დემოკრატიული ქაოსი

დემოკრატიული ქაოსი

„დღევანდელი ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა გახლავთ პოლიტიკური უმწიფრობა, რომლითაც კარგად ისარგებლა სააკაშვილმა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ხელისუფლება დაქირავებულია ხალხის მიერ და არა პირიქით. სააკაშვილი კარგად მიხვდა, რომ ხალხს ამის გაგება არ ჰქონდა, ამიტომ საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს“,- განაცხადა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა პოლიტიკიდან წასვლაზე იქამდე ალაპარაკდა, ვიდრე ის საზოგადოება, რომელმაც ლიდერად აირჩია, პოლიტიკური სიმწიფის ხანაში შევიდოდა.

სად არის რეალური პრობლემა და რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა პოლიტიკურიდან საზოგადოებრივ ფრონტზე გადანაცვლება ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის სურვილიც იმით არის განპირობებული, რომ პოლიტიკურად უმწიფარ ქვეყანაში ცივილური მეთოდებით მართვა შეუძლებელია? თუ ასეა, ძნელია, არ დაეთანხმო, მაგრამ ალბათ, ივანიშვილს უნდა სცოდნოდა როგორი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის მქონე ქვეყნის ლიდერობა მოუწევდა...

- ფორმულირებას, რომ ივანიშვილი უმწიფარი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების წინაშე პირისპირ აღმოჩნდა, მისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო და ამიტომ მიდის პოლიტიკური სივრციდან, - არ ვეთანხმები.

ვფიქრობ, როდესაც ის საუბრობს საზოგადოებრივი სპექტრის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე, უნდა ვიგულისხმოთ ის გამოწვევები, რომელიც საზოგადოებას შეიძლება ელოდეს უახლოეს წლებში, იმ მიზეზით, რომ მას მართლაც სჭირდება პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.

თუ ღრმად გავაანალიზებთ, პრობლემა თავად საზოგადოებაში დევს, მისი პრობლემები მოდიოდა მისი არასწორი არჩევანიდან. ყველა ის ხელისუფლება, რომელიც მიიღო ქართულმა საზოგადოებამ, იყო მისი არჩევანი. ამ არჩევანს ბუნებრივია, უამრავი მიზეზი განაპირობებდა - სოციალური, პოლიტიკური.

ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველი არჩევანის მომზადების პროცესში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, რომელიც ქართული რეალობის სამწუხარო ტრადიციად იქცა. ეს განაპირობებდა არასწორ არჩევანს და შემდეგ უკვე არ გვქონდა ამ არასწორად არჩეული ხელისუფლების კონტროლისა და მართვის ბერკეტები.

მთავარი ის არის, რომ ეს პრობლემები წარსულში არ დარჩენილა. ეს არის დღევანდელი რეალობაც - ქართული საზოგადოების დღევანდელი და ხვალინდელი სახე. თუ საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლებაზე არავინ იზრუნა (და ვფიქრობ, ეს მაინც ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ამოცანაა), საზოგადოება კარგახანს დარჩება ასეთად - ერთი მხრივ, მანიპულაციებისთვის მეტისმეტად ღია სივრცედ და მეორე მხრივ საზოგადოებად, რომელიც არჩევანის გაკეთებისას ნაკლებად გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე, ნაკლებად აკეთებს გააზრებულ არჩევანს და შემდეგ იღებს იმ რეალობას, რომელიც მივიღეთ ყველა წინა არჩევნების დროს.

თუ გვინდა, ხვალ და ზეგ რამე შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს სწორედ ეს. ანუ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ის კრიტიკული მასა, რომელიც შეძლებს გააკეთოს გააზრებული არჩევანი და შემდეგ პასუხი აგოს მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. პასუხი აგოს იმითი, რომ გააკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება.

ამისათვის სერიოზული მექანიზმებია ასამოქმედებელი და ჩასადები საზოგადოებაში. მეორე მხრივ, იმავე საზოგადოებამ უნდა შეიმუშავოს ანგარიშვალდებულების მექანიზმები, იმ პოლიტიკურად აქტიური სუბიექტების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე. ვგულისხმობ თუნდაც იგივე ლიდერებს, რომელთა ნაწილიც საზოგადოებრივი აზრის სერიოზულ მანიპულირებას ეწეოდა.

ეს რომ მხოლოდ ქართულ სენად მივიღოთ, არ ვიქნებით მართალი, საინფორმაციო სივრცის საზოგადოებრივი აზრის მანპულირებისთვის გამოყენებას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ეს უფრო მარტივად მისაღწევია.

