ფერმერები ხორბლის ძველი მოსავლის ჩაბარებას ითხოვენ, ხოლო წისქვიკომბინატები - ამუშავებას. ორივეს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის იმედი აქვს, რომელმაც სხვადასხვა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს - სუბსიდიით დაწყებული, გადასახადების რეგულირებით დამთავრებული. სწორედ, ამასთან დაკავშირებით იმართება ინტენსიური მოლაპარაკებები სოფლის მუერნეობის სამინისტროში, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს.
საქართველო მხოლოდ ფქვილის იმპორტს ეწევა, რის გამოც ყველა წისქვილკომბინანტი გაჩერებულია. ესაა საკითხი, რის დარეგულირებასაც მეხორბლეები და ფერმერები ითხოვენ. პრობლემასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციას შორის ორი დღის წინ შეხვედრა გაიმართა. ყველა საკითხების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება.
„სახელმწიფო ყოველთვის მხარში უდგას ფერმერებს და ახლაც აქტიურად მუშაობს, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია შეუფერხებლად მოახერხონ. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ მარცვლეულის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი, თუმცა მოსავლის რეალიზატორებს კიდევ ჰქონდათ გაძვირების მოლოდინი, რის გამოც არ გაყიდეს პროდუქცია. დღეს კი, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვი იყო.
ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ახალ მოსავალს და მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეძლონ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავება და სათანადო შემოსავლის მიღება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაცია 15 მაისს შედგა. შეხვედრაში მონაწილე მხარის - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიანიძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში ძველი მოსავლიდან ჯერ კიდევ 20 000 ტონა ხორბალია დასაწყობებული, მაშინ როდესაც ახალი მოსავლის აღება დაახლოებით 25 დღეში დაიწყება. მეხორბლე ფერმერებს კი დარჩენილი მარაგის გაყიდვა დაახლოებით 70-75 თეთრით სურთ.
„დღეს შარშანდელი მოსავლიდან დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალია დარჩენილი. 20-25 დღეში ახალი მოსავლის აღება დაიწყება და ეს საწყობები გასაცლელია. სწორედ ამას შეეხებოდა შეხვედრა. პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავკმაყოფილდებით. მხოლოდ თვითღირებულებაზეა საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, ამ ეტაპზე, სუბსიდირებას, თუმცა ერთ-ერთ კომპონენტად თუ წისქვილკომბინატები და პურის საცხობები ვერ შეთანხმდებიან ფქვილის ფასზე, ესეც რჩება. შარშანდელი მოსავლის რეალიზებას 70-75 თეთრის ფარგლებში ვგეგმავთ. ამასთან, პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს და არც გაძვირდება“, - განაცხადა ბენიანიძემ და დასძინა, რომ მეხორბლეების დარჩენილი ხორბლის მარაგის გაყიდვისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებას 2-3 დღეში ელიან.
„ცალსახა დაპირებაა, რომ ფერმერებს აუცილებლად დაგვეხმარებიან, თუმცა რა მეთოდით - არ ვიცით. საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს, რომ შემდგომ მთავრობის სხდომაზე დოკუმენტალურად დადასტურდეს“, - თქვა ბენიანიძემ.
შარშან იყო მოლოდინი, რომ რუსეთი მცურავ ბაჟს მოხსნიდა, რის შედეგადაც ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგებოდა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი განახლდებოდა და შედეგადაც მთავრობას რაიმე ზომების მიღება არ დასჭირდებოდა. აქამდე ეს იმედი არ გამართლებულა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა ვითარება ამ მხრივაც შეიცვალა.
რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი 17 მაისიდან მორიგ ჯერზე მცირდება და ერთი კვირის წინანდელი 5,3%-იანი კლების შემდეგ უკვე 10,4%-მდე დაიკლებს. გადასახადი ზედიზედ მეექვსე კვირაა, იკლებს.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ხვალიდან 4727.6 რუბლი (59 დოლარი) ხდება, მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე 5279.2 რუბლს (65,5 დოლარს) შეადგენდა.
ასევე, 2,676.2 რუბლიდან 2,117.8 რუბლამდე (33-დან 26 დოლარამდე ) მცირდება ქერის გადასახადი, ხოლო ტონა სიმინდზე ბაჟი 2,523.9 რუბლიდან 2,264.3 რუბლამდე (31-დან 28 დოლარამდე) დაიკლებს.
ახალი საექსპორტო გადასახადები 23 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.