„მიზეზი ის იარაღია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ე.წ. საყოველთაო რეზერვის შექმნის პარალელურად დარიგდა“

„მიზეზი ის იარაღია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ე.წ. საყოველთაო რეზერვის შექმნის პარალელურად დარიგდა“

უკონტროლო იარაღი - for.ge-ს ინფორმაციით, ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც, თბილისის ცენტარლურ ქუჩებში პოლიციელთა მხრიდან, მოქალაქეთა მასობრივი შემოწმების ფაქტი დაიწყო. ე.წ. პრევენციული ღონისძიება, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდება. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიცია მოტივირებულია დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

არ არის გამორიცხული ე.წ. პრევენციული ღონისძიება დასავლეთ საქართველოშიც დაიწყოს. For.ge-სთან საუბრისას დასავლეთ საქართველოს დაცვის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გაფრთხილება მათ უკვე მიიღეს შსს-დან. მისივე განცხადებით, მიზეზი სწორედ ის იარაღია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ე.წ. საყოველთაო რეზერვის შექმნის პარალელურად დარიგდა.

„ეს არის პრევენცია, რათა წინასაარჩევნოდ გამოირიცხოვს ყველგვარი ინციდენტები და პროვოკაციები“, - ამბობს ის.

შსს-ში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

საპრალამენტო არჩევნების წინ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრძანებით ე.წ. საყოველთაო რეზერვი შეიქმნა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 500 კაცს აღწევდა, მოხდა მათი შეიარაღება, მეტიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მათთვის სახლებიც იქირავა. თუმცა მაშ შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. რეზერვში თავმოყრილი იყვნენ წარსულში ნასამართლევი ადამიანები, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და ეს დაჯგუფება სამეგრელოს ტყეში გაიფანტა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილ ხელისუფლებას ეს დაჯგუფებები დესტაბილიზაციისთვის სჭირდებოდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები იქნა აღმოჩენილი.

სამალავებში აღმოჩენილი იქნა ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“.

შესაბამისად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღის ასეთი სამალავები, შესაძლოა, სამეგრელოში კიდევ იყოს. მითუმეტეს, რომ ამ დრომდე უცნობია სად წავიდა ის იარაღი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ე.წ. რეზერვისტებს გადასცა.

პრევენციული ღონისძიება - ასეც ხსნის შსს თბილისის ცენტარლურ ქუჩებში პოლიციელთა მხრიდან, მოქალაქეთა მასობრივი შემოწმების ფაქტს. ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. შსს-ში ადასტურებენ, რომ რამდენიმედღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან. პოლიცია მოტივირებულია 24-საათიან რეჟიმში დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია შსს განცხადებაში. 
ამის მიუხედავად, ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და ჩხრეკის გამო მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ. „მანქანით ვმოძრაობდით საბურთალოს ქუჩაზე, მოძრაობის წესი არ დამირღვევია, მაგრამ ამის მიუხედავად პოლიციამ გაგვაჩერა, მოგვთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, შეგვიმოწმა ჯიბეები, მათ შორის ჩანთები, მანქანის საბარგული. როდესაც ვკითხეთ შემოწმების მიზეზი, არაფერი გვითხრეს“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შსს-ს მიერ თბილისში მიმდინარე ე.წ. პრევენციული ღონისძიებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის განცხადებით აუცილებელი იყო ამ პრევენციული ღონიძიების ჩატარება.

„შს სამინისტრომ მოიხადა ბოდიში იმ ღონისძიებაზე, რამაც ჩვენს მოქალაქეებს უხერხულობა შეუქმნა, არავინ არ უარყოფს იმას, რომ დიახ, ამ რეიდებმა ჩვენს თანამოქალაქეებს ბევრი უხერხულობა შეუქმნა. შესაბამისი უწყება თვლის, რომ ეს აუცილებელი იყო დანაშაულთან ბრძოლისათვის და მე არაფერი დამრჩენია თუ არა ის, რომ ვირწმუნო ეს და პირიქით, რაც ჩემს ხელთ არის იმ ბერკეტებით ხელი შევუწყო დანაშაულთან ბრძოლას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა და ზოგადად, სამართალდარღვევათა პრევენცია ან გამოვლენა წარმოადგენს პოლიციის ერთ-ერთ უმთავრეს კომპეტენციას. სწორედ ამ მიზნით, პოლიციის უფლებამოსილება განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ნებისმიერ სახელისუფლებლო უწყებას ეკრძალება ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელსაც კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

სახალხო დამცველის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ჩხრეკის უფლებას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი. 

