„რუსეთის ამოცანად იქცევა, საქართველო დაარწმუნოს, რომ დასავლეთი მისგან ვერ დაიცავს“

„რუსეთის ამოცანად იქცევა, საქართველო დაარწმუნოს, რომ დასავლეთი მისგან ვერ დაიცავს“

21 აგვისტოს დამასკოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამა მიიჩნევს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ ზიანი მიაყენა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სირიაში მიმდინარე ომზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს. თუმცა, ტელეკომპანია PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა აშშ სირიაში სამხედრო ინტერვენციას.

საფრანგეთის სამხედრო მეთაურთა გადაწყვეტილებით, ფრანგული ფრეგატი „შევალიე პოლი“ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიემართება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გემმა უკვე დატოვა ქალაქ ტულონის პორტი და სირიის საზღვრებთან ახლოს მყოფ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს შეუერთდება. საფრანგეთი, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, მხარს უჭერს სირიაში სამხედრო ინტერვენციას. რუსეთის გენერალური შტაბის განცხადებით, ორი რუსული ხომალდი სირიის საზღვრებისკენ დაიძრა. რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც სირიის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, აცხადებენ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია.

ქართველი ექსპერტები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ სირიაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებდნენ, რომ სირიაში საომარი მოქმედებების დაწყება პირდაპირ აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

რას უნდა ველოდეთ რუსეთისგან თუკი სირიაში სამხედრო ინტერვენცია დაიწყება, ამ თემაზე ექსოპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო, გაქვთ ინფორმაცია, რაზე იქნება დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება?

- დაგეგმილია ინგლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ხელახლა უნდა დადგეს კენჭისყრის საკითხი, რადგან საზოგადოებრივი აზრი ომის წინააღმდეგია. თუ ინგლისი მხარს არ დაუჭერს, მაშინ ობამას მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს მთელი პასუხისმგებლობა.

ანონიმური წყაროს ცნობით ხვალ დილით, გამთენიისას არის დაგეგმილი პირველი დარტყმები სირიის 50-მდე ობიექტზე. ეს ობიექტები უკვე შეთანხმებული და შეჯერებულია ლონდონსა და ვაშინგტონს შორის. მიიღებს თუ არა ლონდონი მონაწილეობას უცნობია - ოპერაცია ბრიტანეთის წყალქვეშა გემებიდან უნდა განხორციელებულიყო.

ჩვენთვის მთავარის ის კი არ არის, დაარტყამენ თუ არა, არამედ შედეგები. თუ რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ეს სადამსჯელო აქცია გადაიდო, მაშინ, ეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რუსეთის დიპლომატიის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება იქნება - როგორც 1956 წელს საბჭოთა კავშირი წინ აღუდგა სუვეცის არხთან დაკავშირებულ გეგმებს და გადააფიქრებინა, ახლაც შეუძლია რუსეთს საკუთარი გავლენის დემონსტრირების მოხდენა. ასეთ შემთხვევაში შეუძლია პუტინს ნიკოლოზ I-ის სიტყვებიც კი გაიხსენოს, რომ „რუსეთის თანხმობის გარეშე ერთი ქვემეხიც კი ვერ გაისვრის“ - მაგრამ თუ მაინც შედგა ეს აქცია, ეს იქნება რუსეთის, პუტინისთვის ყოველ შემთხვევაში, ყველაზე დამამცირებელი და მსოფლიო გავლენის თვალსაზრისით ყველაზე კატასტროფული მოვლენა.

რუსეთი არც ლიბიის და ეგვიპტის (რომ აღარაფერი ვთქვათ იემენზე, ტუნისსა და ალჟირზე), დასავლეთის აქციების ისეთი პრინციპული მოწინააღმდეგე არ ყოფილა, როგორი წინააღმდეგიც ახლაა - ეს უკანასკნელი ზღუდეა, როგორც 1941-ში უკან მოსკოვი იყო და აღარ შეიძლებიოდა უკან დახევა, დღესაც ანალოგიური სიტუაციაა. სირიის იქით უკვე აღარაფერი შემორჩება რუსეთის გავლენას, სირია უკანასკნელი ბარიერია.

მართალია სირიის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ობიექტი ტარტუ, უკვე სამხედრო სახელოსნოსავით გამოიყურება, მაგრამ მაინც სამხედრო ობიექტია. საბჭოთა ძლევამოსილების შემდეგ უკანასკნელი სამხედრო ობიექტი და ამასაც დაკარგავს რუსეთი. ამიტომ აქ უკვე ფსონი დევს - რუსეთის სახის შენარჩუნების, მისი ღირსების საკითხია.

რუსეთს თუ დათმობა მოუწევს რა არის მისგან მოსალოდნელი, შეეცდება პროვოკაციები მოაწყოს?

