სეპარატისტულ რეგიონებში დაძაბულობა მატულობს

სეპარატისტულ რეგიონებში დაძაბულობა მატულობს

ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად აღიარა (2008 წლის 26 აგვისტო) საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს ამ ორ ტერიტორიას განსხვავებული ურთიერთობა აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან, მაგრამ ორივეგან შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა მძაფრდება.

აფხაზეთში მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, რაც მოსკოვიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, იმ რწმენას განამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინაც კი, თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქაურობა მიმზიდველია მილიონობით რუსი ტურისტისათვის.

ტომ დე ვაალმა ამას წინათ შენიშნა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტის 25 პროცენტი შედგება რუსული სუბსიდიებისგან და ამაში არ შედის „რუსეთის მიერ მძლავრად დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროგრამა გზებისთვის, სკოლებისთვის, სამთავრობო შენობებისა და სოფლის მეურნეობისთვის“.

სამხრეთ ოსეთი კი, პირიქით, 2008 წლის აგვისტოს ომში დანგრეული ინფრასტრუქტურისა და საწარმოო მოცულობების აღდგენისას, ისევ მთლიანადაა დამოკიდებული რუსულ სუბსიდიებზე. ამის გამოა, რომ გაცხარდა დებატები შემდეგ საკითხზე – ხომ არ უნდა შეუერთდეს სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას, ან როგორც ფედერაციის დამოუკიდებელი სუბიექტი, ან როგორც ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ნაწილი.

ამ დროს კი ორივე რეგონში რუსეთის ჯარი დგას, რამაც საბოლოოდ აღმოფხვრა ახალი ქართული თავდასხმის მუდმივი საფრთხე. (2008 წლის აგვისტოს საბედისწერო შეტევამდე სამხრეთ ოსეთზე, საქართველომ 1998 წელს აფხაზეთში შეჭრა და 2004 წელს სამხედრო ძალით სამხრეთ ოსეთზე საკუთარი კონტროლის აღდგენა სცადა.)

აფხაზეთში გეოპოლიტიკურმა სტაბილურობამ შედეგად სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცება მოიტანა, ხოლო ოპოზიცია ისე შეაგულიანა, რომ ისინი გაერთიანდნენ და ორი დე ფაქტო პრეზიდენტისგან ზედიზედ დათმობები მიიღეს. სერგეი ბაღაფში ფილტვის კიბოსგან 2011 წელს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მაშინ 18 თვის არჩეული იყო პრეზიდენტად, მეორე ვადით. სამი თვის შემდეგ, ვიცეპრეზიდენტი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აირჩიეს პრეზიდენტად. მან არჩევნებში ბაღაფშის მუდმივი მეტოქე, ეროვნული ერთიანობის ფორუმის ხელმძღვანელი, რაულ ხაჯიმბა დაამარცხა.

სწორედ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა ბაღაფშის კრიტიკას იმის გამო, რასაც ოპოზიცია კონსტიტუციის იგნორირებას, ოპოზიციური პარტიების აქტივობის და მათთვის მედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას უწოდებდა.

ოპოზიცია ბაღაფშს იმაშიც სდებდა ბრალს, რომ რუსეთთან გაუმართლებელ დათმობებზე მიდიოდა, მაგალითად, გადასცა რეგიონის საზღვრების, აეროპორტის და რკინიგზის კონტროლი, ხოლო როსტნეფტს უფლება მისცა აფხაზეთის შავიზღვისპირა ნავთობის მოპოვებაზე. ოპოზიციამ ვერ მიაღწია ბაღაფშის გადადგომას, მაგრამ მოახერხა იმ კანონპროექტის მიღების შეჩერება, რომლის თანახმადაც აფხაზეთის სამხრეთ რეგიონის, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოსაზღვრე გალის რაიონის ეთნიკურად ქართველ მცხოვრებლებს აფხაზეთის მოქალაქეობა უნდა მიეღოთ.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხაჯიმბა სათავეში ჩაუდგა ასეთივე შეტევას ანქვაბზე. 28 თებერვალს, მისმა პარტიამ „ეროვნული ერთიანობის ფორუმმა“ სოხუმში დემონსტრაცია ჩაატარა, სადაც აპროტესტებდა ელექტროენერგიის გადასახადის მკვეთრ მატებას და პურის გაძვირებას. ანქვაბი შეხვდა დემონსტრანტებს, აღიარა, რომ სიტუაცია „რთულია“ და დასძინა, რომ რესპუბლიკა მის წინაშე მდგომ პრობლემებს ახლავე ვერ გადაჭრის.

