ასენსიომ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა

ასენსიომ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა

მარკო ასენსიო მადრიდის „რეალს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

Relevo-ს ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გადაწყვიტა აღარ განაახლოს მადრიდელებთან კონტრაქტი, რომელსაც 30 ივნისს ეწურება ვადა.

ასენსიოს აგენტი ჟორჟე მენდეში მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებას დეკემბრიდან აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ კლუბის წინადადება უარყოფილ იქნა.

„რეალი“ მზად იყო ფეხბურთელისთვის ოდნავ მოემატებინა ხელფასი და კონტრაქტის ხანგრძლივობის ვადაც თავად აერჩია, თუმცა, ასენსიოს გუნდში გაცილებით მნიშვნელოვანი როლის თამაში უნდოდა.

როგორც იუწყებიან, მარკო შეთანხმებას ისეთ გუნდთან მიაღწევს, რომელიც ლა ლიგაში არ ასპარეზობს. მაგალითად, Calciomercato-ს ინფორმაციით „მილანს“ ჯერ კიდევ ბოლომდე არ უთქვამს უარი მის შეძენაზე.

ასენსიო მადრიდის „რეალში“ 2014 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში 16 ტიტული მოიგო, მათ შორის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ამდენჯერვე ესპანეთის პირველობა.

მიმდინარე სეზონში მან 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.