ოკუპაციიდან ანექსიამდე

ოკუპაციიდან ანექსიამდე

ოსი სეპარატისტები რუსეთის ფედერაციის სატელეფონო კოდს დროებით, უსასყიდლოდ მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მედვედევის განკარგულებაში ნათქვამია, რომ, შეთანხმების პროექტის მიხედვით, საერთაშორისო კოდის გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ ნუმერაციის რესურსის დროებით სარგებლობის პირობებით. რუსეთის კოდით ე.წ. სამხრეთ ოსეთი ისარგებლებს მანამდე, სანამ საერთაშორისო „სოიუზ ელექტროსვიაზი“ გადაწყვეტილებას არ მიიღებს მისთვის ცალკე საერთაშორისო კოდის მინიჭების შესახებ.

საზოგადოებისთვის ისიც ცნობილია, რომ აფხაზი სეპარატისტები რუსეთის მიერ მინიჭებული სატელეფონო კოდით უკვე 2010 წლიდან სარგებლობენ. ამჯერად ცხინვალის რეგიონისთვის ამ კოდის მინიჭებით კიდევ რა სიურპრიზებს გვიმზადებს რუსეთი?! ამ თემაზე For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი ცნო, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან და გააფორმა შესაბამისი სამართლებრივი ხელშეკრულებები. ეს  ხელშეკრულებები მოიცავდა მთელ სპექტრს, მათ შორის, - საზღვრის დაცვას, თავდაცვის საკითხებს, სოციალურ გარანტიებს და ა.შ. ამდენად, როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონისთვის სატელეფონო კოდის მინიჭებაც რეგულირდება სპეციალური ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება დაიდოს სეპარატისტული ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებსა და რუსეთის ფედერალურ უწყებებს შორის.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთი უკვე ღიად ახორციელებს ამ ტერიტორიების ანექსიას. ერთია ოკუპაცია, მეორეა-ანექსია. ამის ნიშნებია ისიც, რომ სეპარატისტულ რეგიონებში რუსული რუბლის ფულის ერთეული ტრიალებს. მეტიც, აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი - ანქვაბი არ გამორიცხავდა, აფხაზეთი შესულიყო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ასოცირებული წევრი.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, მის ზემოთ ჩრდილო ოსეთი -ალანიაა და კოკოითი ერთადერთი არ არის, ვინც  აცხადებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ე.წ. სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის სტატუსი ექნება. ეს კი, ექსპერტის აზრით, ანექსიის აშკარა ტენდენციაა.   

თუ რა შეგვიძლია, დავუპირისპიროთ რუსეთის ქმედებებს, ამის შესახებ ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ გაეროს წევრებისთვის არსებობს ფოსტისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზირებული საერთაშორისო ორგანიზაცია და შესაძლოა, ეს საკითხი ქართულმა მხარემ გაახმიანოს ამ ორგანიზაციის წინაშე. მით უფრო, რომ გაეროს სპეციალიზირებული საერთაშორისო ორგანიზაციები არ ცნობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტს და მხოლოდ გარკვეული სუბიექტების დონეზე წყდება ეს საკითხი, როგორიცაა ნიკარაგუა, ვენესუელა, ჰამასი. ამიტომ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ჭრილშია ეს საკითხი წარმოსაჩენი.

„ანექსია გაცილებით საშიში და რთული მოვლენაა და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ვიდრე ტერიტორიის ოკუპაცია და იქ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უკანონოდ ყოფნა. სხვათა შორის, ომამდეც იყო ასეთი ტენდენცია, რომ რუსული კოდით ხდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების დაკავშირება სხვა სახელწიფოებთან, მაგრამ ამან უკვე მიიღო სამართლებრივი და კონკრეტული გამოხატულება. ყველაფერი მზადდება, რომ არა მარტო ამ რეგიონების ანექსია მოხდეს, არამედ საერთაშორისო აღიარების პროცესიც დაიწყოს. თუკი ამ საქმეში უკვე „სოიუზ ელექტროსვიაზი“ ჩაერთვება და აფხაზეთსა და ცხინვალს მისცემს ცალკე საერთაშორისო კოდს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უკვე იწყებს აღიარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზეც და ლობირებს ამ საკითხს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.  

ექსპერტი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ რუსები აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობებს იყენებენ, რათა შელახონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს კი მიზანმიმართულად ხდება, დაწყებული მავთულხლართების გავლებიდან. ელენე ხოშტარიას აზრით, რაც მეტ საშუალებას მივცემთ რუსეთს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვის, მით უფრო მეტი ფაქტი დაფიქსირდება.

„დიდი ხანია, რუსეთი დაკავებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფით. როცა ასეთი რამ ხდება და შენი რეაქციაა, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, ასეთ შედეგს მივიღებთ. სწორედ ასეთი იყო რეაქცია მავთულხლართებთან მიმართებით. გარანტია, რომ შენ მოაგვარებ ამ პრობლემას არ არსებობს, მაგრამ, თუ შენ არ გექნება მწყობრი საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ზეწოლას რუსეთზე, მაშინ კიდევ უფრო მეტს უნდა ელოდო და რუსეთს კიდევ უფრო მეტი გაუვა, ვიდრე გასდიოდა“, - მიიჩნევს ელენე ხოშტარია.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსპიკერი ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წლის წლის აპრილში ქართულმა მხარემ მიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, რომელიც გეოგრაფიულ კოდებს ქვეყნების მიხედვით ანაწილებს და ყოველწლიურად აქვეყნებს ბიულეტენს მსოფლიო ქვეყნების გეოგრაფიული კოდების შესახებ და მას აცნობა, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენელი ნაწილია. კომისიამ მიაღწია იმას, რომ დღესაც მათ ბიულეტენში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარებულია საქართველოს ტერიტორიად და ოფიციალურად ამ ტერიტორიებზე გაწერილია საქართველოს კოდი. ამ ეტაპზე ტექნიკურად სხვა უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია. იმის გამო, რომ ქართული მხარის იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე არ ხორციელდება, ჩვენი სპეციალისტები ადგილზე ვერ ჩადიან და სამუშაოებს ვერ ახორციელებენ, რომ ტექნიკურად კავშირი აღდგეს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციის სატელეფონო კოდის მინიჭებას, ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხიც კონტროლზეა აყვანილი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურად ამოწმებს, რათა ეს ტერიტორიები მთელი მსოფლიოსთვის ისევ ჩვენს ტერიტორიად იყოს აღიარებული და ვრცელდებოდეს საქართველოში არსებული გეოგრაფიული კოდები.