საქართველოში მიგრაცია ყოველწლიურად იზრდება და პარალელურად მომრავლდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტურიზმის სექტორში თვითნებურად საქმდებიან და უცხოელ ტურისტებს ემსახურებიან. ქართველი გიდები ამის გამო საკუთრი თავის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ. ის კი არადა, ბევრი მათგანი უმუშევარიც დარჩა და პროფესიის შეცვლაც მოუწია.
როგორც „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა აღნიშნა, დღეს 10-დან 8 უცხოელი გიდია, შეიძლება ძალიან დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკაც გაჩნდეს.
„მესმის, რომ კარგია, როცა ბიზნესის კეთება ერთი მხრივ მარტივია, მაგრამ ამას გარკვეული რეგულაციები უნდა ახლდეს. ძალიან მინდა, ვისაც ეხება ამ კანონის დაჩქარება, ფეხით ერთხელ გაიაროს ქუჩაში და მივიდეს ტურისტულად აქტიურ ადგილებზე - აბანოთუბანში, ავიდეს მეტეხზე. დღეს 10-დან 8 უცხოელი გიდია. ჩვენი მოქალაქები კი რჩებიან სამსახურის გარეშე.
შეიძლება ძალიან დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკაც გაჩნდეს და ბიუჯეტში არ შევიდეს შესაბამისი თანხა. ეს ადამიანები ხელზე იღებენ ფულს, რომელიც არსად აღირიცხება. გიდების სერტიფიცირება უნდა იყოს სავალდებულო. თუ უცხოელი ჩააბარებს ჩემი ქვეყნის ისტორიას ისე, როგორც მისაღები იქნება, აიღებს ლიცენზიას და შემდეგ იმუშაოს“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა გადაცემაში „საქმე“.
ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტურიზმის სექტორში, რადგან ხშირად ისინი საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან ტურისტებს.
სწორედ ამიტომ, ტურიზმის მარეგულირებელი პოლიტიკის რეფორმა გიდებისთვის სხვადასხვა სახის პირობის შესრულებას გულისხმობს.
როგორც „იუსაიდის“ ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი პოლიტიკის და სამართლის საკითხებში ირაკლი გელოვანი აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით, გიდების შესახებ ჩანაწერი გულისმობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეშვეობით მოხდება იდენტიფიცირებისთვის სპეციალური ნიშნის შექმნა, ეს შეიძლება იყოს „ბეიჯი“ ან შტრიხკოდი, რომლის მოპოვებისთვისაც გიდებს სხვადასხვა პირობები ექნებათ, რაც კანონქვემდებარე აქტში გაიწერება.
„აკრედიტაცია გავლილ ორგანიზაციებს შეეძლებათ ასევე მსგავსი ნიშნის გაცემა, თუმცა მსჯელობები გაგრძელდება. სავალდებულო მოთხოვნები ჯერ არ შემუშავებულა, ეს არის ნებაყოფლობითი და ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, გარკვეული შეღავათები ექნებათ, მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე უფასო შესვლა და ა.შ. სამთო გიდებისთვის აკრედიტაციის მსგავსი მოდელი გვაქვს, თუმცა განსხვავდება იმით, რომ სავალდებულოა.
სერტიფიკატის გამოცდების ჩატარების და გაცემის შესაძლებლობა ყველა კომპანიას ვერ ექნება, ამისათვის მან აკრედიტაცია უნდა მიიღოს, რომელსაც გასცემს საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, რომელსაც აქვს სპეციალური პროცედურები. შესაბამისად, სქემა მუშაობს შემდეგნაირად: აკრედიტაციის ცენტრი გასცემს ნებართვას იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც სურთ, რომ თავის მხრივ გამოცდები ჩაატარონ და გასცენ სერთიფიკატები“, - აღნიშნა გელოვანმა.
გიდების პრობლემა უკვე ძალიან გაწვავდა და როგორც საქართველოს გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ივანიძე აღნიშნავს, მის რეგულირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ხელშესახები შედეგი როდის იქნება, ეს ჯერჯეობით გაურკვეველია.
„საკითხი ადგილობრივი გიდებისთვის პრობლემურია, რადგან დიდი რაოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქე ატარებს ტურებს და არავინ აკონტროლებს რა ინფორმაცია გადის ქვეყნიდან საზღვარგარეთ. ბევრი წარმატებული გიდი, რომლებიც წინა წლებში აქტიურად მუშაობდნენ, დღეს უკვე საქმის გარეშე ზის.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ ტურიზმის სფერო მოვაქციოთ კანონის ფარგლებში და ამანაც შეუწყო ხელი, რომ დაიწყო პრობლემაზე მსჯელობა. დიდი იმედი გავქვს, ეს მუშაობა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ირინა ივანიძემ.