოთ. That’s How Much I Love You Baby –ში ჯგუფი უფრო ჯაზურ სვინგური წიაღსვლებისკენ იხრება. იგრძნობა, რომ იყო ამ სიმღერის გაჰიტების სურვილი, რასაც კოლექტივის ერთი ნამუშევარიც კი არ ღირსებია. ალბომი კი რამდენიმე წამიანი სპირიჩუელსით სრულდება..

მეორე ალბომის გახსნაშივე როიალის ხმა გაისმა. Spin, Spin, Spin–ში ხმები შორს, უკან, ექო ფონებში მიფრინავენ, რაც უთამაშებლად ჰქმნის ფსიქოდელიურ აურას ფრიად მიმზიდველ მოტივში, სადაც ვოკალის პარტიის ყოველი შემდგომი შემოსვლა უფრო ინტენსიური ხდება. სიმღერის ბოლოსკენ ფორტეპიანოს ფონზე მინი სიმფონიური ორკესტრის შემოჭრა განსაკუთრებით ალამაზებს სიმღერას. მეორე სიმღერა It’s About Time-ს თავიდანვე ეტყობა, რომ არაპროგნოზირებადი გადასვლების ეპიცენტრად უნდა იქცეს. აქ თითქოს თავმოყრილია ყველა ის მუსიკალური ემოცია, რაც განუცდია ჯგუფის თითოეულ წევრს. ინსტრუმენტები სპონტანურია, ფიქრობენ მხოლოდ ფორტეპიანო და მასზე თანდართული ორკესტრი. მათ ფონზე მომღერლები კი გონზე არ არიან და დაფრინავენ Over the Hills And Faraway...

Blue Jack Of Diamonds–ში მუსიკოსებმა საწყისი ბგერებითვე ყოველგვარი ეფექტის გარეშე, ბრილიანტის ბრწყინვალების გადმოცემა სცადეს, შემდეგ კი კეთილი მეფის ამბების შესახებ ამბების მოყოლა დაგვიწყეს. ამასობაში მივადექით ალბომის ელექტრიფიცირებულ ცენტრალურ მეოთხე კომპოზიცია Electrollentando–ს. ჯგუფის არც ერთ სხვა კომპოზიციაში ისე  არ გამოვლენილა ფსიქოდელიური ერის მამოძრავებელი და იმავდროულად მომსპობი მასტიმულირებელი გარეშე ფაქტორების ზემოქმედება და რაც მთავარია საოცარი ეფექტი, როგორც აქ.

მომდევნო სიმღერა At The Mountains of Madness, Electrollentando–ს შედარებით მარტივი ფსიქოდელიური დანართია. მალე Jefferson Airplane–ის ხელთ გამოვლილ ფსიქოდელიურ ფოლკ კლასიკად ქცეულ High flying Bird–ს ვხვდებით. აქ მისამღერები უფრო მრავალფეროვანია, რადგან მომღერალი  სხვადასხვა განწყობებით იჭრება, ბოლოსკენ კი მაინც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიმღერა ზედმეტად გართულებულია.

ძალიან ლამაზად ჰკრავს ალბომს უაღრესად თბილი დამაბოლოვებელი Keeper Of The Keys. ორკესტრიც და ფორტეპიანოც აქ მოწოდების სიმაღლეზეა, ხოლო მათი  ტანდემი ზოგადად ალბომის კონცეპციის არსია...

საინტერესოა ბონუს ტრეკები, რომლებიც თავის დროზე სინგლებად იყო გამოცემული. Anyway That You Want Me ბობ დილანის Like A Rolling Stone–ს მცირემასშტაბიანი გამოძახილია. It’s All Over For You კი თითქოს ავტობიოგრაფიულია, რადგან დიდხანს H.P.Lovecraft–ის ყაიდის ჯგუფი ვერ იარსებებდა და ის ორი სტუდიური და ერთიც (სხვათა შორის გამორჩეული) ლაივ ალბომი, ძალიან ბევრია ჯგუფისთვის, რომელიც ან Jefferson Airlpane–სავით 2 წლით ადრე უნდა დაარსებულიყო, ან გაცილებით მობილიზებული ყოფილიყო იმ შედევრების გავრცელებისთვის, რაც მან დატოვა. მაგრამ მუსიკოსებს ამისათვის სად  ეცალათ...