„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. „ლავალთან“ მატჩში ქართველმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჟირონდელთა მწვრთნელმა მის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა.
„ვფიქრობ, ზურიკოსთან საკმაოდ ზუსტი მენეჯმენტი გვქონდა. თვე-ნახევარი, ორი თვეა, რაც ის რეგულარულად კარგად თამაშობს, ვხედავთ, რომ გუნდისთვის ბევრი რამის მოტანა შეუძლია ტექნიკით, სიჩქარით და დარტყმებით. ის, რაც ასევე მომწონს, არის ის, რომ საჯარიმოში უფრო ნათელი გახდა, რაც საშუალებას აძლევს განავითაროს თავისი უნარები და ფინიშერის თვისებები.
ასევე მინდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, რადგან მას ნაკრებში 30 მატჩამდე აქვს ჩატარებული და ეს გამოცდილება თანაგუნდელებს უნდა გაუზიაროს და გუნდს გადასცეს. როდესაც მნიშვნელოვანი მატჩია, ის მშვიდია, არიან მოთამაშეები, რომლებსაც თავის გამოჩენა მაღალი დონის შეხვედრებში შეუძლიათ“, - თქვა გიონმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ში ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. „ბორდო“ სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ძალიან ახლოსაა ლიგა 1-ში აღზევებასთან.