10 დღის შემდეგ ოპოზიციამ კიდევ ერთი დემონსტრაცია გამართა, სადაც ითხოვდა პრემიერმინისტრის, ლეონიდ ლაკერბაიას გადადგომას და დროებითი მთავრობის დანიშვნას, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ხელისუფლება მზადაა გაატაროს რეფორმები. დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაჯინბამ აფხაზეთის მთავრობას ბრალი დასდო იმაში, რომ ანქვაბმა ვერ შეასრულა საარჩევნო დაპირებები და გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე და არც ხალხს აწვდის ინფორმაციას. მაგრამ ანქვაბმა ყველა მათ მოთხოვნაზე, მათ შორის იმაზეც, რომლის თანახმადაც მოსკოვიდან მიღებულ ფინანსების ხარჯვას გააკონტროლებდა საპარლამენტო კომისია, უარი უთხრა.


მოგვიანებით, 12 ივნისს, მმართველმა პარტიამ „ერთიანი აფხაზეთი“, გამოაცხადა, რომ აღარ უჭერს მხარს ანქვაბს, რასაც პარტიიდან ბევრი მისი წევრის გასვლა მოჰყვა. ერთი თვის შემდეგ „ერთიანი აფხაზეთი“, FNEA, აფხაზეთის სახალხო პარტია, ეკონომიკური განვითარების ცენტრისტული პარტია (PERA) და ხუთი სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდნენ საკოორდინაციო საბჭოში. საბჭოს მიზანია „საზოგადოებაში არსებული კრიზისის დასაძლევად პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, ხელისუფლებასთან დებატების დაწყება, მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლებების დაცვა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება“.

საკოორდინაციო საბჭოს შეუერთდნენ აგრეთვე პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონის რუსულ უმცირესობას. საკოორდინაციო საბჭომ უკვე გამართა რამდენიმე მიტინგი მთელ რეგიონში, რათა ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა. საბჭოს დაგეგმილი აქვს პარლამენტისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენა. ამ ცვლილებებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ხელახალი გადანაწილება უნდა განხორციელდეს.

მოსკოვმა აშკარად გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს აფხაზეთის მთავრობას, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც. ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინი ანქვაბთან შესახვედრად გასულ თვეში სახუმში ჩავიდა. ხლოპონინმა „სამშენებლო სამუშაოების გიგანტური მასშტაბის გამო“ აღფრთოვანება გამოთქვა. მან პირობა დადო, რომ ამ წლის ბოლომდე მოსკოვი კიდევ დააფინანსებს აფხაზეთის მთავრობას 1.1 მილიარდი რუბლით ($33.3 მილიონი). ეს დახმარება იმ სამწლიანი ინვესტირების პროგრამის ნაწილია, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

15 აგვისტოს ანქვაბი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მათ განიხილეს ბოლო კვირებში კოკისპირული წვიმებით რეგიონისთვის მიყენებული ზარალის გამო გადაუდებელი ფინანსური დახმარების საკითხი. 25 აგვისტოს პუტინი ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა აფხაზეთს.

აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთში პოსტკონფლიქტური მშენებლობის კონტექსტში თითქმის არაფერი გაკეთებულა. 2008-2011 წლებში აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი 27.3 მილიარდი რუბლის უდიდესი ნაწილი უგზო-უკვლოდ გაქრა. პოლიტოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ღია დაპირისპირება იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და ვადიმ ბროვცევს, ჩელიაბინსკელ ბიზნესმენს შორის, რომელიც 2009 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პრემიერმინისტრად დაასახელა, რეალურად სხვა არაფერი იყო, თუ არა ბრძოლა ამ თანხებზე კონტროლის დასამყარებლად.

2012 წლის აპრილის არჩევნების შემდეგ, ლეონიდ თიბილოვმა, კოკოითის მემკვიდრემ და სამხრეთ ოსეთის ახალმა გენერალურმა პროკურორმა 70-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყეს. ზოგიერთი მათგანში ყოფილი მთავრობის პირები არიან გარეულნი. ინტერპოლს მოსთხოვეს, დაპატიმრების საერთაშორისო ორდერები გაეცა 9 ადამიანზე, მათ შორის არიან სამხრეთ ოსეთის ყოფილი მინისტრები, მაგრამ ბროვცევის გუნდი მათ შორის არაა.

