„ვიქტორ ყიფიანის გვერდით თუ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ჩინოსნები იქნებიან, მისი პოლიტიკური კარიერა კრახისთვის იქნება განწირული“

„ვიქტორ ყიფიანის გვერდით თუ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ჩინოსნები იქნებიან, მისი პოლიტიკური კარიერა კრახისთვის იქნება განწირული“

არსებობს თუ არა საქართველოში ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის ასათვისებლად კონკრეტული გეგმა, რათა პოლიტიკურ სცენაზე შემოვიდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თითქოს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ და მესამე ძალის ილუზია შექმნან, რათა 2024 წლისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კოალიციური მთავრობა შეუქმნან?

 ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სწორედ ასეთი მოთამაშეების გამოჩენას პროგნოზირებს და ამბობს, რომ ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ. თითქოს წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. მისი თქმით, ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, „ნაცმოძრაობის“ მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება.

შათირიშვილი ასეთ ძალების მიერ თამაშში შემოყვანილად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც მოიაზრებს და ამბობს, რომ ამერიკელებმა ჯერ სალომე ზურაბიშვილს დააწყებინეს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი, ახლა კი IRI-ის აფინანსებინებენ ღონისძიებებს, სადაც პოლიტიკური სტატუსის არმქონე ადამიანები ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ. ამის მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალისთვის ახალი სახეების შერჩევაა. ფილოსოფოსი ვარაუდობს, რომ ფსევდოშუაშისტური ძალის ჩამოყალიბებისას ამერიკელები სალომე ზურაბიშვილზე ფსონს მომავალშიც დადებენ.

„ცხადად იკითხება ამერიკელების მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალებისა და ფსევდოშუაშისტების კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და საქართველოში ახალი აგენტოკრატია დაამყარონ. საბედნიეროდ, ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ ხოლმე და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ნოდარ ხარშილაძესთან ერთად დააწყებინეს, რითაც ყველაფერს თავადვე მოჰფინეს ნათელი.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მცდელობის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ კეზერაშვილისთვის მიბარებაც. ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას ჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აყვეს იმ თამაშს, რომლის მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის მეშვეობით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა. თუ გვინდა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში, მათ მკაფიოდ უნდა მოვთხოვოთ, შეაფასონ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი წარსული და მას მკვეთრად გაემიჯნონ“, - წერს „ფეისბუქზე“ ზაზა შათირიშვილი.

მმართველ გუნდში, ზაზა შათირიშვილის წერილზე შეფასება გაკეთდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც, მისი თქმით, წარმოადგენს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი რამ - არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია - იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ა. შ. ეს ყველაფერი არის კოლექტიური. არ შეიძლება კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ როგორც არა „ნაცმოძრაობა“ და ერთგვარი შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ ამაზეა საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებისთვის არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა რევოლუციისა, არეულობისა და გადატრიალებისა. მათ არა აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის შესათავაზებელი და ეს მათ დავარდნილ რეიტინგზეც ნათალად მეტყველებს. ამიტომაც, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ისინი ამომრჩევლის მოტყუებას 2024 წლისთვის შეეცდებიან და ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის გადასაბირებლად გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს თამაშში შემოიყვანენ.

„დღევანდელ პოლიტიკურ სამყაროში და მით უმეტეს საქართველოში ე.წ. შუაშისტობა არ არსებობს, ეს წარსულს ჩაბარდა. საქართველოში ან არიან ნაცოპოზიციის მხარდამჭერები ან კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერები. ასევე არსებობს ელექტორატი, რომელიც ხმას არც ერთს აძლევს და არც მეორეს. არა ერთ კვლევაში ჩანს, რომ ასეთი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია. ასეთ ამომრჩეველს არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ გახედვაც კი არ უნდა. ამიტომ ისინი სრულიად ახალ ძალას ელიან. თუმცა ჩემთვის ე.წ. მესამე ძალის შექმნის მცდელობა ძალიან სასაცილოა.