- თუ დათმობა მოუწევს, ვერაფერსაც ვერ გააკეთებს, მას აღარც საბჭოთა და აღარც ძლევამოსილი რუსეთის იმპერიის ძალა არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში ის შეეცდება რევანში აიღოს როგორც ევროპასთან ასევე აშშ-სთან ურთიერთობაში, იმ სფეროებში, სადაც მას ჯერ კიდევ შეუძლია. იქ, სადაც დასავლეთი ჯერ კიდევ დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობით. ეს მხოლოდს ენერგეტიკა არ არის, ეს არის იგივე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, ტერორიზმთან ბრძოლა, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სივრცის ათვისების პრობლემები და ა.შ. ბევრი სფეროა, სადაც დასავლეთს ჟანგბადივით სჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა, ასეთია: განიარაღების საკითხები, ბირთვული იარაღი და სხვა.

რაც შეეხება ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობათა გამწვავებას, ეს უკვე გარანტირებული იქნება. ერთ-ერთი სფერო, სადაც რუსეთი შეეცდება კიდევ საკუთარი გავლენა დაამტკიცოს, ეს იქნება ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ლტოლვა დასავლეთისაკენ.

პირველ რიგში, ავანგარდში საქართველო დგას, რუსეთის პოზიცია კიდევ უფრო მძაფრი და შეურიგებელი იქნება და შეიძლება ითქვას, რომ „რიკოშეტს“ მივიღებთ, განსაკუთრებით, თუ ქართული დიპლომატია ისევე სირაქლემასავით მოიქცა, როგორც დღეს.

რას გულისხმობთ?

- არ ვიცით, ამერიკაში რომ იყო ჩასული ალასანია, მას რაზე ესაუბრნენ კოლეგები, რადგან ამ ვიზიტის დროს ამერიკას სირიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. საინტერესოა, ჩააყენეს თუ არა ალასანია საქმის კურსში - ჩვენ ხომ სტრატეგიული მოკავშირეები ვართ.

ეს კიდევ ერთი სიმტკიცის გამოცდაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების. თუ ჩვენი თავდაცვის მინისტრი საქმის კურსში არ არის და მხოლოდ ავღანეთზე ელაპარაკნენ, თუ საქმის კურშსი არ ჩააყენეს ობამას მმართველობის ყველაზე სარისკო ოპერაციის შესახებ, ეს გარკვეული დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს.

თუ საქმის კურსში ჩააყენეს, მაშინ, გამოდის, რომ ქართული დიპლომატია და ჩვენი თავდაცვის სამინისტრო რაღაც ორი სხვადასხვა, არა თანამშრომლობის რეჟიმში მოქმედი ორგანიზაციები ყოფილან.

რამდენიმე დღის წინ, ვიდრე სირიის თემა ამ დონეზე გააქტიურდებოდა, პუტინმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს, რა მოხდება სირიაში. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მას ეგულება ისეთი ბერკეტები, რომელსაც მისთვის სასარგებლოდ აამოქმედებს? უშვებთ თუ არა რომ ეს ბერკეტები შესაძლოა, კავკასიაშიც ვეძებოთ?

- არ მგონია, ეს ირანი იყოს - ამას გამოვრიცხავ. თანაც მთავარი ის არის, რომ სახმელეთო ოპერაციებს არც ამერიკელები გეგმავენ და არც ბრიტანელები. ირანში რომ აფეთქდეს, იქ უკვე სახმელეთო ოპერაციის გარეშე შეუძლებელი იქნება, მაგრამ სირიაში დაგეგმილია არაქიმიური საწყობების აფეთქება, თანაც ზღვიდან. მინიმალურად იქნება გამოყენებული თვითმფრინავები, რომ მსხვერპლი საერთოდ არ იყოს, განხორციელებული იქნება წერტილოვანი დარტყმები.

როდესაც პუტინი აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს, შეიძლება ითქვას, რომ ცუღლუტობს, რადგან ორი დღის წინ ლავროვის ინტერვიუში სულაც არ იგრძნობოდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს. პუტინს რომ არ აინტერესებდეს სირიაში რა ხდება, როგორ გაბედავდა „იზვესტია“ დამასკოში კორესპონდენტი გაეგზავნა და საათნახევრიანი ინტერვიუ აეღოთ ალ-ასადთან? ასეთი რამ უმაღლეს დონეზე თანხმდება, თუ არ აინტერესებს, ჩინელებთან ერთად რატომ მიატოვეს უშიშროების საბჭოს სხდომა? აინტერესებს, მაგრამ ძალა არ შესწევს ისეთი, რომ მაგიდაზე მუშტი დაატყას და თქვას, არა, შეჩერდეს!

ეს არ შეჩერდება, თუ თვითონ კოალიციაში არ მოხდა უთანხმოება. ინგლისის საზოგადოებრივი აზრი არა მხოლოდ ინგლისის მონაწილეობით, არამედ ზოგადად, სამხედრო აქციის მოწინააღმდეგეა. მათ რკინის არგუმენტი აქვთ - რაც ხდება ლიბიაში, ეგვიპტეში, იემენში, ტუნისში, ალჟირში, ერაყში - სადაც რადიკალი მუსლიმანები მოვიდნენ ხელისუფლებაში და საშინელება ტრიალებს.

