ქართველმა სამხედროებმა შესაძლოა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა (ვიდეო)

ქართველმა სამხედროებმა შესაძლოა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ შეხვედრა გამართეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან სამშვიდობო ოპერაციების დარგში ედმონდ მულეტთან.

განხილვის მთავარი თემა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების სტატუსი და ამ ოპერაციებში ქართველი სამხედროების ჩართვა იყო. „გაეროს წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული იყო დაინტერესება, რომ ქართული ქვედანაყოფები, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩაერთონ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი მისიის ხელმძღვანელობა გაეროში უკვე დეტალურად განიხილავს მისიის დეტალებს“ - განაცხადა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, ქართული მხარე შესაძლებლობას განიხილავს დამკვირვებლის სტატუსითა და ასეულით გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, აუცილებელია ქართველი სამხედროების შესაბამისი გადამზადება და აღჭურვა. ამ მიზნით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს კონსულტაციები დაიწყოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტთან.

ქართულ ქვედანაყოფებს გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, 2005-2007 წლებში ქართული ბატალიონი აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ერაყში გაეროს მხარდამჭერ მისიაში იყო ჩართული. 550 ქართველი სამხედრო ბაღდადში გაეროს შტაბ-ბინას იცავდა.