მეორე მხარეა, დაცვის რა მექანიზმები გააჩნია საზოგადოებას - სწორედ ეს განსაზღვრავს საზოგადოების პოლიტიკურ სიმწიფეს, ანუ რამდენად ღიაა და დაუცველი ამ ტიპის მანიპულირებისთვის, ან რამდენად დაცულია და რამდენად შეუძლია განასხვავოს ვირტუალური რეალობა, რომელსაც მას სთავაზობენ, ნამდვილი რეალობისგან.

დღემდე არც ერთ ხელისუფლებას ამ მიმართულებით საზოგადოების განვითარებაზე არ უზრუნია, რადგან ეს არავის არ აწყობდა.

თუ ეს არ შევცვალეთ, წავალთ იგივე წრეზე. ამ თვალსაზრისით ივანიშვილი მართალია, როდესაც მთავარ საფრთხეს საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების, იგივე საზოგადოების მოუმწიფებლობაში ხედავს.

ანუ დღეს რა რეალობის წინაშე ვართ, მთავარი პრობლემა საზოგადოების უმწიფრობაა?

- დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულისა და 2000-იანი წლების დასაწყისის საქართველოს. თითქოს, დეჟავუ ხდება, იმდენად ბევრი პარალელის გავლება შეიძლება.

დღეს მოხდა საოცარი რამ - პოლიტიკური სპექტრი, სადაც ბოლო 9 წლის განმავლობაში კონკურენციისთვის ადგილი არ რჩებოდა, აბსოლუტურად გაიხსნა, თანაბარი პირობებია შექმნილი პოლიტიკური სუბიექტების განვითარებისთვის, მაგრამ ამ არაკონკურენტულმა გარემომ გადაინაცვლა უკვე არასამთავრობო სექტორში.

რეალურად თუ შევხედავთ, მთელი ეს სექტორი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფონის მიმცემია, სამომავლო პერსპექტივაში არის ერთი პოლიტიკური ძალის საკადრო რესურსი.

საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა სახემ, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებულებმაც და ისეთი ნულოვანი რეიტინგის მქონეებმაც, როგორიც იყო იგივე შაშკინი, რომელმაც დღეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, ბევრმა გაუსვრელმა სახემაც, მაღალი კვალიფიკაციის მქონემ და მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე ნამუშევარმა, ყველამ ერთად არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა.

მათი ინტელექტის დონე ძალიან მაღალია იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიო, მითუმეტეს, თუ არაორგანიზებულია ეს კონკურენცია. მეორე ნაკადი არასამთავრობო ორგანიზაციების არის ის, ვინც თავისი სიჩუმით, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნილი რაპორტებით, ფაქტობრივად „ათეთრებდა“ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას. ამასთან, ისინი საკმაოდ წარმომადგენლობითი და პოპულარული ენჯეოები არიან. არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრიც, საკმაოდ მსუყე ბიოგრაფიის მქონე, რომელიც ცდილობდა ობიექტურობის შენარჩუნებას, მაგრამ ახლა მათზე არ ვისაუბრებ.

დღევანდელი ძირითადი სპექტრი ამ არასამთავრობო სექტორისა, ძირითადად, ამ ორი მიმართულებით არის წარმოდგენილი - ყოფილი ნაციონალები და წარსულში მათი საქმიანობის ირიბად მხარდამჭერნი (რაც შესაძლოა, საზოგადოებისთვის აშკარად თვალშისაცემი არ იყო, მაგრამ ნაცმოძრაობის იდეურ მხარდამჭერად გვევლინებოდნენ).

ხვალ თუ „ნაცმოძრაობამ“ სახე და სახელი იცვალა, სწორედ ამ ტრანსფორმირებული „ნაცმოძრაობის“ საკადრო რესურსია ამ სექტორში. მათთან ერთად, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისაც, რადგან იდეურად ესენი ერთი ხედვის მქონე პოლიტიკური აქტორები არიან.

სხვა, ალტერნატიული მიმართულებისა და ხედვის მქონე ენჯეოები არ ჩანან. დააკვირდით, მათი კამათი და მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ არ გვიხილავს - ეს არის ერთიანი სეგმენტი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხედვით. ეს უკონკურენციობა გამოვლინდა სწორედ ცსკ-ოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისასაც - ანუ ალტერნატიული სამოქალაქო სეგმენტი, რომელიც ალტერნატიულ კანდიდატურას წარუდგენდა პრეზიდენტს, ფაქტობრივად, არ არსებობს. მსგავსი ფაქტები იძლევა იმისი მტკიცების საფუძველს, რომ ამ სექტორში კონკურენცია არ არსებობს.