„რაც შეეხება საპოლიციო რეიდებს, მათი განხორციელების შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა ადგენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პერიოდში. პოლიცია უფლებამოსილია შეაჩეროს მოქალაქეები, როცა სახეზეა დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვი და თუკი სამართალდამცავთა უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება, დასაშვებია მათი ზედაპირული შემოწმება“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილმა.

შსს-ს მიერ განხორციელებულ პრევენციული ღონისძიებას, რომლის შედეგად უკვე ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი, აუციელებლობით ხსნის უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი ანზორ მაისურაძე, რომლის განცხადებით ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა ე.წ. საყოველთაო რეზერვი, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით.

როგორც მაისურაძე ამბობს, არჩევნების შემდეგ რეზერვი დაიშალა, ხოლო იარაღი ოფიციალურად არავის ჩაუბარებია. ის არ გამორიცხავს, რომ ეს უკანონო იარაღი კონცენტრირტებული იყოს როგორც რეგიონებში ასევე თბილისში.

„ეს არის აბსოლუტურად სწორი ღონისძებაა. სამინისტრომ უნდა გაატაროს ასეთი ღონისძიებები, როდესაც მას აქვს ინფორმაცია, რომ უკანონო იარაღი შესაძლოა, მოსახლეობას ჰქონდეს. ეს არის იძულებითი ღონისძიება, მაგარამ ვალდებული არიან გააკეთონ. ჩვენ ხომ ვიცით რა ხდებოდა წინსაარჩევნოდ. შეიქმნა ე.წ. საყოველთაო რეზერვი, მათ გადაეცათ იარაღი, ეს რეზერვი დაიშალა, მაგრამ არ ვიცით სად წავიდა იარაღი.

უკონტროლო იარაღი წარმოადგენს დიდი საშიშროებას. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ამ იარაღის კონცეტრირება მომხდარიყო თბილისში, მე ვთვლი, რომ ასეთი ღონისძება რესპუბლიკის მასშტაბით უნდა იყოს ჩატარებული. რადგან უკონტროლო იარაღი საშიშია. მერწმუნეთ, რომ არ არსებობდეს გარკვეული ოპერეტიული ინფორმაცია, წინასაარჩევნოდ ამ სახის ღონისძიების ჩატარებას არავინ არ დაიწყებდა. უკონტროლოდ გაფანტული იარაღი აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული“, - აცხადებს ანზორ მაისურაძე.

მისივე თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შსს-ს მიერ უკანონოდ ამოღებულ იარაღებში ჭარბობს მაკაროვის სისტემის იარაღი.

„რაც კი მაკაროვის სისტემის იარაღი იყო, ძალიან იაფად მიჰყიდეს თავის თანამშრომლებს. სწორედ ამ იარაღის ამოღება მიმდიანარეობს ახლა, არავინ იცის სად წავიდა ეს იარაღი“, - აღნიშნა ანზორ მაისურაძემ.

სამართლის ექსპერტი, იურისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ შსს-ს ჰქონდეს ოპერატიული ინფორმაცია იარაღის თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთის შემოდინებასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა ამ ფორმით წინასწარი რეაგირება, სანამ კრიმინალის ჩადენამდე მივიდოდა საქმე.

„როგორც ჩანს, არის ინფორმაცია, რომ შემოვიდა რაღაცა, მაგრამ არაა იდენტიფიცირებული სად მოხვდება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ხდება ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით, ხდება ეს ღონისძიება, მითუმეტეს, რომ კონცენტრირებულია ცენტრალური უბნები. მე ველი, რომ შსს-დან მივიღებთ შესაბამის ოფიციალურ ინფორმაციას რას უკავშირდება ეს ღონისძიება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ „პრევენციულ ღონისძიებებს“ შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ რიგითი მოქალაქეების უფლებები ირღვევა, რადგან მათი ჩხრეკა-გაჩერება კანონის უხეში დარღვევით ხდება.

როგორც for.ge ნაციონალმა გივი თარგამაძემ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება „თავხედური“ და „ცინიკურია“.

„მთელი ქალაქი გაღიზიანებულია, ადამიანების შურაცხყოფა მიმდინარეობს. პრევენცია ის არ არის, რომ პოლიციელს მოეხასიათოს, გაგაჩეროს და გაგჩხრიკოს?! ისეთი ანტურაჟის შექმნას ცდილობენ, რომ მოსახლეობაში შიში იყოს და ადამიანებს გარეთ გამოსვლა არ უნდოდეთ.