ასეთი პოლიტიკური პროექტები უკვე ვიხილეთ, როგორც „ლელოს“, ასევე გახარიას პარტიის მხრიდან მოსახლეობის მხარდაჭერის შკალაზე არიან. ამიტომ აქ ერთი მთავარი მომენტია, ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობს და ძალიან აქტიურობს, ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაითვალსიწინოს, თუკი მის გვერდით „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ჩინოსნები იქნებიან, მისი პოლიტიკური კარიერა კრახისთვის იქნება განწირული. ციფრულ ეპოქაში ყველას შეუძლია ინტერნეტს ჩახედოს და ნახოს ათი წლის წინ ვინ რას აკეთებდა და სად იყო. არ მინდა სახელის და გვარების დასახელება, მაგრამ ყიფიანის გვერდით ჩანან ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მაღალჩინოსნები იყვნენ და ახლა ე.წ. ნეიტრალურ პოზიციონირებას თამაშობენ. ყიფიანისთვის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი იქნება, თუკი ის პოლიტიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმას ამ ადამიანებთან ერთად აპირებს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, შეპარვითი მცდელობები და საზოგადოების მოტყუება, თითქოს ასპარეზზე დამოუკიდებელი მოთამაშეები შემოდიან, რომლებიც სუფთა ხელებით პოლიტიკის კეთებას იწყებენ, აბსურდია. აბაშიძე ამბობს, რომ ეს იქნება ადამიანური და ფულადი რესურსების უაზროდ ხარჯვა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუკი ახალი პარტიის თუ პოლიტიკოსის გვერდით ისევ ნაცოპოზიციის და რეჟიმის ყოფილი წევრები იქნებიან, ამ პარტიის საქმე თავიდანვე დასრულებული იქნება.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან აფილირებული ჯგუფები, გარკვეულ თემებს, მედიას, თუ პოლიტიკოსებს ამოფარებულები, ცდილობენ ილუზია შექმნან, თითქოს ახალი პოლიტიკური პლატფორმა იქმნება. ეს ძალა კი ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩევლის მიზიდვაზეა გათვლილი. რეალურად კი, მის უკან ისევ ის ადამიანები იმალებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

„მათ საზოგადოების მოტყუება ამ მეთოდით 7-8 მარტს უკვე მოახერხეს, ახლა კი სწორედ ამ გათვლით პოლიტიკაში წინ ისეთი სახეების დაყენებას ცდილობენ, რომლებიც თითქოს პროდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან და ახალი ძალაა. რეალურად, მათ უკან ის სახეები დგნან, რომლებიც საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. რა თქმა უნდა, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუკი ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად კონსტრუქციული ოპოზიცია შემოვა და ამ პოლარიზებულ გარემოს დააბალანსებს და შეცვლის, მაგრამ სამწუხაროდ, რა კონტურებიც იხაზება, ეს ასე არ არის.

ვიქტორ ყიფიანი ნამდვილად ჭკვიანი ადამიანია და თუკი ის პოლიტიკაში დამოუკიდებლად შემოსვლას აპირებს, ამას რა სჯობია. თუმცა თუკი მისი სახელი ნაციონალებთან იქნება ასოცირებული და დაკავშირებული, მისი პოლიტიკური კარიერა კრახისთვის იქნება განწირული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაინახა, რომ მისი რეიტინგი ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომაც ის ნებისმიერ ფასად ეცდება, რომ 2024 წლისთვის მოკავშირეები გაიჩინოს. თუნდაც ეს არ იყოს ღია თანამშრომლობა და ფარულად ახალი მოთამაშეები შემოიყვანოს. საზოგადოება შეცდომაში უკვე არაერთხელ შეიყვანეს, იქნებოდა ეს უკრაინის ომის თემა და მეორე ფრონტის გახსნა თუ ევროკავშირის თემით მანიპულირება. თუმცა, ჩვენი მოსახლეობა მალევე ხვდება ამ შეფარულ მესიჯებს და მაშინვე მათგან დისტანცირებას იწყებს. ამიტომაც გამოსავლის ძიებაში არიან და არაა გამორიცხული, ეს გამოსავალი, სწორედ ე.წ. შუაშისტი პოლიტიკოსების გადათამაშებით ნახონ, რომლებიც 2024 წელს მათი მოკავშირეები იქნებიან“, - ამბობს კიკნაძე.

ლევკოთეა მეც მიკვირდა, რა მოვიდათ პალიტრამედიას გამოცემებს ბოლო პერიოდში.
10 თვის უკან
რომანი დიახ, სამწუხაროდ, "პალიტრა"- მ ისეთივე დეგრადაცია განიცადა, როგორც "ნაცმოძრაობა" -მ. ძალიან აქტუალურია ახალი მედია საშუალების ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული გრანტებზე, რაც არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ რეალობის ამსახველი, ობიექტური ინფორმაცია იქნას მომზადებული და მიწოდებული მკითხველისათვის. უნდა გამოიძებნოს ფინანსური საშუალებები, შეირჩეს სათანადო მენეჯერული ჯგუფი და ჟურნალისტები. მკაცრი დროა, ლოლიავის დრო აღარ არის, მტკიცე და ძლიერი ნაბიჯებია გადასადგამი. უცხოურ გრანტებზე დამოუკიდებელი, ახალი მედიაპლათფორმის შექმნა გადაუდებელი ამოცანად მესახება. მან ან მათ უნდა მოიზიდონ ის მომხმარებელი, რომელიც, ახლა, გულისტკივილით და ხშირად ზიზღით, იძულებულია ეწვიოს „ ამბები.ჯე“, „პალიტრა“ და ანალოგიური გამოცემების აღრეულ, ანგაჟირებულ, ტენდენციურ, გულისამრევი სენტიმენტალიზმით და სიძულვილით და სიცრუით აღვსილ გამოცემებს.
10 თვის უკან