თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ალექსანდრე ქართველის მუზეუმში (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ალექსანდრე ქართველის მუზეუმში (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) მუზეუმს ესტუმრა. ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი ავიატორის მიერ შექმნილი ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ნიუ-იორკში, ლონგ აილენდზე ქართველი ავიატორის საფლავიც მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ალექსანდრე ქართველი ყველაზე დიდი მოღვაწეა ამერიკის სამხედრო ავიაციაში. „ის აშშ-ის სამხედრო ავიაციის, სამხედრო დომინირების ფუძემდებლად ითვლება. მისი სახელის წამოწევა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კიდევ ერთი შეხსენება იქნება, თუ რა ღრმად მიდის ქართულ-ამერიკული მეგობრობის ფესვები“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, თბილისში ალექსანდრე ქართველის სახელობის მუზეუმის შექმნაა გადაწყვეტილი.

როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, ქართული სახელმწიფოს ვალია ქედი მოვიხაროთ ალექსანდრე ქართველის წინაშე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი სახელი უკვდავყოფილი იქნას.

ქართველ ავიაკონსტრუქტორს აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. ალექსანდრე ქართველის სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, მათ შორის P-35, P-47, F-84, F-105 და A-10. ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კამპანიებში იყენებდნენ - II მსოფლიო ომში, კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი A-10 Thunderbolt II ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) აშშ-ის ატომურ და „ნასას“ პროექტებშიც იყო ჩართული. მან უდიდესი როლი შეასრულა აშშ-ის საჰაერო ძალების ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე განხორციელების პროცესშია.