ძალოვანი უწყებიდან ყველა პროფესიონალი კადრი მოხსნეს, რის გამოც, ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნა. ამ ადამიანებს ინფორმატორები ჰყავდათ და ისინი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებდნენ. დღეს, ოპერატიული ვითარებაზე კონტროლი იმის გამოა დაკარგული, რომ წინასწარი ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება და ვაკუუმის შევსებას ასეთი „სანახაობრივი“ ქმედებებით ცდილობენ. თუ ეს პროცესი არ შეწყდება, ვითარება იქამდე მივა, როცა ჩვენდა სამარცხვინოდ, პოლიციელებს „ძაღლებს“ დაუძახებენ. თუ აწყობილი უწყება ვიღაცის ახირებების გამო, რამდენიმე კვირაში დაინგრევა, ეს კატასტროფული იქნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ობიექტურობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომ „თავხედური“ და „ცინიკურია“, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს განცხადებას აკეთთებს, მაგრამ იგივე ობიექტურობა მოითხოვს, ისიც ითქვას, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებისდმი უხეშად მოპყრობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

როგორ რეაგირებენ მოქალაქეები შსს-ს ღონისძიებაზე, ამასთან დაკავშიირებით, For.ge-მ რამდენიმე პირი ჩაწერა, რომელთა ვინაობასაც მათი სურვილისამებრ არ ვასახელებთ.

ერთ-ერთი მოქალაქე გვიყვება, რომ მეგობართან ერთად, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, პურის საყიდლად მიდიოდა, რა დროსაც, ის საპატრულო პოლიციამ გააჩერა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა. შემდეგ კი, მათ ჯიბეები გაუჩხრიკეს.

„დავინტერესდი თუ რატომ მჩხრეკდა პოლიცია, რაზეც ერთ-ერთმა პირმა მიპასუხა, რომ „საეჭვოდ“ გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, სუფთა ვიყავი და გამიშვეს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი.

ერთ-ერთი ახალგაზრდა კი ორთაჭალაში, ნარკოლოგიური განყოფილების ეზოში მიმდინარე პროცესებზე გვიყვება.

„განყოფილებაში რიგი იყო, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, რამდენიმე პირი ეზოში იცდიდა და თამბაქოსაც ეწეოდა. იქ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიმიყვანა და მათ ჩემთვის სიგარეტის მოწევა არ აუკრძალავთ. პირიქით, გვეხუმრებოდნენ კიდეც. ერთ ბიჭს თამბაქოს მოწევა უნდოდა და აივანზე გამოვიდა, რა დროსაც, მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი მივარდა და მას მოსაცდელში შესვლა მოსთხოვა. ამ ბიჭმა უთხრა, მოვწევ და შემოვალო, რა დროსაც, მას თანამშრომელმა ხელი კრა და შიგნით შეაგდო. ამ ბიჭმა პოლიციელს კამათი დაუწყო, ის კი ბიჭს მივარდა და თავში რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა. ამ ბიჭმა ყვირილი დაუწყო - რა უფლებით მაყენებ შეურაცხყოფას, თამბაქოს სხვებიც ეწევიანო. თანამშრომელმა კი მას ჩხუბი დაუწყო და უყვიროდა დაკავებული ხარ და მანდ „დაეგდეო“. ეს პოლიციელი მას შემდეგ გაჩერდა, რაც მეორემ უთხრა პრობლემები შეგექმნება და სჯობს, გაჩერდეო“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ისნის მეტროს ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთი პირი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთა წევრთა ქმედებებზეც საუბრობს.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პოლიციის განყოფილებების თანამშრომლებისგან განსხვავებით, ჰუმანურად იქცევიან.

„ამ ადამიანებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. დაკავებულებს ეკიპაჟის წევრები ძალიან ნორმალურად, ზრდილობიანად ექცევიან, განსხვავებით, პოლიციის განყოფილებების თანამშრომლებისგან. მათზე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი აგრესიულები და უზრდელები არიან“, - აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცი.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით, For.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. გიორგობიანი აცხადებს, რომ დაზარალებულმა პირებმა გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართონ.

„ამ საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს და პოლიციელის მხრიდან, თუ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, მოქალაქეები 126-ს უნდა დაუკავშირდნენ. მსგავსი ფაქტების შესწავლას ყოველთვის ვახდენთ“, - განუცხადა For.ge-ს გიორგობიანმა.