რუსეთის აუდიტორულმა პალატამ ჩაატარა გამოძიება იმის გამოსარკვევად, თუ როგორ გაიფლანგა ფული. ამ გამოძიების შემდეგ, წელს დაფინანსება შემცირდა (წელს გამოიყო 4.25 მილიარდი რუბლი, 2011 წელს 6.4 მილიარდი რუბლი და 5.5 მილიარდი რუბლი 2012-ში), ხოლო პასუხისმგებლობა რუსული სუბსიდიების განკარგვასა და კოორდინაციაზე რეგიონული განვითარების სამინისტრომ თავის შვილობილი კომპანიებიდან ერთ-ერთს გადასცა.

თიბილოვის არჩევით დაიწყო ეტაპობრივი პოლიტიკური ლიბერალიზაცია. მისი ინაუგურაციის შემდეგ (2012 წლის აპრილი) 8 ახალი პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, მათ შორის, „ახალი ოსეთი“, რომელსაც სათავეში დავით სანაკოევი უდგას. სწორედ ეს სანაკოევი დაამარცხა თიბილოვმა არჩევნებში. თიბილოვმა შეასრულა თავისი პირობა, რომ შექმნიდა ეროვნული ერთიანობის მთავრობას – მან სანაკოევი საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრად დანიშნა, ხოლო ალა ჯიოევა, რომლის გამარჯვება 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, პრემიერმინისტრის მოადგილედ.

მაგრამ თავის ყოველწლიურ საპარლამენტო მიმართვაში, აპრილში, თიბილოვმა აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთი ისევ ძალიან გახლეჩილია. მან ისიც აღიარა, რომ იმ ოჯახების აღშფოთება, რომელთაც ჯერაც ვერ მიიღეს ახალი ბინები, 2008 წლის აგვისტოს ომში დანგრეული სახლების სანაცვლოდ, სამართლიანია.

ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე თვეში, თიბილოვი მედიის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ანალიტიკოსები ამ ტალღას ბროვცევს მიაწერდნენ. სხვებს ეჭვი კოკოითიზე ჰქონდათ. ეჭვი იმან გამოიწვია, რომ 2012 წლის სექტემბერში თავისი პარტიის „ერთობის“ შეკრებაზე მისი მოთხოვნები საზოგადოების გაერთიანების შესახებ თიბილოვის გარემოცვამ ისე გაიგო, როგორც პრემიერმინისტრად დანიშვნის ფარული მოთხოვნა. მას შემდეგ კოკოითიმ პარტია დატოვა, მაგრამ ღიად მიანიშნა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს: ინტერვიუში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან ხუთი წლისთავის გამო ჩამოართვეს, ის შეეცადა თავი ოსი ხალხისა და რეგიონის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის მხსნელად წარმოეჩინა. ევგენი კრუტიკოვი, სამხრეთ ოსეთის ეროვნული გვარდიის მეთაურის ყოფილი თანაშემწე, ვარაუდობს, რომ კოკოითი მუდმივად ეცდება დაიბრუნოს ოსური ელექტორატისა და კრემლის მხარდაჭერა 2014 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის და შექმნის ახალ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

საპარლამენტო არჩევნების კამპანია, ალბათ, ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხის გარშემო ფოკუსირდება: რეგიონის ეკონომიკის აღორძინება და მისი მომავალი ურთიერთობები რუსეთთან. ოსეთის მოსახლეობა დაახლოებით 20,000-ია (აფხაზეთისა – 240,000) და მას ტყის გარდა სხვა რესურსი ცოტა აქვს. რეგიონს საკვები პროდუქტი მთლიანად რუსეთიდან შემოაქვს გაბერილ ფასად. სწორედ ქმედითი ეკონომიკის არარსებობამ აფიქრებინა ზოგიერთს, რომ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება ან დამოუკიდებელი ფედერალური სუბიექტის სტატუსში, ან ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად, ერთადერთი სამომავლო პერსპექტივაა.

თიბილოვის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არათანმიმდევრული იყო. მან ჟურნალისტებს გასულ თვეში განუცხადა, რომ თუ მისი პრეზდენტობის დროს სამხრეთ ოსეთი და ჩრდილო ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანდებიან, ის თავის ცხოვრებისეულ მისიას შესრულებულად ჩათვლის. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს და, როგორც კრუტიკოვი აღნიშნავს, რუსეთის ორმა პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ფაქტი აღარ შეიცვლება.
foreignpress.ge