თუ გავიხსენებთ შევარდნაძის ეპოქის მიწურულს, აშკარაა, რომ წლების მანძილზე ხელისუფლების ცვლილება შეამზადა სწორედ არასამთავრობო სექტორმა, რომელიც მაშინ სულ რამდენიმე მსხვილი ფიგურანტით იყო წარმოდგენილი - ტონის მიმცემები იყვნენ „თავისუფლების ინსტიტუტი“, „მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია“ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, მათთან ერთად ამ კურსს, თუმცა შედარებით ობიექტურად მიჰყვებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ - ამ ყველაფრის საინფორმაციო უზრუნველყოფას ეწეოდა „რუსთავი 2“. ანუ შევარდნაძის ხელისუფლების საფუძვლების მორყევა არის სწორედ არასამთავრობო სექტორის დამსახურება.

მაშინ, როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ, ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ უკვე მომზადებულ, მომწიფებულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ მოვლენათა ეპიცენტრში.

ზუსტად ასეთივე სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ დღეს - ეს არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნიან საკადრო რესურსს მომავალი ცვლილებებისთვის და ალტერნატივა ისევ არ არსებობს. საუბარი არ არის იმაზე, რომ ალტერნატივა ვიღაცამ ხელოვნურად უნდა შექმნას. ეს არის პროცესი, როდესაც ყველა გაშვებულია თავისუფალ ცურვაში და ვინც უკეთეს უნარებს გამოავლენს, მას ექნება მომავალში ხელისუფლებაში მოსვლის რეალური პრეტენზია და შესაბამისი პოტენციალიც.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კარგად ორგანიზებული ჯგუფია, კარგად ორგანიზებული ფინანსებით და თუ არ შეიქმნა პირობები ალტერნატივების გაჩენისთვის, შესაძლოა, ეს ალტერნატივები არ და ვერ გაჩნდეს.

დამერწმუნეთ, ქვეყანაში ნამდვილად არსებობს არანაკლები ინტელექტუალური რესურსი, იგივე ახალგაზრდებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო და ბიზნესწრებში, რომლებიც მაღალი ინტელექტუალური პოტენციალით გამოირჩევიან, მაგრამ მათი სამოქალაქო აქტივაცია არ ხდება.

სწორედ ამიტომ ვამბობ, იგივე წრეზე რომ არ წავიდეთ, ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებამ ეგებ ამ პროცესს დაუდოს სათავე. იგივე სახეების, ტექნოლოგიების და მანიპულაციების ტყვეობისგან რომ გათავისუფლდეს ეს საზოგადოება.

უნდა შეიქმნას ნიადაგი იმისათვის, რომ სწორედ ამ ადამიანებს, რომლებსაც გაცილებით მაღალი კვალიფიკაცია გააჩნიათ, თუნდაც იმის გამო, რომ პოლიტიკურ მანიპულაციებში არ დაუკარგავთ დრო, სხვა პერსპექტივები გაუჩნდეთ. მათ შემოდინებას სამოქალაქო სექტორში, მათ გააქტიურებას სასიციოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუ გვინდა, რეალური ცვლილებები განვახორციელოთ სამოქალაქო თუ პოლიტიკური სპექტრის განახლების თვალსაზრისით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაში მივალთ კონდიციამდე, როდესაც ერთი და იგივე წრეზე წავალთ - დღეს არც ერთ სხვა პოლიუტიკურ ძალას არანაირი საკადრო რესურსი არ გააჩნია.

ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ხდება უახლოეს მომავალში, რა პოლიტიკური ველი გვრჩება ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემთხვევაში. შეძლებენ თუ არა პოლიტიკურად აქტიური ძალები ქვეყნის მართვას, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ...

- დღეს ის რეალობა გვაქვს, როდესაც ხელისუფლებაში თანაბარი პოლიტიკური ძალის პარტიები არიან წარმოდგენილნი. ფაქტობრივად, კოალიციური მთავრობა გვაქვს. სტაბილურობის გარანტიასაც სწორედ ეს იძლევა - არ გვაქვს ერთი მონსტრი პარტია, რომელიც საკუთარი თავის გარშემო მოირგებდა პოლიტიკურ სიტუაციას. უნდათ თუ არა, იმისათვის, რომ სახელისუფლებო სეგმენტი შეინარჩუნონ, ამ პატარა პარტიებს მოუწევთ თანამშრომლობა.

არ ვამბობ, რომ ეს დარჩება აუცილებლად დღევანდელი ფორმატით, შესაძლოა, შეიქმნას სრულიად სხვაგვარი ბლოკები და კოალიციები, რასაც მოჰყვება გადანაწილებები ხელისუფლებაში, რამაც შეასაძლოა, გარკვეული საზოგადოებრივი მღელვარებებიც კი გამოიწვიოს, მაგრამ განსაკუთრებულ რისკებს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ვერ ვხედავ თუ გამოვრიცხავთ მთავარ რისკს რუსეთიდან.

