ივანიშვილის ზებრა, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში „პალაჟენიის“ გარღვევა

ივანიშვილის ზებრა, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში „პალაჟენიის“ გარღვევა

„ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი, რომ ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას“, - ეს სააკაშვილის სიტყვებია.

პრეზიდენტის თქმით, სანამ იგი ცოცხალია და, სანამ გარეთაა, არცერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც უსიტყვოდ ასრულებდა რუსეთის მითითებას.

სააკაშვილი იმასაც იხსენებს, რომ პუტინს არაერთხელ უთქვამს, სააკაშვილი მკვდარიაო. მეტიც, მისი თქმით, მედვედევსა და პუტინს გაუხარდებათ, თუ სააკაშვილს ვინმე დააპატიმრებს. ეს იმიტომ, რომ, სანამ სააკაშვილი დადის თავისუფალი და ცოცხალი, პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ ე.წ „პალაჟენიას“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მეტიც, ჩამოიშალა ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ, რადგან დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთმა ლიდერმა გაბედა და მას არ დაუხარა თავი.

„საუბრობენ ჩემი დაპატიმრების შესახებ. ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული გეგმით, მისი დაკავება შეთხზული კორუფციის ბრალდებით აქვს დაგემილი.

სააკაშვილის ეჭვების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ, თუ სააკაშვილს აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე, ნაკლებად უნდა მოუსმინოს პუტინს და მეტად - ქართველ ხალხს.

For.ge დაინტერესდა, გამოცემა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მისი შესაძლო დაპატიმრების საკითხზე მაინცდამაინც ახლა რატომ ისაუბრა. ხომ არ აქვს მას კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ, რადგან აქამდე იგი დელიკატურად გვერდს უვლიდა მისი შესაძლო დაპატიმრების თემას. ასევე, დავინტერესდით, როგორ განსჯიდა სააკაშვილს ისტორია და არა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, - „რომელიმე ზოოპარკის დირექტორი“.

ამისთვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვესაუბრეთ.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის თქმით, ისტორია განსჯის და თავის ადგილს მიუჩენს ყველა სახელმწიფო მოღვაწეს. მით უმეტეს, ქართველებს ისტორიაში გვყავს მეფეები, რომლებსაც სხვადასხვა ეპითეტები აქვთ მიკუთვნებული: ზოგი არის დიდი, ზოგი - ბრწყინვალე, არის მეფეთა შორის წარჩინებული და სხვა. თუმცა გვხვდება უარყოფითი შეფასებებიც, მაგალითად, ავგიორგი, რომელმაც თავისი მამა და ძმა მოკლა და ისე ჩაიგდო სამეფო ტახტი, არის ჩალა-მეფეც - აფხაზთა მეფე (დემეტრეს ძმა, ბაგრატ მესამის ძე). ასე რომ, გიორგი ოთხმეზური ვარაუდობს, რომ სააკაშვილსაც მიუჩენენ თავის ადგილს და ის ისტორიაში შევა ავმიშას სახელით.

„თავის თავს ხშირად აღმაშენებელს ადარებს, მაგრამ დაღმამშენებლის და დამაქცევარის სახელით აუცილებლად შევა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ცხრაწლიანმა მმართველობამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანა, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა დააკანონა ეს დაკარგული ტერიტორიები, მის დროს მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული მიწები უცხოელებზე იყიდებოდა. სააკაშვილს ახლა იმის ეშინია, რომ არაერთი უკანონობა, პიროვნების უფლების დარღვევა, ციხეებში ძალადობა მოეკითხება“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.

მანვე განმარტა, რომ ყველაფერი ზემოდან მოდიოდა, ნულოვანი ტოლერანტობის ეგიდით, და ეს დაშვებული იყო სწორედ სააკაშვილისგან. რაც შეეხება დასავლეთს და მათ მიერ სააკაშვილის მფარველობას, ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთშიც იცვლება ადმინისტრაციები და უკვე ნაკლებად იქნებიან მისი პიროვნებით დაინტერესებულნი. შესაბამისად, უტყუარი ფაქტები დაიდება მისი საქმიანობისა და მისგან დაშვებული ელიტარული კორუფციის შესახებ.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ დამნაშავის ფსიქოლოგია ასეთია, ქვეცნობიერად ის საკუთარ დანაშაულს ამჟღავნებს. სააკაშვილიც ამ კატეგორიის ადამიანია და სწორედ ამიტომ გაავლო ბიძინა ივანიშვილის ზებრასთან პარალელები. ამით იგი ცდილობს, პრევენცია მოახდინოს და უცხოელი თუ ადგილობრივი საზოგადოება შეაგუოს იმ აზრს, რომ, როდესაც დაიჭერენ, ამის მიზეზი მისი დანაშაული კი არა, არამედ - პოლიტიკური მოტივები ყოფილა.

