ქვეყანას გაუჩნდა შანსი ელექტროენერგიის იმპორტისთვის ნაკლები თანხა დახარჯოს, ექსპორტიდან კი დიდი სარგებელი მიიღოს

ქვეყანას გაუჩნდა შანსი ელექტროენერგიის იმპორტისთვის ნაკლები თანხა დახარჯოს, ექსპორტიდან კი დიდი სარგებელი მიიღოს

საქართველოს ენერგეტიკაში დადებითი ძვრებია - ელექტროენერგიის ექპორტი იზრდება, ხოლო იმპორტი მცირდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ენერგომატარებლებზე ფასი მატულობს. ამ პირობებში ქვეყანას გაუჩნდა შანსი იმპორტისთვის ნაკლები თანხა დახარჯოს, ხოლო ექსპორტიდან დიდი შემოსავალი მიიღოს.

წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილიდან დაიწყო. როგორც ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსიდან ჩანს, ქვეყანამ 166 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია თურქეთში გაიტანა. ჯამში მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოს თითქმის 168 მლნ კვტ/სთ მოცულობის ელექტროენერგია აქვს ექსპორტზე გატანილი, საიდანაც ქვეყანამ 12 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

2023 წლის აპრილში ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი გამოაქვეყნა. ბალანსიდან ჩანს, რომ წელს მთავრობა ელოდება, რომ წელს ელექტროენერგიის ექსპორტი მილიარდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტი აპრილიდან დაიწყებოდა.

საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აპრილში ექსპორტის მოცულობა რეალურზე მაღალი 346,2 მლნ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო.

შთამბეჭდავი მონაცემები იყო შარშანაც. 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის (971 მლნ კვტ/საათი) 89% თურქეთში, ხოლო 11% სომხეთში გავიდა.

პარალელურად მცირდება ელექტროენერგიის იმპორტი და 2023 წლის აპრილში მინიმალურთან მიახლოებულ 4.26 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, 4.3 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

იმპორტის კლება და ექსპორტის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა შიდა მოთხოვნას საკუთარი გამომუშავებით აკმაყოფილებს, ჭარბ ენერგიას კი საზღვრებს გარეთ ყიდის.

სწორედ ამ დადებით გარემოებაზე საუბრობენ ენერგეტიკოსები. გია არაბიძე ხაზს უსვანს, რომ ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება, ამიტომ იყიდება ქვეყნის გარეთ.

„გაზაფხულზე, მაისის და აპრილის თვის დასაწყისში წყალი იმატებს და ბუნებრივია, რომ ჩვენი ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება, ამიტომ იქმნება იმპორტის შესაძლებლობა. ამ პერიოდში ჩვენ საკმაოდ სერიოზული რაოდენობით ენერგიას გავიტანთ ექსპორტზე. ეს არ ნიშნავს მთლიანად გაყიდვას და ქვეყანაში თანხის შემოტანას, რადგან როდესაც გვიჭირს (დეკემბერში, იანვარში, თებერვალში) სხვებისგან ვყიდულობთ და ზოგი შესაძლოა, ნასასხები გვქონდეს და უკან ვუბრუნებდეთ. ეს არის ტრადიციული სიტუაცია, რომელიც ყოველ წელიწადს გვაქვს.

ასევე იზრდება ჩვენი შემოსავლები და გაყიდულ დენს საკმაოდ კარგი ფასი აქვს. თუ მას არ გავყიდით, სხვას ვასესხებთ და თუ პრობლემები შეგვექმნება, ელექტროენერგიას უკან დავუბრუნებთ. ეს ძალიან კარგია ჩვენი ენერგეტიკის ბალანსისათვის“, - განაცხადა გია არაბიძემ და დასძინა, რომ საქართველომ 2022 წელს 85 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა და 43 მლნ დოლარის დენი იყიდა ანუ ყიდვა-გაყიდვაშიც დადებითი ბალანსი აქვს ქვეყნის ენერგეტიკას.

ენერგოსექტორში ახლა პრობლემა ისაა, რომ ქვეყანის განვითარების ტემპი, დარგის განვითარებას საგრძნობლად უსწრებს. ამან კი მომავალში შესაძლოა, შეფერხებები გამოიწვიოს. წესით კი, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს ისე, რომ ენერგეტიკა წინ უსწრებდეს დანარჩენი დარგების განვითარებას და არა პირიქით. საქართველოში განვითარება უფრო სწრაფია, ვიდრე დაკმაყოფილება და ახალი წყაროების ექსპულატაციაში შეყვანა. ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, საჭიროა ყოველწლიურად 6-7%-ის ფარგლებში განხორციელდეს სისტემაში დამატებითი სიმძლავრეების შეყვანა.