კიდევ ერთი მომენტი მეჩვენება რისკფაქტორად - ეს შეიძლება იყოს მაღალი პროცენტით მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძის გასვლა.

რას გულისხმობთ?

- თუკი ბურჯანაძემ დიდი პროცენტით მოიგო მეორე ადგილი, ასეთ შემთხვევაში მის გარშემო მოხდება ბევრი ინტერესთა ჯგუფის გაერთიანება, რაც მას საშუალებას მისცემს, ამტკიცოს რიგგარეშე საპარტლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

მაგრამ მთავარი, რისთვისაც უნდა ემზადებოდეს ხელისუფლება და მასში შემავალი ცალკეული ჯგუფები, ასევე ოპოზიციაც და ვფიქრობ, ემზადებიან კიდეც, ვინც სხვებთან შედარებით ცოტა უფრო შორსმჭვრეტელია, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

როდესაც დეჟავუზე ვსაუბრობდი, იმასაც ვგულისხმობდი, რომ ახლოვდება თბილისის მერის არჩევნები და ისევე, როგორც თავის დროზე მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ გასვლა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მერის ფიგურა უახლოესი წლების პოლიტიკური გადალაგებებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვინ გახდება თბილისის მერი, რადგან ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს, ხოლო თბილისის მერს საკმაოდ მაღალი უფლებამოსილებები გააჩნია თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით ისევ ოპოზიციის მანტია მოირგოს და ამითი გადადგას უკვე სერიოზული ნაბიჯი უკვე მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, იქცეს მომხიბვლელ ლიდერად.

ამ თვალსაზრისით, მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეორე ადგილზე გასულ საპრზიდენტო კანდიდატსაც. ყველაზე დიდი ამბიციები შეიძლება სწორედ მას გაუჩნდეს ამ ადგილზე საბრძოლველად. გარდა ამისა, მოხდება, ალბათ, სხვა გადანაცვლებებიც იგივე კოალიციის შიგნით.

მათ დაშლას გულისხმობთ?

- მთავარი ფაქტორი, რაც კოალიციის შიგნით სტაბილურიბის უზრუნველყოფის საფუძველი შეიძლება გახდეს, არის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, იმიტომ, რომ იდეურად „რესპუბლიკური პარტია“ გაცილებით ახლოს დგას იგივე იმ არასამთავრობო სექტორთან, რომელზეც ვსაუბრობდით. თავისი პროდასავლური კურსით და ლიბერალური შეხედულებებით „ნაციონლური მოძრაობის“ არასამთავრობო სექტორში გადანაცვლებულ სახეებთან, უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე იმ კოალიციის წევრებთან, რომელთან ერთადაც დღეს იმყოფებიან.

იმისათვის, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნება, მას აწყობს სწორედ დღევანდელი სტატუს-ქვოს შენარჩუნება.

აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს იმაზე, დაიშლება კოალიცია თუ შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას. თუმცა, არის ის ვერსიაც, რომ კოალიციის დაშლის შემთხვევაში, ყველაზე დიდი ფრაქცია შეიძლება იყოს იგივე „ნაცმოძრაობა“.

ამ გადასახედიდან ბევრ ვერსიაზე შეიძლება საუბარი, თუმცა ვფიქრობ, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება და მეორე ადგილზე გასული ფიგურა არ გამოიკვეთება, ყველა ამ ვერსიის არსებობას ნაკლები საფუძველი აქვს.

ნაციონალების მეორე ადგილი რა საფრთხეს შეიცავს?

- ამ კითხვას ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე. დღეს თუკი ვინმეს შეიძლება საკადრო რესურსის იმედი ჰქონდეს, ეს არის სწორედ სახეცვლილი „ნაციონალური მოძრაობა“ და დარწმუნებული ვარ, დღეს არასამთავრობო სექტორში გადანაცვლებული ნაციონალებიც არ ისურვებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას ნაციონალების ეგიდით.

მაგრამ იდეა და სულისკვეთება იქნება იგივე, არ ვგულისხმობ მაინც და მაინც ავტორიტარულ მეთოდებს, ვგულისხმობ მკვეთრად პროდასავლურ და მკვეთრად ლიბერალურ-ლიბერტარიანული ღირებულებების ერთგულებას.

თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მეორე ადგილზე გავა, რისი ალბათობაც მინიმალურია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი დროში მოიგებენ და გაცილებით მალე შეძლებენ რეინკარნაციას.