რამდენიმე თვის წინ, For.ge-სთან ინტერვიუს დროს თქვენ თქვით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რა მოხდება სირიაში. დღეს შეგიძლიათ, გვითხრათ, რას უნდა ველოდეთ რუსეთისგან?

- თუ რუსეთი გამწარებული და დამცირებული იქნება - ეს, როგორც ერთი ჩვენი ლიდერი ამბობდა-ხოლმე, მისი „გაფარჩაგება“ იქნება. თუ რუსეთი ასე „გააფარჩაგეს“, ამერიკელებმა და ინგლისელებმა, პუტინს მარგველაშვილივით ფილოსოფიის ფაკულტეტი კი არა, სხვა სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ის ასეთ საჯარო შეურაცხყოფებს არ გადაყლაპავს.

რასაკვირველია, ის შეეცდება, სლენგი რომ გამოვიყენოთ, „აბაროტი აიღოს“. ეს იქნება მცდელობა, რაც შეიძლება მკვეთრად მიიჯაჭვოს ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რაც შეიძლება უფრო მყარი ბარიერები შექმნას თბილისა და ბრიუსელს, თბილისსა და ვაშინგტონს შორის.

ხომ ნახეთ, რაც ხდება უკრაინასთან დაკავშირებით, პუტინმა პირდაპირ განუცხადა იანუკოვიოჩს, როგორც კი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებ, რუსეთთან ვაჭრობა შეწყდებაო. განა უკრაინა დარწმუნებულია, რომ საკუთარ რძის ნაწარმს მარტო ევროპაში, პარიზსა და რომში გაყიდის?- საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ამას პუტინი აუცილებლად მიიჩნევს, უკან არასოდეს იხევს.

ჩვენთან მიმართებაში რა ბერკეტების გამოყენებას ელოდებით?

- საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ამხელა უმუშევბრობაა. ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენი მილიონი მოქალაქე რუსეთშია დასაქმებული, ერთხელ უკვე გამოიყენა რუსეთმა ეს ბერკეტი და მერე არც ბოდიში მოიხადა, არც აღიარა, რომ ბარბაროსულად მოიქცა - ზემოქმედების ბერკეტები ბევრი აქვს.

რუსეთის ამოცანად იქცევა, საქართველო დაარწმუნოს, რომ დასავლეთი მას ვერ დაიცავს რუსეთისაგან. არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, ვერ დაიცავს „რბილი ძალით“ შემოტევისაგან, ეკონომიკის თვალსაზრისით, უმუშევრობას ვერ შეამცირებს დასავლეთი ჩვენთან. რაც არ უნდა ასოცირებული ვაჭრობის ხელშეკრულება დავდოთ და ევროპული ბაზარი გაგვიხსნან, რა გვაქვს გასაყიდი, რას გავიტანთ?! ამიტომ რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით სულ უფრო მეტად გავხდებით დამოკიდებული.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა წააგო სირიის თამაში, გასაგებია, რომ ის მთელ კავკასიაში მდგომარეობის განმტკიცებას შეეცდება, მაგრამ რეალურად, ამიერეკავკასიაში გავლენები როგორ გადანაწილდება?

- ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან იქნება მცდელობა, გავლენის განმტკიცების. „შაგრენის ტყავივით“ რაც უფრო მცირდება იმპერიების გავლენის გეოგრაფიული სივრცეები, მით უფრო გამწარებული ცდილობენ იმპერიები მის შენარჩუნებას. როდესაც აღარც სირიაა, აღარც ახლო აღმოსავლეთი, ბალტიისპირეთმაც კი უკვე განგაშის ზარს შემოჰკრა, ეს მეტყველებს, რომ რუსეთს რთულად აქვს საქმე.

თუმცა, მაინც მიკვირს, ნატოს წევრი ქვეყნები ერთ ამბავში არიან და ჩვენ არც კი ვცდილობთ რუსეთთან სრულყოფილი დიალოგის დაწყებას. ხომ უნდა დავიწყოთ გარკვევა, რუსეთს რა უნდა? მაგრამ იცით რაშია საქმე? -ჩვენი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლად იქცა, როგორც კი ვინმე იტყვის, რომ რუსეთთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, მაშინვე გამოხტებიან „რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკე“ ჩვენი პატრიოტები და მოღალატესა და რუსეთის აგენტს ეძახიან ყველას. ხელისუფლებაშიც არავინ არ აღმოჩნდა ისეთი მტკიცე პოლიტიკური ნების, რომ ესენი ერთხელ და სამუდამოდ მოუსავლეთში გაგზავნონ. ჩვენ კი ისიც ვერ გავარკვიეთ, რუსეთი კონკრეტულად რაც გვთხოვს და ჩვენ რას ვთავაზობთ, არაფერია კონკრეტული, გარდა ლოზუნგებისა, ამ დონეზე დავრჩით.