„თურმე პუტინის სურვილია ასეთი. სურს, თავი თავდადებულად წარმოაჩინოს, რომ მტრის ზრახვებს შესწირვია. ყველაზე საინტერესო მის განცხადებაში ის იყო, რაც მან მოტივად დაასახელა, თუ რატომ უნდა პუტინს მისი დასჯა, დაჭერა ან მოკვლა. კერძოდ, მისი წინააღმდეგობის შემდეგ პუტინი თურმე პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენას ვერ აღადგენს და სააკაშვილი მთელი პოსტსაბჭოთა ლიდერების მაგალითი ყოფილა. სინამდვილეში, ეს ყველაფრის თავდაყირა გადატრიალებაა. პრეზიდენტის ლოგიკას რომ მივყვეთ, მთელი პოსტსაბჭოთა ლიდერებისთვის სწორედ სააკაშვილია იმის მაგალითი, რომ, თუ პუტინს წინააღმდეგობას გაუწევ, წაგართმევენ ტერიტორიების 20%-ს და შენს ხელისუფლებას ხალხი გადაირჩევს. სააკაშვილი მრუდე სარკეში ხედავს მოვლენებს და მისი მსჯელობა სრული ალოგიზმია. მას ჰგონია, გაიმარჯვა ამ ომში, თუმცა ის დღეს პოლიტიკური გვამია, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

მან აქვე დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება, სააკაშვილი დაიჭირონ. ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი ხასიათის უამრავი დანაშაულია - ტერიტორიის ერთი მეხუთედის დაკარგვა, ქუჩებში ჩახოცილი ახალგაზრდები, ასეულობით გასამართლებული პირები, პატიმრების წამების ფაქტები და სხვა.

ამასთან, გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, პირადად სააკაშვილი არ აწამებდა ხალხს, მაგრამ უშუალოდ არც პინოჩეტი აწამებდა ვინმეს, არც ჰიტლერი და არც - ნიკარაგუელი დიქტატორი სომოსა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა იწურება და იგი გრძნობს, რომ პოლიტიკურად ვერ იქნება ისეთი გავლენიანი დასავლეთისთვის, როგორც ახლა არის, პრეზიდენტის რანგში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სულ სხვა არის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და სულ სხვა იქნება - ექსპრეზიდენტის შემთხვევაში. ადრე, როდესაც ის თამამი იყო და თვითაღიარებებს აკეთებდა, რომ აფრასიძეების და სხვათა წინააღმდეგ ბრძანება გასცა, მას ჰქონდა იმედი და დამცავი ფარი მისთვის იყო დასავლეთი.

გარდა ამისა, ვახტანგ ძაბირაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის მომგებიანი იყო, თუკი ბიძინა ივანიშვილი ჩაებღაუჭებოდა პრემიერის სავარძელს. თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილი უკვე დარწმუნდა, რომ ივანიშვილისთვის თანამდებობა ტვირთია და ამიტომაც ცდილობს, ეს თანამდებობა მიატოვოს. ამდენად, თუკი პროკურატურა იმ საქმეების წარმოების გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელშიც სააკაშვილი თავად აძლევდა აღიარებით ჩვენებას, ახალ ხელისუფლებას უკვე დასავლეთი ვეღარ შეაჩერებს, რადგან ივანიშვილისთვის პრობლემა არ იქნება პრემიერის სავარძლის დატოვება.

„ამის გათვალისწინებით, სააკაშვილისთვის საფრთხე უფრო და უფრო რეალური ხდება. ამიტომაც დაიწყო საუბარი, რომ ის ზებრა არ არის. მისი ადრინდელი სატელევიზიო თვითაღიარებები იურიდიულად არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, ეს შეიძლება გახდეს საქმის ძიების საფუძველი. თუმცა მე ვთვლი, რომ მან ყველაფერი იცოდა, იმავე ციხეებში რაც ხდებოდა, იმავე 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და სხვა დარბევების დროს. აღარაფერს ვამბობ ცხინვალის თემაზე. უამრავი კომპრომატი არსებობს, რომელიც უშუალოდ მას უკავშირდება. სხვათა შორის, დღესაც იგი აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს ადიგენში მომხდართან დაკავშირებით. საერთოდ, ნაციონალები ის ხალხია, რომლებიც პროვოკაციით მოვიდნენ ხელისუფლებაში და პროვოკაცია მათთვის დღემდე ჩვეული ამბავია“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პუტინი სააკაშვილის დასჯას რომ ფიქრობდა, ეს ახალი არ არის. მეტიც, პუტინის სიტყვები საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ აპირებდა ის სააკაშვილის დასჯას. ამდენად, დავით დარჩიაშვილის აზრით, ახლაც პუტინის მსგავსი ტექსტები ვრცელდება უმრავლესობის წევრებისა და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან.

გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც აღიარებით ჩვენებებად მიაჩნიათ პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლები, დავით დარჩიაშვილი ურჩევს, ბოლომდე თქვან, სინამდვილეში, რას აცხადებდა სააკაშვილი. კერძოდ, დავით დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტი მოითხოვდა ნულოვან ტოლერანტობას კრიმინალის მიმართ. ეს კი აღიარებითი ჩვენება და უკანონობა სულაც არ არის.

„თუ ვიღაც ამ კრიმინალთან ბრძოლის შემდეგ ჩაიდენს დანაშაულს, ეს უკვე გამოძიების საქმეა და დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მისცენ. რა შუაშია აქ პრეზიდენტი, რომელიც იტყვის, რომ ის კრიმინალთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობის მომხრეა?! მე მგონი, უმრავლესობის წარმომადგენლებისა და ივანიშვილის მხრიდან ბოლოდროინდელი განცხადებები გახდა პრეზიდენტის ამ განცხადების საფუძველი. შესაძლოა, იგი არ გამორიცხავს, რომ მისი დაჭერის გეგმას განიხილავენ“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.