თუმცა იგივე ნინო ბურჯანაძის მეორე ადგილზე გასვლაც შეიძლება გახდეს ამ პროდასავლური ლიბერალური ძალების სერიოზული მუხტი, რადგან საერთო საფრთხის წინაამდეგ გაერთიანებაც არანაკლები სტიმულია, ვიდრე მეორე ადგილის მოპოვება, შეიძლება, მეტიც კი.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - როგორ ემზადებიან ისინი ხელისუფლებაზე შტურმისთვის. ეს დღეს ასე თვალსაჩინოდ არ ჩანს, რადგან თვლიან, რომ დღეს ამისი დრო არ არის - შექმნილია ძალიან საინტერესო ორი ახალი საიტი, რომელიც აღნუსხავს ხელისუფლების დაპირებებს. ერთი „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებას აკონტროლებს, მეორე - საპარლამენტო დეპუტაციის სიმართლის და კომპეტენტურობის ხარისხს განსაზღვრავს. ამ ეტაპზე, შესაძლოა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია ამ საიტების მოქმედების ძალა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც როცა ამოქმედდება, შედეგები იქნება საკმაოდ მძიმე. თუ მას სატელევიზიო ვერსიასაც მიაბამენ, თუნდაც ხუთწუთიანს, უნდა ვიფიქროთ, რომ მძიმე კალიბრის არტილერია იქნება მიმართული ხელისუფლებისკენ.

სად არის ალტერნატივა, მხოლოდ პოლიტიკურად მომზადებულ საზოგადოებრივ სექტორში?

- ფაქტობრივად, ბრძოლა მიდის ამ არასამთავრობო სექტორში. მთავარი და ერთადერთი წონადი კრიტიკოსის როლის ათვისებას ცდილობენ დღეს ეს არასამთავრობოები, რითაც საკუთარ უალტერნატივობას უყრიან საფუძველს.

ძალზე მნიშვნელოვანია ვის დატოვებს ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრად. სახელისუფლებო წრეებიდან ვერსიებიც კი არ გამოსულა მომავალი პრემიერის სავარაუდო კანდიდატების შესახებ. თქვენ თუ მოიაზრებთ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც პრემიერის მოვალეობის შესრულებას შეძლებს?

- გააჩნია რა ფუნქციას დავაკისრებთ პრემიერ-მინისტრს. დღევანდელი კონსტიტუციით ის არის არა მხოლოდ მენეჯერი, არამედ პოლიტიკური ფუნქციის მატარებელიც. აქედან გამომდინარე, მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ივანიშვილი დაავალებდა თავის პოსტს „ქართულ ოცნებში“ არ ჩანს.

ყოველ შემთხვევაში, ვინც არის, ამ ეტაპზე პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად ირაკლი ალასანია, მეეჭვება რომ ის პრემიერ-მინისტრად განიხილებოდეს. ვერ გეტყვით, თუმცა ივანიშვილმა მარგველაშვილის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, რომ მან უარი თქვა ქართული საზოგადოებისთვის შეჩვეული, მესიანისტური ლიდერის შეთავაზებაზე.

შესაძლოა, ამავე გზას მისდიოს პრემიერის კანდიდატის წამოყენების დროსაც. პრინციპში, მას სხვა გამოსავალი არც რჩება - არენაზე პოპულისტური და მესიანისტური თვისებების ლიდერი არც ჩანს.

თუ საზოგადოებამ შევძელით და ჩვენი განვითარების ახალი ეტაპი წარმატებით დავძლიეთ, ჩავთვლი, რომ ეს არის უდიდესი წვლილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში - ანუ რეალურად, სხვა ტიპის მმართველობას გვთავაზობენ, არა მესიანისტურ ლიდერებსა და მონსტრ პარტიებს, არამედ რამდენიმე თანაბარი სიძლიერის პოლიტიკურმა ძალამ და ლიდერმა უნდა მონახოს საერთო ენა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.

ვნახოთ, როგორ დაძლევს ამ ტესტს საზოგადოება. თუ დავძლიეთ, მაშინ ავტორიტარული ხაზი კარგახნით უნდა დავივიწყოთ, თუ პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ ვერ შეძლო პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა და სტაბილურობის შექმნა, მაშინ საზოგადოებაში შეიძლება, ახალი ძალით იფეთქოს ავტორიტარული ლიდერის მოთხოვნილებამ. ასეთ შემთხვევში როგორი მანიპულაციების მსხვერპლი გახდება ეს საზოგადოება და ვინ შეიძლება ახალ მესიად მოევლინოს მას, ამ გადასახედიდან ძნელი სათქმელია.