საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი აეროპორტის აშენებას აპირებს. საკითხი გადაწვეტილია და მთავრობის წევრები უკვე გეგმებზეც თამამად საუბრობენ. ახალი აერპორტი რომ აუცილებელია ამაზე ყველა საურობს. თბილისის მთავარ საჰაერო ლოკაციას განვითარების პერსპექტივა უკვე ნაკლებად აქვს.
კონკრეტულ ინფორმაცია მინისტრების დონეზე ვრცელდება. მაგალითად, ფინანსთა მინისტრი პროექტის მნიშვნელობას იმით ხსნის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება და აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს.
ჯერჯერობით თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რადგან ამას „ტავ ურბანთან“ არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება აკრძალულია, ხოლო ხელშეკრულება კი 2027 წლამდეა ძალაში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ახალი დიდი პროექტისთვის შესაბამისი სახსრების გათვალისწინება, არც წლევანდელ და არც 2024 წლის ბიუჯეტში არ მოხდება.
„წელს და არც მომავალ წელს, დიდი ალბათობით, არ იქნება დაწყებული კონკრეტული სამშენებლო სამუშაო, თუმცა კვლევები და შესაბამისი საჭიროებები განისაზღვროს წელს და მომდევნო წელს და ამის შემდეგ ვისაუბროთ. ის, რომ საქართველოს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, ეს ფაქტია და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს. აეროპორტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და არა კონკრეტული კომპანიის მომგებიანობაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ეკონომიკის მინისტრი კი პირდაპირ ადასტურებს, რომ თბილისთან ახალ აეროპორტს სახელმწიფო ააშენებს, შემდეგ კი ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით გამოცდილი ოპერატორი კომპანია შეირჩევა, რომელიც შეიძლება თბილისისა და ბათუმის დღევანდელი ოპერატორი „ტავ ჯორჯია“ ან სხვა კომპანია იყოს. ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია და „აეროპორტების გაერთიანებამ“ ახალი ლოკაციის შესწავლა უკვე დაიწყო.
„ის ამბიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ აეროპორტებს გააჩნია. ჩვენი გათვლები შემდეგ 10 წელიწადში 10 მლნ მგზავრზე მეტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება აეროპორტების განვითარების დაგეგმვა და ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმა 2050 წლამდე ხედვაა, მათ შორის თბილისის აეროპორტის განვითარებით.
დეტალური შესწავლის შემდეგ დავინახეთ, რომ არსებული აერპორტი ვერ უპასუხებს განვითარების მასშტაბებს, ამიტომ ახალი ლოკაციის შესწავლა დავიწყეთ. აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა ახალი ლოკაციის დეტალურ შესწავლაზე, მათ შორის ნავიგაციის კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ისიც თქვა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობას სახელმწიფო თავად გეგმავს. რაც შეეხება ოპერატორ კომპანიას, იგი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეირჩევა.
„ეს არ არის მარტივი და ერთდღიანი პროცესი. იცით, რომ „ტავ“-თან შეთანხმება გვაქვს 2026 წლის ბოლომდე. 2027 წლის დასაწყისში თბილისსა და ბათუმში მთავრდება ხელშეკრულებები. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ თავად განავითაროს აეროპორტი და ეს, ალბათ, არის სწორი, პრაგმატული მიდგომა, როგორც აეროპორტების ისე სხვა მიმართულებით. ეს არ გამორიცხავს, რომ ოპერირების ნაწილში ჩვენ გვყავდეს პროფესიონალი კომპანიები, შეიძლება იყოს „ტავ“-იც ან სხვა, რომელიც ღია კონკურენციის პირობებში შეირჩევა“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ დავითაშვილმა.
სპეციალისტებმა კი იმ ტეროტორიებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც ახალი აეროპორტი შეიძლება აშენდეს. ასეთი უშუალოდ თბილისშიც არის და ცოტა მოშორებითაც. ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი ადრეც იყო შესწავლილი.
„რამდენიმე ვარიანტია და როგორც მახსოვს, ადრეც იყო ეს საკითხი შესწავლილი. შეგვიძლია ვიფიქროთ ყოფილი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტეროტორიაზე. ასევე, მარნეულისკენ არსებული ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა აეროპორტის აშენება და ამიტომ, შესაძლოა, ეს ვარიანტიც განიხილონ.
პირადად მე ვამჯობინებდი ვაზიანის ტერიტორიას, რომელიც შესწავლილიც არის, გათვლილიც და ზოლიც არსებობს, უბრალოდ, აღდგენა სჭირდება. თბილისის აეროპორტიდან 10-15 კმ-შია და მის ირგვლივ არც ხევია, როგორც თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე, რაც ზღუდავს ასაფრენის ბილიკის სიგრძეს“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.
თბილისი, ბათუმი და შემდეგ რა?
მისტიური ლაზიკა! მატარებელი ახალციხე-სტამბოლი-ევროპა! მართო ეს არის საქართველო?!
დასავლეთ საქართველო იმერეთი, გურია, სამეგრელო საქართველო აღარ არის?!
დასავლეთიდან ხალხი აღმოსავლეთით რომ გაედინება, პოლიტრიკოსებმა თბილისი თავკომბალას რომ დაამსგავსეთ ნორმალური მდგომარეობაა?!
რა ვქნათ?!
გამოვაცხადოთ დასავლეთი ქართველო ფედერალურ რესპუბლიკად, თუ ავტონომიად?!
იფიქრე ამაზე მთავრობავ, მანდამაინც გინდათ ეს წყნარი რეგიონი ააბობოქროთ?!
დაფიქრით?!
ტურიზმი და კარგი ცხოვრება უკან არ დაგრჩეთ!...